¹ას-1200-1461-09 18 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “მ.” (მოპასუხე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “მ.” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და თანხის დაკისრების შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. მ-ძის სარჩელი ბ. გ-ავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. მ. მ-ძის სარჩელზე ბ. გ-ავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე შეწყდა წარმოება, მ. მ-ძეს განემარტა, რომ ბ. გ-ავს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე უფლებამოსილია მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. მ-ძის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ შრომის გასამრჯელოს მომატებაზე, ამდენად, მოთხოვნა ხელფასის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა. საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად ბ. გარდავას მოქმედებით მიადგა თუ არა ზიანი, ასევე ვერ დასტდურდება მოთხოვნილი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობის ანაზღაურების მართლზომიერება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს 2004 წლის 2 ივლისის კრების ოქმის გაუქმებით საწარმოში მოქმედებს შრომის ხელშეკრულება, მაშინ, როცა კრების ოქმის გაუქმებით ბათილადაა ცნობილი 1996 წლის საწარმოს წესდებაში ცვლილების შეტანის მოტივით მიღებული 2004 წლის წესდება და ძალაში დარჩა 1996 წლის წესდება და არა შრომის ხელშეკრულება. ასევე, გადაწყვეტილება ეყრდნობა არარეალურ ფაქტებს, კერძოდ, თითქოს მან უარი განაცხადა სამუშაოზე აღდგენაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.