Facebook Twitter

ას-1201-1059-10 15 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ბ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. კ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. კ-ძის სარჩელი მოპასუხე გ. ბ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ტ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ბ-ძეს ტ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1635 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გ. ბ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 29 ნოემბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ. ბ-ძეს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2010 წლის 29 ნოემბერს (იხ. ს.ფ.163). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 30 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 6 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.