¹ას-1190-1451-09 4 თებერვალი, 2010წ.
ას-1190-1451 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. ე-შვილი, ზ. ი-შვილი (მოსარჩელეები)
დავის საგანი – რწმუნებულების, ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათლად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. ბ-ძემ მოპასუხეების - ვ. ღ-შვილის, ზ. ი-შვილისა და ხ. ი-შვილის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 21 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2008 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მოპასუხე მხარედ ჩააბა თეთრიწყაროს რაიონის ნოტარიუსი თ.გ-ძე, მესამე პირებად ვ. ღ-შვილი და ზ. ი-შვილი, მოთხოვნის არსი დარჩა უცვლელი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წელს განხილულ იქნა ი. ბ-ძის სარჩელი ხ. ი-შვილის მიმართ განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და იზოლირებული ფართის გამოყოფის თაობაზე.
2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი – მოპასუხე ხ.ი-შვილს დაეკისრა შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით, ასევე ი.ბ-ძეს გამოეყო ერთი ოთახი ვ.ღ-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან ურთიერთშეთანხმებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ი.ბ-ძის მიერ. აპელანტმა მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხ.ი-შვილისათვის გაზრდილი ოდენობით ალიმენტის დაკისრება, მოსარჩელისათვის საცხოვრებლად ვარგისი ოთახის გამოყოფა, ამ ოთახის ზუსტი განსაზღვრით და ერთ-ერთი შვილის მკურნალობისათვის საჭირო ხარჯების ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე ხ.ი-შვილს დაეკისრა შვილებისათვის ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 20 ლარის ოდენობით, აგრეთვე არასრულწლოვანი შვილის თ.ი-შვილის მკურნალობისათვის გაღებული ხარჯებიდან წილის – 1000 ლარის გადახდა, ი.ბ-ძეს გამოეყო თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში ვ.ღ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინიდან ორი ოთახი.
2005 წლის 26 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.ღ-შვილმა და მოითხოვა 2002 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ი.ბ-ძეს ვ.ღ-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ფართიდან გამოეყო 2 ოთახი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით ვ.ღ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით ი.ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ი. ბ-ძისათვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ ვ.ღ-შვილის რწმუნებულმა ზ. ეუაშვილმა განახორციელა ჩუქება ვ.ღ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონებისა ამ უკანასკნელის შვილიშვილზე მარიამ ი-შვილზე, რომლის კანონიერი წარმომადგენელიცაა ზ. ი-შვილი. ჩუქების საგნის მახასიათებლები განსაზღვრულია ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტებში და მოიცავს საცხოვრებელი ბინის სამ ოთახს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ვ.ღ-შვილმა აღნიშნული ბინა გაასხვისა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობით და წარმომადგენელის უფლებამოსილება ამ კანონიდან გამომდინარეობს ან წარმოიშობა დავალების საფუძველზე.
მოსარჩელე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 30 აგვისტოს ვ. ღ-შვილსა და ზ. ე-შვილს შორის დადებული გარიგება, როგორც კანონის დარღვევით დადებული, ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, დადებული ზ.ეუაშვილს, როგორც ვ.ღ-შვილის წარმომადგენელსა და ზ.ი-შვილს, როგორც მ.ი-შვილის წარმომადგენელს შორის 2007 წლის 21 სექტემბერს და გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ბ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ი. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ბ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული
პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.