ას-1195-1055-2010 10 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. შ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ღ-უა
დავის საგანი – მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება, არხის ამოვსება, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. შ-იამ სარჩელით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს გ. ღ-უას მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება, არხის ამოვსება, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების, სააღსრულებო ბიუროს შენატანისა და აუდიტისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, ვ. შ-იამ ი. ფ-იასგან შეიძინა 12058.23 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა შეძენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2009 წლის 16 იანვარს, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებში მითითებული ფართის ნაცვლად დაფიქსირდა 10831 კვ.მ. 2009 წლის იანვარში მოსარჩელემ აღნიშნული ფართიდან გ. ღ-უას მიჰყიდა 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მაგრამ საჯარო რეესტრმა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთიდან გ. ღ-უას დაურეგისტრირა არა ის ნაკვეთი, რომელიც მიჰყიდა, არამედ სხვა ნაკვეთი, რითაც ფაქტობრივად მოხდა მის მიწაზე შემოჭრა. ამასთან, მოსარჩელეს მიაკუთვნა ის ნაკვეთი, რომელიც არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა, იყო ჭაობიანი და გამოუსადეგარი. მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მითვისების შემდეგ, ჩაატარა მთელი რიგი სამუშაოები, რითაც დაარღვია მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის, უფლებები, ხელყო მისი საკუთრება, შესაბამისად, მის ოჯახს მიადგა მატერიალური ზიანი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ. შ-იამ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მის საკუთრებას წარმოადგენს და, შესაბამისად, იგი თავის მიწის ნაკვეთზე აწარმოებს სამუშაოებს, რის გამოც მოითხოვა ვ. შ-იას სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა.
ხობის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. შ-იას სარჩელი გ. ღ-უას მიმართ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების, არხის ამოვსების, მიყენებული მატერიალური ზიანის _ 1500 ლარის, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების 300 ლარის, სააღსრულებო ბიუროს შენატანის _ 100 ლარისა და აუდიტისათვის გაწეული ხარჯების _ 80 ლარის, სულ 1980 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ვ. შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. შ-იამ ი. ფ-იასგან შეიძინა 10831 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის 5001 კვ.მ ვ. შ-იამ, ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა გ. ღ-უას და საჯარო რეესტრში მითითებული ფართი საჯარო რეესტრში აღირიცხა გ. ღ-უას საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 5699 კვ.მ ფართის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ვ. შ-ია. სასამართლომ უდავო დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორე, ვ. შ-იას სადავოდ არსდროს გახუდია.
სასამართლომ პირველ ინსტანციაში მოწვეული სპეციალისტის განმარტებით, დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ღ-უა ფლობდა და იყენებდა სწორედ ვ. შ-იასგან შეძენილ მიწის ნაკვეთს.
იმის გათვალისწინებით, რომ უდავოდ დასტურდებოდა გ. ღ-უას მესაკუთრეობა სადავო მიწის ნაკვეთზე, სასამართლომ მიუთითა, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა თავისუფლად განეკარგა და ესარგებლა აღნიშნული ნაკვეთით, მათ შორის გაეყვანა არხიც, ამდენად, გ. ღ-უას მხრიდან მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევა ან სხვაგვარი ხელყოფა და, შესაბამისად, ვ. შ-იაზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დგინდებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ბიუროს შენატანი და აუდიტისათვის გაწეული ხარჯი ვ. შ-იამ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად გასწია, ამ ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების უსაფუძვლოდ მიჩნევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან, სააპელაციო პალატამ კანონიერად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა ადვოკატის ხარჯების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორად იყო დაფუძნებული სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და, შესაბამისად, დაარღვია ამ ნორმის მოთხოვნები, ვინაიდან სწორედ ვ. შ-იას მიერ თავისი საკუთრების ფლობის ფაქტია შელახული სახელშეკურლებო შებოჭვის ფარგლებში, რადგან გ. ღ-უა რეალურად ფლობს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო მათ მიერ კანონით დაცული წესით წარდგენილი სპეციალისტის დასკვნა და სარწმუნოდ ჩათვალა ხობის რაიონული სასამართლოში მტკიცებულების სახით ჩათვლილი არაკომპეტენტური პირის, როგორც სპეციალისტის, განმარტება, რითაც დაარღვია და არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 124-125-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ვ. შ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. შ-იას წარმომადგენელ ქ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. შ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ. შ-ია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. შ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.