Facebook Twitter

ას-1190-1050-2010 29 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. ნ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ნ-იას მიმართ ვალდებულების შესრულების _ 2830 აშშ დოლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 2630 აშშ დოლარი, რაზეც შესდგა ხელწერილი, 2008 წლის 26 იანვარს კი _ დამატებით 200 აშშ დოლარი. მოპასუხემ მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ნ-იას მ. გ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 2630 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელე მ. გ-იანს მოპასუხე დ. ნ-იასათვის პროცენტის სახით 200 აშშ დოლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ფორმის სესხის ხელშეკრულება სარგებლის გათვალისწინებით. მოპასუხის ფულადი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 2630 აშშ დოლარს, საიდანაც 2100 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, ხოლო 530 აშშ დოლარი _ პროცენტი. მოპასუხის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი პირველი ხელწერილი შედგენილია 2005 წლის დეკემბერში, სადაც ეს უკანასკნელი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ვალი შეადგენს 2630 აშშ დოლარს.

2008 წლის 26 იანვრის თარიღით შედგენილია მეორე ხელწერილი სადაც აღნიშნულია, რომ ძირითადი თანხა შეადგენს 2100 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი 530 აშშ დოლარს.

სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე დადგენილად არ ჩათვალა, რომ 2008 წლის 26 იანვარს მოპასუხემ დამატებით იკისრა აღნიშნული თანხიდან ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის პროცენტის სახით გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს ხელწერილის შინაარსიდან. ხელწერილით ირკვევა, რომ ძირითადი ვალი არის 2100 აშშ დოლარი, პროცენტი _ 530 აშშ დოლარი, ამასთან, დ.ნ-ია ვალდებულებას კისრულობს, ყოველთვიურად გადაიხადოს 200 აშშ დოლარი. ხელწერილში ნახსენები არ არის, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს პროცენტს, ამასთან მოპასუხეც უარყოფს პროცენტზე დამატებით შეთანხმებას და ის ადასტურებს მხოლოდ არსებული ვალის ნაწილ-ნაწილ 200-200 აშშ დოლარის ოდენობით დაბრუნების ვალდებულებაზე შეთანხმებას, რაც სასამართლომ მეტად სარწმუნოდ მიიჩნია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ 2008 წელს მხარეები წერილობითი ფორმით დამატებით შეთანხმდნენ პროცენტის გადახდაზეც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დ.ნ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზაირა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ნ-იამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული მოსარჩელის აღიარება მოპასუხის მიერ მისთვის 900 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე. ამდენად, კასატორს დაეკისრა 900 აშშ დოლარით მეტი თანხის გადახდა, ვიდრე მას ეკისრება რეალურად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დ. ნ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ნ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ნ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.