¹ას-120-118-2011 25 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დსს «კ.» (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ა. ც-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. მ-ძე, ი. ც-ძე, თ. კ-ავა, ლ. ფ-ძე, ს. ქ-ძე, მ. გ-ძე, დ. ჯ-ელი, გ. დ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. მ-ძემ, ი. ც-ძემ, თ. კ-ავამ, ლ. ფ-ძემ, ს. ქ-ძემ, მ. გ-ძემ, დ. ჯ-ელმა და გ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დსს «კ.-ს» მიმართ და მოითხოვეს მათთვის გადაცემული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება.
მოცემულ დავაზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება სს «ბანკი ...».
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ძისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ძის, ი. ც-ძის, თ. კ-ავას, ლ. ფ-ძის, ს. ქ-ძის, მ. გ-ძის, დ. ჯ-ელისა და გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რ. მ-ძის, ი. ც-ძის, თ. კ-ავას, ლ. ფ-ძის, ს. ქ-ძის, მ. გ-ძის, დ. ჯ-ელისა და გ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, დსს «კ.-ს» დაევალა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... რ. მ-ძის, ი. ც-ძის, თ. კ-ავას, ლ. ფ-ძის, ს. ქ-ძის, მ. გ-ძის, დ. ჯ-ელისა და გ. დ-ძის ქონებაზე სს «ბანკ ...»-ს სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის მოხსნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დსს «კ.-ს» წარმომადგენელმა ა. ც-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა (იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების საფასური), ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, დსს «კ.-ს» მიერ ა.ც-ძისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის (ან საზოგადოების დირექტორის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის), ასევე ა. ც-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება დსს «კ.-ს» დირექტორ გ. კ-ძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და აღნიშნულ მისამართზე ჩაიბარა წარმომადგენელმა ა.ც-ძემ 2011 წლის 11 თებერვალს.
2011 წლის 17 თებერვალს ა.ც-ძემ შპს «ს. ფ.-ს» მეშვეობით განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული შეტყობინების დსს «კ.-სათვის» ჩაბარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მან შეტყობინება ადრესატს ვერ გადასცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დსს «კ.-ს» წარმომადგენელ ა. ც-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დარღვევით შესრულებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება და განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით დსს «კ.-ს» საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა (იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების საფასური), ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, დსს «კ.-ს» მიერ ა.ც-ძისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის (ან საზოგადოების დირექტორის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის), ასევე ა. ც-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება დსს «კ.-ს» დირექტორ გ. კ-ძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და აღნიშნულ მისამართზე შეტყობინება ჩაიბარა წარმომადგენელმა ა.ც-ძემ 2011 წლის 11 თებერვალს (იხ. ს.ფ.339).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ (ხარვეზის დადგენის შესახებ) აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა რა კასატორის წარმომადგენელს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საპროცესო ვადის დენის დაწყებისათვის საკმარისი საფუძველია, შესაბამისად, სასამართლო დასაბუთებულად ვერ მიიჩნევს წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლომ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი და ჩაბარებული შეტყობინება განმეორებით უნდა გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს, რადგანაც სასამართლოს აღნიშნულის განხორცილებების ვალდებულება არ აკისრია და დასახელებული ქმედების განხორციელების შემთხვევაშიც კი, დადგენილი საპროცესო მოქმედების ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებული იქნება გზავნილის ადრესატთაგან პირველისათვის ჩაბარებაზე.
რაც შეეხება თავად განცხადების შემოტანის ფაქტს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო შეტყობინება, როგორც უკვე აღინიშნა, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაბარდა დსს «კ.-ს» წარმომადგენელ ა.ც-ძეს 2011 წლის 11 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
დასახელებული ნორმების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 12 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 16 თებერვალს, ა. ც-ძემ კი საფოსტო განყოფილებას მიმართა 2011 წლის 17 თებერვალს (იხ. ს.ფ.341), კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დსს «კ.-ს» წარმომადგენელ ა. ც-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
დსს «კ.-ს» საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.