Facebook Twitter

ას-1200-1058-2010 5 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ქ. პ-ი» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე «ჯ. ჯ-ი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდივიდუალურმა მეწარმე «ჯ. ჯ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ქ. პ-ის» მიმართ ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილის _ 23361 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეს ეტაპობრივად მიაწოდა კარაქი. პროდუქციის ღირებულების ნაწილი მოსარჩელემ გადაიხადა, დანარჩენის გადახდაზე კი უარი განაცხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე «ჯ. ჯ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე «ჯ. ჯ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ქ. პ-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23361 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. შპს «ქ. პ-ი» მოსარჩელისაგან ყიდულობდა კარაქს. საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება და მოპასუხეს სადავო არ გაუხდია, რომ 2008 წლის 25 მარტიდან ივლისამდე მოსარჩელემ მას მიაწოდა 85550 ლარის პროდუქტი.

მხარის ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ქ. პ-ის» დავალიანება ინდივიდუალურ მეწარმე «ჯ. ჯ-ის» მიმართ შეადგენს 23361 ლარს.

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა სასამართლოსათვის იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მიწოდებული პროდუქციისათვის მან თანხა გადაიხადა. აღნიშნული საპროცესო ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 477-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები არ შეუსრულებია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ქ. პ-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი და არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის ღირებულების გადაუხდელობა უნდა დადასტურებულიყო განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედარების აქტებით ან მათი შემოსავლის ორდერებით.

სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია, მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ კასატორს 85550 ლარის ღირებულების პროდუქცია, ვინაიდან უმეტეს ანგარიშ-ფაქტურებზე მ.ნ-ძე ხელს არ აწერს და შესაძლოა, მისი ხელმოწერები გაყალბებული იყოს.

სადავო ურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით და პროდუქციის ღირებულების გადახდა ხდებოდა წინასწარ, მის მიწოდებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეთა შორის იარსებებდა განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს «ქ. პ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ შპს ,,ქ. პ-ის’’ ვალის არსებობა ი.მ. «ჯ. ჯ-ის» მიმართ დაადგინა საქმეში განთავსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ წარმოადგენს შესასრულებელი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ეს არის საგადასახადო ორგანოებისათვის განკუთვნილი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადების გადახდევინება. აღნიშნული დოკუმენტით შეიძლება დადასტურება მხოლოდ იმ ფაქტისა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, სხვა რაიმე დასკვნის გაკეთება ამ დოკუმენტით შეუძლებელია.

რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებს, ეს მტკიცებულება ნამდვილად ადასტურებს საქონლის მიწოდების ფაქტს. ამ თვალსაზრისით ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თანხის გადაუხდელობა შეიძლება დადასტურდეს ან განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედარების წერილობითი აქტით ან მათი შემოსავლის ორდერებით, რომლითაც დადასტურდებოდა,Yთუ საქონლის ღირებულების რა ნაწილია გადახდილი მათ მიერ.

სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების სახით. მითითებული მტკიცებულება ადასტურებს, რომ ტვირთი მიეწოდა კასატორს (აღნიშნული ფაქტი სადავოდ მხარეს არ გაუხდია). გამყიდველის მტკიცების ტვირთი მხოლოდ ამ გარემოების დადასტურებით შემოიფარგლება. რაც შეეხება მყიდველს ანუ ამ პროდუქციის მიმღებს წარმოეშობა ვალდებულება დაადასტუროს, რომ მან მიღებული პროდუქციის საფასური გადაიხადა. ასეთ შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს გასავლის ორდერი, შედარების აქტი ან სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალიწინებული დოკუმენტი, რომელსაც კრედიტორი მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გასცემს ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სხვა მტკიცებულებაც, მაგრამ კასატორის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება წარდგენილი არ არის. ზედნადები კი არ შეიცავს ინფორმაციას მიღებული საქონლის ღირებულების გადახდის თაობაზე. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ანგარიშსწორება შეიძლება განპირობებული იყოს მხარეთა შორის არსებული ნდობის მაღალი ხარისხით. ასეთ გარემოებაზე არ უთითებს მხარე. არც მიწოდების ფაქტს უარყოფს. ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელია გამყიდველს არ აუნაზღაურდეს მიწოდებული საქონლის ღირებულება, რაც მართებულად დაეკისრა კიდეც ი.მ ,,ჯ. ჯ-ს’’.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «... ქართული პროდუქტების» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.