Facebook Twitter

¹ას-1203-1464-09 25 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

Mმოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ფ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ რ. ფ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ, საგადასახადო ინსპექციის ბრძანების ბათილად ცნობის, “ა.” ყრილობის დადგენილებისა და ოქმების, ასევე საბჭოს დადგენილებისა და ოქმების ბათილად ცნობის, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის და ლიკვიდატორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 30 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 14 დღით.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

2010 წლის 5 თებერვალს რ. ფ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადავადება საქმის საბოლოო განხილვამდე.

2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 4 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 23 თებერვალს (ს.ფ. 319-320). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 1 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.