Facebook Twitter

ას-1191-1051-2010 10 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ს. რ.”

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ძე, ნ. მ-შვილი, ქ. მ-ძე, ლ. მ-ძე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-ძემ, ნ. მ-შვილმა, ქ. მ-ძემ და ლ. მ-ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “ს. რ.-ს” მიმართ და მოითხოვეს საგარანტიო წერილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 68 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ქირით ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირვეილ ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 3 მარტის ¹211 განკარგულებით, ა. რ.-ს სამმართველოს, რომლის სამართალმემკვიდრეც არის მოპასუხე, ქ. თბილისში, სამხრეთ ... ქუჩის ¹84-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი. ამავე განკარგულების 3.5. პუნქტის თანახმად, იგი ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა ასაღები მიწის ნაკვეთზე მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრებელი ფართით და ასევე კანონიერი მფლობელებისათვის აენაზღაურებინა შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების ღირებულება. აღნიშნულის საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი ოჯახების აღრიცხვა და 1993 წლის 3 ნოემბერს გაიცა საგარანტიო წერილები, მათ შორის ¹54 საგარანტიო წერილი, რომლითაც მოპასუხემ ივალდებულა იქ მცხოვრებ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დანგრევის სანაცვლოდ, იმავე ადგილზე აშენებულ სახლში ოთხსულიანი ოჯახისათვის 3-ოთახიანი ბინის მიცემა. მოსარჩელეს ამავე საგარანტიო წერილით დაევალა მოპასუხის მოთხოვნისთანავე სასაწრაფოდ გაეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული სახლი. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს, კერძოდ, გაათავისუფლეს შესაბამისი ფართი, რის გამოც განხორციელდა სახლის დემონტაჟი და მოპასუხემ დაიწყო მშენებლობა, რომელიც არ დასრულებულა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეები ითხოვენ მოპასუხისაგან კომპენსაციის თანხის, ასევე ბინის ქირის დაკისრებას, რამეთუ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ისინი იძულებულნი იყვნენ ეცხოვრათ ქირით.

მოპასუხე შპს “ს. რ.-მ” სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ, ვინაიდან საგარანტიო წერილში არ ყოფილა მითითებული მშენებლობის დასრულების ვადა, შესაბამისად, არ გასაზღვრულა ვალდებულების შესრულების დრო, რის გამოც სახეზეა პირობითი გარიგება, რომლის შესრულების პირობაც ჯერ არ დამდგარა. ამასთან, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ შესაბამის საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც საგარანტიო წერილიდან ირკვევა, რომ მათ საცხოვრებელი ფართი უნდა გამოყოფოდათ საკუთრების უფლებით. მოპასუხის განმარტებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა ბინის ქირის ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად მათ შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ., ქ., ლ. მ-ძეებისა და ნ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ს. რ.-ს”, მათ სასარგებლოდ, დაეკისრა 68 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა, სარჩელი, მოპასუხისათვის ბინის ქირის სახით _ 5000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, შპს “ს. რ.-ს” დაეკისრა მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 828,50 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით _ 2800 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. რ.-ს თბილისის ტერიტორიულმა სამმართველომ, ქ. თბილისის მერიის 1993 წლის 3 მარტის ¹211 განკარგულების საფუძველზე, საგარანტიო წერილით ივალდებულება თბილისში, სამხრეთ ... ქუჩაზე ¹84-ში, 97 ბინიანი რ.-ს საუწყებო სახლის ასაშენებლად, აღების ზონაში მოყოლილი მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ, მათივე თანხმობით, საქართველოს ტერიტრიული სამმართველოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის პრეზიდიუმის 1993 წლის 26 ოქტომბრის ერთობლივი დადგენილების საფუძველზე, იმავე ადგილზე აშენებულ სახლში ბინების გამოყოფა. 1993 წლის 3 ნოემბერს მოპასუხე ორგანიზაციამ ქ. თბილისში, სამხრეთ ... ქ. ¹84-ში მრავალბინიანი რ.-ს საუწყებო სახლის ასაშენებლად აღებული საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ, სამოთახიანი ბინის მიღების თაობაზე გ. მ-ძეს (ოთხსულიან ოჯახზე) მისცა საგარანტიო წერილი, რომლითაც მოსარჩელეები ვალდებულებას იღებდნენ, სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ მათ მიერ დაკავებული ბინა.

მოსარჩელეებმა შეასრულეს საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულება და გაათავისუფლეს ნგრევაში მოყოლილი მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართი.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საგარანტიო წერილში მითითებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ დასრულებულა და მშენებლობა შეჩერებულია. შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან, მოსთხოვონ მოპასუხეს საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობით გარიგებას და რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რ.-ს საუწყებო სახლის აშენებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები უფლებამოსილნი იყვნენ, უარი განეცხადებინათ მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე, რასაც უკავშირდებოდა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები. ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მიღებული შესრულებისა და სარგებლის მხარეებისათვის დაბრუნება შეუძლებელი იყო, მოსარჩელეებს უნდა მისცემოდათ ფულადი ანაზღაურება.

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, თბილისში, ... გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში შუა სართულებზე მდებარე სამოთახიანი ბინის (საშუალო რემონტით) საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 2010 წლის აპრილის თვის მდგომარეობით განისაზღვრა 68000 აშშ დოალრის ეკვივალენტი ლარით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს. რ.-ს”, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა საგარანტიო წერილში მითითებული სამოთახიანი ბინის ღირებულების ფულადი კომპენსაცია _ 68000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სასამართლომ არ გაიზიარა და არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა ბინის ქირის დაკისრების ნაწილში და აღნიშნა, რომ, მართალია მათ წარმოადგინეს მტკიცებუელებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 1993-1997 წლებში ცხოვრობდნენ ქირით, მაგრამ არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რა ოდენობის თანხას იხდიდნენ ქირის სახით.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, საქალაქო სასამართლომ, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე, მიიჩნია, რომ შპს “ს. რ.-ს” მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, უნდა დაკისრებოდა 2800 ლარის გადახდა, ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, დააკისრა 828,50 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.-მ”, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მითითებულ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეთა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე, 316-ე, 317-ე, 352-ე, 361-ე, 365-ე, 368-ე, 394-ე, 405-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებილვ აღსრულებასთან დაკავშირებით, სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობით, ვერ დაასაბუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდებოდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.-მ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საგარანტიო წერილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. კერძოდ, ს. რ.-ს ტერიტორიული სამმართველოს უფროსისა და რაიპროფკავშირების თავმჯდომარის თანხმობით გაიცა საგარანტიო წერილები, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა გარანტია იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში, სამხრეთ ... ¹84-ში მშენებარე რ.-ს საუწყებო სახლში გამოეყოფოდათ საცხოვრებელი ფართი. შპს “ს. რ.-ს” მიერ გაცემული საგარანტიო წერილი თავისი ბუნებით წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობით გარიგებას, როდესაც გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე სამომავლო პირობის დადგომაზე. კონკრეტულ შემთხვევაში სამომავლო პირობაა რ.-ს საუწყებო სახლის აშენება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამთავრდება საუწყებო სახლის მშენებლობა, მოსარჩელეებს წარმოეშობათ მოთხოვნის უფლება შპს “ს. რ.-ს” მიმართ საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. საგარანტიო წერილში არ არის მითითებული ვალდებულების შესრულების დრო, თუ როდის დასრულდება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადა. მითითებულ წერილში ნათლადაა აღნიშნული, რომ საცხოვრებელი ფართი მოქალაქეებს გამოეყოფოდათ საკუთრების უფლებით. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რ.-ს საუწყებო სახლის მშენებლობის დაწყებამდე არსებულ სახლზე მოსარჩელეთა საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ... გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში შუა სართულებზე მდებარე სამოთახიანი ბინის საორიენტაციო საბაზრო ღირებულების _ 68000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნა, რომ მითითებული თანხის ოდენობა შეუსაბამო იყო საგარანტიო წერილებში აღნიშნულ ბინის კვადრატულობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6052.63 ლარი) 70% _ 4236.84 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6052.63 ლარი) 70% _ 4236.84 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.