Facebook Twitter

საქმე ¹ას-1197-1458-09 18 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნე. ყ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. და დ. ყ-იანები (მოსარჩელე), წარმომადგენელი ნა. ყ-იანი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნა. ყ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. და ნე. ყ-იანების მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და ქ.თბილისში ... ქ.¹35 ბინის მესაკუთრედ ნა. ყ-იანისა და მისი არასრულწლოვანი შვილების _ დ. და თ. ყ-იანების ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. და დ. ყ-იანები ცნობილ იქნენ ქ.თბილისში, ... ქ.¹35 ბინის 2/4 წილის თანამესაკუთრეებად და თითოეულის წილი განისაზღვრა 1/4-ით, ხოლო ნა.ყ-იანის მოთხოვნას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნე. ყ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით ნე. ყ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნე. ყ-იანმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ნა.ყ-იანის მიერ განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების _ 7500 ლარის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 375 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ნე.ყ-იანს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა და ჩაბარდა 2009 წლის 31 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნე. ყ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ნე. ყ-იანის საკასაციო საჩივარს 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მხარეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ნა.ყ-იანის მიერ განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების _ 7500 ლარის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 375 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადრესატს 2009 წლის 31 დეკემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.73).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 1 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 5 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნე. ყ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნე. ყ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.