ას-1193-1053-2010 15 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლ. ს-ძე
კასატორი _ მ. შ-ვი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ ღ. ც-ძე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი ძირითად სარჩელში _ სესხის დაბრუნება
შეგებებულ სარჩელში _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ღ. ც-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-ვის მიმართ სესხის დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მხარეებს შორის 2008 წლის 18 იანვარს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ. შ-ვის ქ. ქუთაისში, ... ქ. @10/7-ში მდებარე ბინა. აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ მ. შ-ვს ასესხა 12000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა ხუთი თვე, ანუ მოპასუხეს ნასესხები თანხა უნდა დაებრუნებინა 2008 წლის 18 ივნისამდე. მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
Mმ. შ-ვმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს 2008 წლის 18 იანვარს და მოითხოვა ღ. ც-ძესა და მ. შ-ვს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება. ამასთან, არ ცნო ძირითადი სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მისთვის მოსარჩელეს თანხა არ გადაუცია და, შესაბამისად, ღ. ც-ძის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება არ ეკისრებოდა.
ღ. ც-ძემ არ ცნო შეგებებული სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: მხარეებს შორის 2008 წლის 18 იანვარს კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. Mმ. შ-ვი ხელშეკრულების დადების დროს კარგად გაეცნო ხელშეკრულების შინაარსსა და მნიშვნელობას და ხელშეკრულებაც არ დადებულა მოტყუებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ღ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,Mმ. შ-ვს ღ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარის გადახდა. Gგადაუხდელობის შემთხვევაში, 2008 წლის 18 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ანაზღაურება დადგინდა მ. შ-ვის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების _ ქ.ქუთაისში, ... ქ.¹10/7-ში მდებარე უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით. Mმ. შ-ვის სარჩელი ღ. ც-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. შ-ვმა და ღ. ც-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ღ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმყოფილდა, Gგაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება ღ. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ღ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, Mმ. შ-ვს ღ. ც-ძის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 4800 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლ.დ შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ღ. ც-ძესა და მ. შ-ვს შორის 2008 წლის 18 იანვარს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ. შ-ვის კუთვნილი ბინა მდებარე ქ.ქუთაისში, ... ქ.¹10/7-ში. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ¹1.3 და ¹2.1 პუნქტის თანახმად, სესხი იყო უპროცენტო და უნდა დაბრუნებულიყო 2008 წლის 18 ივნისამდე. Mმ. შ-ვსა და მის მეგობარ თ. კ-შვილს თანხა ესაჭიროებოდათ საერთო ბიზნესსაქმიანობისათვის და სწორედ ამ მიზნით ისესხა მ. შ-ვმა თანხა მოსარჩელე ღ. ც-ძისაგან, რომელმაც 2008 წლის 18 იანვრის სესხის ხელშეკრულებით მ. შ-ვს სესხად გადასცა 7200 აშშ დოლარი და არა ხელშეკრულებაში მითითებული 12000 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ. შ-ვის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, კერძოდ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით თვალთმაქცური გარიგებისას მხარეთა ნამდვილი ნება სხვა გარიგებით ვლინდება. თვალთმაქცური გარიგება ყველა შემთხვევაში ბათილია, თუნდაც დაფარული გარიგება ნამდვილი აღმოჩნდეს. თუ დაფარული გარიგება ნამდვილი აღმოჩნდა, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს. Pპალატამ მიიჩნია, ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს, რომ 2008 წლის 18 იანვრის გარიგება დაიდო სესხის გადაცემისა და მისი უზრუნველყოფის მიზნით, გარიგების დადება მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენით დაიდო და თავალთმაქცურს არ წარმოადგენს. P
პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი და მიუთითა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარიგების მხარეებს წარმოადგენენ ღ. ც-ძე და მ. შ-ვი, რომელთა შორისაც რაიმე განსაკუთრებული ნდობა არ არსებობდა, მხარის მითითება, ნდობის ბოროტად გამოყენების გამო, 2008 წლის 18 იანვრის გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, არ გამომდინარეობს ზემოთ მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან, რაც დაუსაბუთებელს ხდის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას.
სააპელაციო პალატამ ღ. ც-ძის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, მართალია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ სესხი არის უპროცენტო, გაცემულია ექვსი თვის ვადით 2008 წლის 18 ივნისამდე და შეადგენს 12000 აშშ დოლარს, მაგრამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 18 იანვრის სესხის ხელშეკრულება იყო პროცენტიანი და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ. შ-ვის ვალი ღ. ც-ძის მიმართ მთლიანად შეადგენდა 12000 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ვმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ღ. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მ. შ-ვის სარჩელის განხილვისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით, კერძოდ, არ შეაფასა წინასწარ გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული პირების, ღ. ც-ძისა და ა. კ-ანის ჩვენებები, რომლებიც სასამართლოში მიცემული ჩვენებების საწინააღმდეგო იყო და რომელთა შეფასების შედეგად სარჩელზე სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი, ასევე არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 52-ე მუხლი, რამდენადაც ნების ნამდვილობა მ. შ-ვმა სადავო გახადა სისხლისსამართლებრივი წესით, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა პირთა ჯგუფის დანაშაულებრივი მოქმედება მის მიმართ და ამ კონტექსტში დასახელებულ მუხლზე განმარტება სასამართლოს მიერ უსაფუძვლოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ვის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს საქმეს, თუ საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არსებით გავლენას ახდენენ საქმის შედეგზე, კერძოდ:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი _ მ. შ-ვის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ემყარებოდა იმ მტკიცებულებებს _ წინასწარი გამოძიების მასალებს (ღ.ც-ძის, ა.კ-ანის ჩვენებები), რომლებიც აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოში თავის შესაგებელს დაურთო და სასამართლოს არ შეუფასებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ფაქტობრივი დასაბუთებულობის შემოწმების დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თუ არა საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
მტკიცებულებათა მიღება საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ხორციელდება ერთი და იმავე წესით _ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის შემოწმების შედეგად. აღნიშნული პრინციპით მტკიცებულებათა მიღების შემდეგ სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სამოქალაქო კანონმდებლობა არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებული მტკიცებულება უარყოს სასამართლომ არასარწმუნოობის, საეჭვოობის ან სხვა დასაბუთებული საფუძვლით, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვოს მტკიცებულებად მიჩნეული დოკუმენტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს იმ მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დამოკიდებულებას მხოლოდ ისეთი მტკიცებულების შეგროვებაზე, რომლებიც საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ადასტურებენ. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესებიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სასამართლომ, სამოქალაქო საქმეზე კანონით დადგენილი წესით (დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით) მიღებული ყველა მტკიცებულება უნდა შეაფასოს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის გათვალისწინებით, მიიღო რა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, შემდგომში არანაირი შეფასება არ მისცა მათ. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა რა მხარის მიერ დასახელებულ მტკიცებულებებზე და გადაწყვეტილებაში არ მიუთითა იმ მოსაზრებებზე, რომლებითაც უარყო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის თაობაზე.
ამასთან, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ზუსტად უნდა გამოარკვიოს მსესხებლის ვინაობა გამსესხებელ ღ. ც-ძის ჩვენების (ს.ფ. 34,74) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და ყოველმხრივი ანალიზით, ვინაიდან აღნიშნულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის გარიგების სუბიექტების გამიჯვნისათვის და თითოეულისათვის შესაბამისი _ კონკრეტული გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკისრებისათვის.
ასევე, წინააღმდეგობრივია და ხელახალ გამოკვლევას საჭიროებს სასამართლოს მსჯელობა სესხის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით კერძოდ, სასამართლო უთითებს, რომ 2008 წლის 18 იანვრის სესხის ხელშეკრულებით ღ. ც-ძემ მ. შ-ვს ასესხა 7200 აშშ დოლარი და არა ხელშეკრულებაში მითითებული 12000 აშშ დოლარი, მაგრამ, ვინაიდან სესხი რეალურად იყო პროცენტიანი, სასამართლომ მ. შ-ვის ვალი განსაზღვრა 12 000 აშშ დოლარით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლის სამართლებრივად სწორად განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შემდგომი ურთიერთობისათვის, ვინაიდან ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის სამოქალაქო სამართლით დადგენილი პასუხისმგებლობის დადგენის განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულების მოცულობა.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოიტანოს დასკვნები ფაქტობრივი გარემობების არსებობა-არარსებობის თაობაზე და სამართლებრივად სათანადოდ უნდა შეაფასოს ზემოაღნიშნულ მითითებათა გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. შ-ვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.