Facebook Twitter

ას-1199-1460-09 8 ნოემბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ საქართველოს ავტორთა საზოგადოება

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ბ.”

განხილვის საგანი _ უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს ავტორთა საზოგადოებისათვის ჰონორარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ავტორთა საზოგადოების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “ბ.-ს” აეკრძალა საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.

საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური უსწორობა, კერძოდ, მასში დადგენილია შპს “ბ.-სათვის” ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის აკრძალვა საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე. სინამდვილეში მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა, სასამართლოს შპს “ბ.-სათვის” აეკრძალა მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახალი გადაცემა) საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.

განმცხადებელი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა იწვევს გაურკვევლობას და სხვა სამართლებრივ შედეგს. სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია ზოგადად კაბელით გადაცემაზე, ხოლო მოპასუხე შპს “ბ.” ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს კაბელით გადაცემას (კაბელით ხელახალ გადაცემას). ამდენად, განმცხადებელი ითხოვს არსებული უსწორობის გასწორებას, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სიტყვები: “კაბელით გადაცემა” შეიცვალოს სიტყვებით: “კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახალი გადაცემა)”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქართველოს ავტორთა საზოგადოების განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უსწორობის არსებობას ადგილი არა აქვს და მითითებული ნორმით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების საფუძვლები არ არის სახეზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულ კაბელით გადაცემაში იგულისხმება სწორედ კაბელით ხელახალი გადაცემა. განმცხადებელიც თავის მოთხოვნას მოცემულ საქმეზე აყენებდა იმგვარად, რომ კაბელით გადაცემის აკრძალვაში გულისხმობდა სწორედ კაბელით ხელახალი გადაცემის აკრძალვას. გადაწყვეტილების შინაარსიდან აღნიშნული სრულიად ნათელია. ამდენად, სიტყვები: “კაბელით გადაცემა” ამ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილებაში არასწორად და შეცდომით გამოყენებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ავტორთა საზოგადოების განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.