ას-119-117-2011 7 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. გ-იხი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ს. ჩ-ძე, იმერეთის სააღსრულებო ბიურო, შპს “აუდიტ სერვის ცენტრი” (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ გარიგების კანონსაწინააღმდეგოდ აღიარება, ქონების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-იხმა სარჩელით მიმართა სასამართლოს – ს. ჩ-ძის, შპს “აუდიტ სერვის ცენტრისა” და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ შპს “აუდიტ სერვის ცენტრის” 2003 წლის 25 დეკემბრის ¹01/90 აუდიტორული დასკვნის უკანონოდ აღიარების, კრედიტორ ს. ჩ-ძის რწმუნებულ ი. გ-ძეს, აღმასრულებელ მ. გ-ძესა და შპს “აუდიტ სერვის ცენტრს” შორის შემდგარი გარიგების კანონსაწინააღმდეგოდ აღიარების, აუდიტორიული დასკვნისა და მის შესაბამისად აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, კრედიტორ ს. ჩ-ძის რწმუნებულ ი. გ-ძეს, აუდიტ ვ. ბ-ძესა და აღმასრულებელ მ. გ-ძეს შორის არშემდგარი გარიგების კანონსაწინააღმდეგოდ აღიარებით მათი ქმედების, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ხელშეწყობის აღიარების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების დავალებისა და 27 კვ. მ სადავო დამხმარე ფართის (რომელიც იპოთეკით არ იყო დატვირთული) მ. გ-იხის საკუთრებაში აღიცხვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე მხარეთა შორის კანონსაწინააღმდეგო გარიგების არსებობის საფუძველს იძლევა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ფარგლები უნდა განსაზღვრულიყო მხოლოდ ორი ოთახით ანუ იპოთეკის წარმოშობის დროს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას დაფიქსირებული ფართის ოდენობით. კრედიტორის წარმომადგენელმა, რომელმაც საპროცესო მოქმედება ჩაატარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სააღსრულებო ბიუროში არ წარადგინა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენის უფლებამოსილებისთვის საჭირო სპეციალური მინდობილობა, სააღსრულებო ბიუროს მიმართა განცხადებით, მოეხდინა იპოთეკით დატვირთულ ორი ოთახისა და დამხმარე ფართის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მიმართა აუდიტორიულ ფირმას, შეეფასებინა იპოთეკით დატვირთული ორი ოთახი. აუდიტორმა აუდიტორული დასკვნა არ შეადგინა სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად – გააფასა ორი ოთახი და დამხმარე ფართი იმ დროისათვის მოქმედი “უძრავი ქოების გადაცემისას საბაზრო ფასის განსაზღვრული წესის” მოთხოვნათა უხეში დარღვევით, შედეგად კრედიტორი ქონებას დაეუფლა ზუსტად დაკისრებული ვალის ფასად, რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით ბევრად ნაკლებად. წინასწარ შეთანხმებული გარიგების კანონსაწინააღმდეგო საფუძველს ისიც ადასტურებს, რომ კრედიტორი აუქციონზე მივიდა წინასწარ გადახდილი ქვითრით, რითაც აშკარაა, რომ აუქციონის ჩატარების მიზანი დაკისრებული ვალის გადახდევინების უზრუნველყოფა კი არ იყო, არამედ სესხზე ბევრად მეტი ღირებულების უძრავი ქონების დაუფლების ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ხელშეწყობა.
მოპასუხე ს. ჩ-ძემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-იხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-იხმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-იხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-იხმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. გ-იხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-იხმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. გ-იხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება, 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მ. გ-იხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 22 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მ. გ-იხს ს. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარისა და სახელმწფიო ბიუჯეტის სასარგებლოდ 175 ლარის გადახდა. ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2004 წლის 21 იანვარს აუქციონზე, 3500 აშშ დოლარად გაიყიდა მ. გ-იხის ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹40/22-ში მდებარე 88,41 კვ.მ კუთვნილი ბინის ნაწილი – 59,61 კვ.მ ფართი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღმასრულებლის მიერ ქონების შეფასებას საფუძვლად დაედო შპს „აუდიტსერვის-ცენტრის“ 2003 წლის 25 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ფართი შეფასებულ იქნა 3500 აშშ დოლარად. 2007 წლის 1 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. გ-იხმა ს. ჩ-ძის, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირის, მ. ყ-შვილის მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 24 იანვარს საასრულებო ბიუროსა და ს. ჩ-ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. გ-იხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2005 წლის 10 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ს. ჩ-ძისაგან ქონება შეიძინა მ. ყ-შვილმა და ამჟამად სადავო ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ. გ-იხისა და მ. ყ-შვილის თანასაკუთრებად. აპელანტმა გაასაჩივრა ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს „აუდიტო-სერვის-ცენტრს“ არ ჰქონდა უფლება, შეეფასებინა მისი კუთვნილი ბინის დამხმარე ფართი და, აქედან გამომდინარე, სააღსრულებო ბიუროსა და შპს „აუდიტ-სერვის- ცენტრს“ შორის დაიდო კანონსაწინააღმდეგო გარიგება, ამასთან, შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრმა“ ქონება შეაფასა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ ზემოხსენებული პოზიციის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მ. გ-იხს, მან კი თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს არ წარმოუდგინა.
სააპელაციო პალატამ შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ აუდიტორის მიერ შესაფასებელი ბინა იყო სამოთახიანი, 88,41 კვ.მ, ოთახების ფართი შეადგენდა 61,41 კვ.მ-ს, ხოლო დამხმარე ფართი – 27 კვ.მ-ს. აუდიტორმა შეაფასა 59,61 კვ.მ ორი ოთახი. ამასთან, მიუთითა, რომ დასკვნიდან არ დადგინდა, რომ აუდიტორმა შეაფასა დამხმარე ფართიც. პალატამ იხელმძღვანელა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აუდიტორული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აუდიტორმა ქონება შეაფასა არა აღმასრულებლის, არამედ – მოწინააღმდეგე მხარის მიმართვის საფუძველზე და ქონების შესაფასებლად შპს “აუდიტ-სერვის-ცენტრს” მიმართა აღმასრულებელმა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კრედიტორმა ქონება შეაფასა არასწორად. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქონების ღირებულების დადგენისას, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თავად მხარეებმა 2001 წლის 23 ივნისს, იპოთეკის ხელშეკრულებაში, იპოთეკით დატვირთული ქონება ბინის ორი ოთახი, შეაფასეს 4000 ლარად. პალატამ მიიჩნია, რომ აუდიტორული დასკვნის შედგენის დროისათვის, საცხოვრებელი ბინის ნაწილის, როგორც ცალკე უფლების ობიექტის, ღირებულება აუდიტორულ დასკვნაში მითითებულზე მეტი არ იქნებოდა. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს გაშვებული აქვს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აღმასრულებლის მოქმედების – ქონების შესაფასებლად აუდიტორის მოწვევისა და ქონების შეფასების – გასაჩივრების ვადა, ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ქონების დაბრუნებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ სადავო ქონება ჩ-ძის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის აქტის საფუძველზე, რომლის ნამდვილობა დადგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლბის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, მიუთითა, რომ ამჟამად სადავო ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში აღრიცხული არის მ. ყ-შვილის საკუთრებად, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს და არც ზემოხსენებული ხელშეკრულებაა შეცილებული. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი ითვლება სწორად და მასში ცვლილებების შეტანის საფუძვლები არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-იხმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი. სასამართლოში წარდგენილი იყო აღიარებითი სარჩელი, რომლის დასაბუთებისა და რეალური მდგომარეობის გარკვევისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა ვერ გაიცა იმ მიზეზით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სადავო უძრავ ნივთზე განახორციელა ტექნიკური სამუშაოები, რამაც არსებითად შეცვალა სადავო ნივთი. ექსპერტიზამ არ დაადგინა სადავო უძრავი ნივთის ამჟამინდელი რეალური ღირებულება. ექსპერტს თავის დასკვნაში უნდა განესაზღვრა უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების დროისათვის ნივთის საბაზრო ღირებულება, ვინაიდან არსებობდა ორი სხვადასხვა აუდიტის დასკვნა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ექსპერტიზის დასკვნიდან ერთ-ერთი, რომელსაც დაეყრდნო სააღსრულებო ბიურო აუქციონის დროს ნივთი, შეფასებულია საბაზრო ღირებულების ნაკლებ ფასად. ამასთან, აუდიტის დასკვნაში არ იქნა მითითებული, თუ რომელი კანონით იხელმძღვანელა ექსპერტმა დასკვნის გაცემის დროს. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აუქციონზე მოხდა სადავო ნივთის რეალიზაცია. იპოთეკის ხელშეკრულებით მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა ორი ოთახი და არა დამხმარე ფართი, რომლის გასხვისებაც მოხდა აუქციონის გზით. აუქციონის წესით გაიყიდა ნივთის ის ნაწილი, რომელიც არ შედიოდა იპოთეკის ხელშეკრულებაში, რითაც შეილახა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის, უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით მ. გ-იხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-იხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია გარიგების კანონსაწინააღმდეგოდ აღიარება და ქონების დაბრუნება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. გ-იხის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-იხის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.