¹ას-1193-1454-09 19 თებერვალი, 2010 წელი
ას-1193-1454-09 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები-ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძე, რ. ნ-ავა, გ. ჩ-ელი(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე-ვ. ნ-შვილი(მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა და უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვ. ნ-შვილის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით ქ.თბილისში ... ქუჩა 11/4-ში მდებარე რ. ნ-ავას სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე – 20,16 კვ.მ. ფართობის სხვენზე განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ნ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “... ქ.¹11/4”-ის წვრთა 2007 წლის 27 დეკემბრის კრების ოქმი და გ. ჩ-ელსა და რ. ნ-ავას შორის 2008 წლის 10 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ვ. ნ-შვილის სარჩელის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1995 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში ... ქ.¹11/4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ე. ნ-ავას (მოპასუხე რ. ნ-ავას დედა) სახელზე განხორციელდა საცხოვრებელი ფართის-27 კვ.მ. ფართის და სამზარეულოს 14 კვ.მ. ფართის (ე.ი. საერთო ფართის 41 კვ.მ.) პრივატიზაცია.
2000 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ე. ნ-ავამ კუთვნილი წილი 27/340 მიყიდა ო. ბ-შვილს.
2004 წლის 29 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. ნ-შვილმა ო. ბ-შვილისაგან შეიძინა ... ქუჩა ¹11/4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 27/340 წილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით, ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹11/4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მდებარე 41 კვ.მ. ფართიდან 14 კვ.მ. ფართი წარმოადგენდა სამზარეულოს. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო 2004 წლის 29 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „... ქუჩა ¹11/4-ის“ წევრთა 2007 წლის 27 დეკემბრის კრების ოქმით დადგინდა, რომ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ... ქუჩა ¹11/4-ის წევრს – გ. ჩ-ელს საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სხვენი ფართით 20.16 კვ.მ. კრებას ამხანაგობის 9 წევრიდან ესწრებოდა 7 წევრი.
2008 წლის 10 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ჩ-ელმა მითითებული ფართი გაასხვისა რ. ნ-ავაზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კი საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2008 წლის 18 იანვრის ¹021/01-3118 წერილით დადგენილია, რომ ... ქუჩა ¹11/4 20.16 კვ.მ. ფართობის სხვენზე საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო რ. ნ-ავას სახელზე.
მოსარჩელე ვ.ნ-შვილი თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ 2004 წლის 29 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხეშეკრულების საფუძველზე შეძენილი იქნა ქ.თბილისში ... ქუჩა ¹11/4 მდებარე სახლის მე-3 სართულზე განთავსებული ფართი – 41 კვ.მ. (27 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი და 14 კვ.მ. სამზარეულო), მათ შორის სადავო ფართი, რაც უდავოდ დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით.
პალატამ აღნიშნა, რომ ვ.ნ-შვილს, ისევე როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „... ქუჩა ¹11/4“-ის ყველა დანარჩენ წევრს, სადავო 20,16 კვ.მ. ფართთან მიმართებაში, სანამ იგი სადავოდ გამხდარი ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით გადაიქცეოდა ერთერთი წევრის ინდივიდუალურ საკუთრებად გააჩნდა თანასაკუთრების უფლება. შესაბამისად, იგი ამ კრების ოქმისა და მის საფუძველზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ხეშეკრულების ბათილობას ითხოვდა იმ საფუძვლითაც, რომ კრებაზე იგი მიწვეული არ ყოფილა და კრება უფლებამოსილი არ იყო გადაეწყვიტა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, რითაც, უდავოა, რომ შემცირდა ვ.ნ-შვილის წილი საერთო საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ აღიარებით სასარჩელო მოთხოვნებზე ვ.ნ-შვილს გააჩნდა იურიდიული ინტერესი და მისი სააპელაციო პრეტენზია ამ ნაწილში იყო დასაბუთებული.
პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ამხანაგობის კრების ოქმის გადაწყვეტილებით მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება და გავლენა მოახდინა სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. კერძოდ, სადავო ფართი ფაქტიურად ხელმიუწვდომელი გახდა სხვა თანამესაკუთრეთათვის, მათ შორის მოსარჩელისათვის და ამდენად, საერთო საკუთრების ნივთის პარამეტრებმა განიცადა კლება. ასეთი მოქმედების განხორციელებისათვის კი აუცილებლობას წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უკლებლივ ყველა წევრის თანხმობა, ანუ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ კრებაზე ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „... ქუჩა ¹11/4“-ის წევრთა 2007 წლის 27 დეკემბრის სადავოდ გამხდარ კრებას არ ესწრებოდა ამხანაგობის ორი წევრი. მათ შორის მოსარჩელე ვ.ნ-შვილი. შესაბამისად, კრება უფლებამოსილი არ იყო, რომ განსახილველ საკითხზე მიეღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 2008 წლის 10 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაც გ. ჩ-ელსა და რ. ნ-ავას შორის. ამასთან, ამ შემთხვევაში ვერ იმოქმედებდა შემძენის (რ.ნ-ავას) კეთილსინდისიერების პრინციპი, რადგან ეს უკანასკნელი დაბადებიდან ცხოვრობდა სადავო სახლში, მათ შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში – იმ სადავო ფართში, რომელიც ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა გ. ჩ-ელს იმ საფუძვლით, რომ თითქოს ეს უკანასკნელი ამ ფართს, როგორც საკუთარს ისე ფლობდა. შესაბამისად, რ. ნ-ავას უნდა სცოდნოდა საჯარო რეესტრში ამ სადავო ფართზე რეგისტრირებული გ. ჩ-ელის საკუთრების უფლების ხარვეზის შესახებ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მოიპოვებოდა მასალები, საიდანაც თვალნათლივ ჩანდა, რომ ვ.ნ-შვილმა სადავო გარიგებების დადებამდე არაერთხელ მიმართა შს სამინიტროს ტერიტორიულ ორგანოს და მოითხოვა რ. ნ-ავას გამოსახლება სადავო ფართიდან იმ საფუძლით, რომ ეს ფართი წარმოადგენდა მის საკუთრებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძემ, რ. ნ-ავამ და გ. ჩ-ელმა
კასატორების განმარტებით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვავს კრების კომპეტენციას, რომლის თანახმად აღნიშნული ტიპის ურთიერთობების დარეგულირებისთვის საკმარისია კრების მონაწილეთა ხმების 2/3-ი, შესაბამისად არ არსებობდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უკლებლივ ყველა წევრის თანხმობის საჭიროება. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამკვიდრებული და მოქმედი პრაქტიკის მიხედვით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტის თანხმობა უკვე აბსოლუტურ საფუძველს ქმნის საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესამე პირზე რეგისტრაციისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძემ, რ. ნ-ავამ, გ. ჩ-ელმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძის, რ. ნ-ავას და გ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებლია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი საკითხი. მართალია საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მსჯელობას, მაგრამ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარ საპროცესო შედეგს და მიიჩნევს, რომ მითითებულ გარემოებას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძის, რ. ნ-ავას და გ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძეს, რ. ნ-ავას, გ. ჩ-ელს უნდა დაუბრუნდეს რ. ნ-ავას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძის, რ. ნ-ავას, გ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორებს _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... ქ.¹11/4-ის თავმჯდომარე გ. გ-ძეს, რ. ნ-ავას, გ. ჩ-ელს დაუბრუნდეს რ. ნ-ავას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.