ას-1194-1054-2010 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ს.” (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ი. “ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ძირითად სარჩელში _ ხელშეკრულების მოშლა, ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში _ მიღება-ჩაბარების აქტის ნაწლობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ი.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს.-ს” მიმართ და მოითხოვა, დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ¹IშD-GPH-07-01 DდაA ¹IშD-GPH-07-02 ხელშეკრულებების მოშლა, შპს “ს.-სათვის” დარჩენილი გადასახდელისა და პირგასამტეხლოს, სულ 210270.99 ლარის, ასევე 2009 წლის 6 ივლისის ჩათვლით მიუღებელი შემოსავლის სახით 16526.19 ლარის, ხოლო 2009 წლის 6 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პროპორციულად გაზრდილი საპროცენტო თანხის დაკისრება.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ი.-ს” მიმართ 2008 წლის 8 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის “დაილ აუდიტის” პროგრამის მონტაჟისა და მიწოდების ნაწილში (ღირებულება 1600 აშშ დოლარი) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ს.-ს” შპს “ი.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული მომსახურების დარჩენილი თანხის _ 134222.54 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 18522.26 ლარის ანაზღაურება, ხოლო მიუღებელი შემოსავლის _ 16525.19 ლარის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს “ს.-ს” შეგებებული სარჩელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს _ 18522.26 ლარის დაკისრებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს.-მ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით შპს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს.-ს” წარმომადგენელმა მ.ქ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს _ 18522.26 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა, ხოლო 2008 წლის 8 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის “დაილ აუდიტის” პროგრამის მონტაჟისა და მიწოდების ნაწილში ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს “ს.-ს” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 926.113 ლარისა და 304.11 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე მ.ქ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა გ.წ-შვილს 2010 წლის 2 დეკემბერს.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2010 წლის 8 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა მ.ქ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა შპს “ს.-ს” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 535.66 ლარისა და 926.15 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნები, ასევე მ.ქ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ს” წარმომადგენელ მ.ქ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, მ.კ-ძის, ო.დ-ძისა და თ.ი-ძის საკასაციო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კასატორთა წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მათ არაერთხელ გაუგრძელდათ ვადა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის, თუმცა კასატორებს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებიათ.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს “ს.-ს” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 926.113 ლარისა და 304.11 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე მ.ქ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს “ს.-ს” მის მიერ მითითებულ მისამართზე და სასამართლო გზავნილი ჩაიბარა გ.წ-შვილმა 2010 წლის 2 დეკემბერს (იხ. ს.ფ.259).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 3 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 7 დეკემბერს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ შპს “ს.-ს” წარმომადგენელმა მ.ქ-ძემ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მომართა 2010 წლის 8 დეკემბერს (იხ. ს.ფ.260) _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც შპს “ს.-ს” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
შპს “ს.-ს” უნდა დაუბრუნდეს შპს “ს.-ს” მიერ 2010 წლის 4 დეკემბერს ¹346 და ¹347 ელექტრონული საგადასახადო დავალებით გადახდილი 535.66 და 926.15 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს.-ს” წარმომადგენელ მ.ქ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
შპს “ს.-ს” დაუბრუნდეს შპს “ს.-ს” მიერ 2010 წლის 4 დეკემბერს ¹346 და ¹347 ელექტრონული საგადასახადო დავალებით გადახდილი 535.66 და 926.15 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.