Facebook Twitter

¹ ბს-1121-958-კ-04 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება, ბიუჯეტის სასარგებლოდ 392003,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე სს “რ-ისათვის” 392003,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ფინანსთა სამინისტროსა და სს “რ-ს” შორის 16.04.02წ. დაიდო შეთანხმება ვადაგადაცილებული ვალის რესტრუქტურირების თაობაზე. შეთანხმების 3.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფინანსთა სამინიტრომ სს “რ-ს” გამოუყო რესტრუქტურირებული კრედიტი 4956394,5 აშშ დოლარის ოდენობით, 2002წ. 1 იანვრიდან 2012წ. 30 ოქტომბრის ჩათვლით. შეთანხმების 3.2 პუნქტი ითვალისწინებდა რექსტრუქტურირებული კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვას წელიწადში ორჯერ, 3.4 პუნქტში მოცემული გრაფიკის შესაბამისად. 3.3 პუნქტის თანახმად რესტრუქტურირებული კრედიტით სარგებლობისათვის კრედიტის გარდამავალ ნაშთს ერიცხება წლიური 8%, საპროცენტო გადასახადები იფარება ნახევარწლიური პერიოდულობით, 3.4 პუნქტში მოცემული გრაფიკის შესაბამისად. შეთანხმების 3.5 პუნქტი ითვალისწინებს რესტრუქტურირებული კრედიტის ძირითადი და საპროცენტო გადასახადების ვადაგადაცილებული ნაშთისათვის საჯარიმოს დარიცხვას წლიური 12%-ის ოდენობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 16.04.02წ. შეთანხმების 3.4 პუნქტის თანახმად, სს “რ-ს” 30.04.03წ. უნდა გადაეხადა 380585,87 აშშ დოლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა _ 180000 აშშ დოლარი, საპროცენტო გადასახდელი _ 200585,87 აშშ დოლარი. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს “რ-ს” შეთანხმების 3.5 პუნქტის თანახმად დაერიცხა ჯარიმა 11 417,58 აშშ დოლარის ოდენობით. ვინაიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად სს “რ-ი” არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 392003,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 20.04.04წ. გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “რ-ს” დაეკისრა 392003,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეთანხმების 3.5 პუნქტით, რომლის თანახმად რესტრუქტურირებული კრედიტის ძირითადი და საპროცენტო გადასახდელების ვადაგადაცილებულ ნაშთს ერიცხება საჯარიმო წლიური 12% ოდენობით, სსკ-ის 409-ე მუხლის დარღვევით დადგენილია პროცენტიდან პროცენტის გადახდა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ შეთანხმების 3.5 პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლო, რაც წესრიგდება არა სკ-ის 403.2, არამედ, 317-420-ე მუხლებით. კოლეგიამ არ გაიზიარა, აგრეთვე, მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების 3.6 პუნქტით დაწესებული გადასახადების დაფარვის ოდენობა ეწინააღმდეგება სკ-ის 388-ე მუხლს, ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო ხარჯების დაფარვის პრიორიტეტები და იგი გამოიყენება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ეტაპზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 20.04.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “რ-ის” მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ “თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ” 04.02.98წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების 13 წლიანი ვადა, მათ შორის, 4 წლიანი შეღავათიანი პერიოდი. კრედიტით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი 4%-ს შეადგენს, ხოლო გადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო წლიური 6%. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები ფინანსთა სამინისტროს მიერ განხილულ უნდა ყოფილიყო როგორც შეცვლილი გარემოებები, შესაბამისად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, სსკ-ის 398-ე მუხლის თანახმად, უნდა მისადაგებოდა შეცვლილ გარემოებებს. კასატორი უთითებს, აგრეთვე, რომ შეთანხმების 3.5 პუნქტი ეწინააღმდეგება სკ-ის 403.2 მუხლს, რადგანაც ხელშეკრულების ამ პუნქტით გათვალისწინებულია რესტრუქტურირებული კრედიტით სარგებლობისათვის ძირითადი და საპროცენტო გადასახადების ვადაგადაცილებულ ნაშთზე წლიური 12%-ის საჯარიმოს დარიცხვა, რაც სხვა არაფერია თუ არა პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორი თვლის, აგრეთვე, რომ შეთანხმების 3.6 პუნქტი ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სკ-ის 388-ე მუხლს, რომლის თანახმად ჯერ გადაიხდევინება ძირითადი თანხა, შემდგომ პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმებას და საქმის იმავე კოლეგიისათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის გარანტიის საფუძველზე, 12.02.93წ. დაიდო საკრედიტო შეთანხმება თურქეთის ექსპორტ-კრედიტ ბანკსა და საქართველოს რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკს (შემდგომში ექსიმბანკი) შორის 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასაქონლო კრედიტის გამოყოფაზე. 30.11.93წ. სს “რ-სა” და საქართველოს ექსიმბანკს შორის დაიდო საკრედიტო შეთანხმება თურქული კრედიტიდან 2705000 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის 95%-ის დაფინანსებაზე. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 01.09.94წ. ¹284 ბრძანებულების, მინისტრთა კაბინეტის 01.11.95წ. ¹686 დადგენილების საფუძველზე 20.05.96წ გაფორმდა ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროსა და ექსიმბანკს შორის, რომლის თანახმად 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ვალდებულებად თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, ხოლო კრედიტის მიმღები ორგანიზაციების დავალიანებები სახელმწიფოს მიმართ დავალიანებებად.

04.07.96წ ხელი მოეწერა დამატებით ხელშეკრულებას 30.11.93წ. საკრედიტო შეთანხმებაზე ფინანსთა სამინისტროსა და სს “რ-ს” შორის. 04.02.98წ დაიდო ხელშეკრულება ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ თურქეთის ექსპორტ-კრედიტ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო კრედიტის თაობაზე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სს “რ-მა” მიმართა ფინანსთა სამინისტროს 13.02.02წ. ¹21/82 და 27.03.02წ. ¹21/193 წერილებით. საქართველოს პრეზიდენტმა 17.02.02წ. დაავალა ფინანსთა სამინისტროს (¹47/14) სს “რ-ის” დავალიანების პრობლემების მოგვარება. ფინანსთა სამინისტროსა და სს “რ-ს” შორის 16.04.02წ. დაიდო შეთანხმება ვადაგადაცილებული ვალის რესტრუქტურირების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით სს “რ-ის” მიერ კრედიტის დაბრუნების ვალდებულებათა შესრულების გადავადების რეჟიმი 2002წ. 1 იანვრიდან ჩაითვალა დაწყებულად. სს “რ-ის” ვადაგადაცილებული ვალის საერთო თანხა, რომელმაც კრედიტის მიღების დღიდან 2002წ. 1 იანვრამდე შეადგინა 4 956 994,50 აშშ დოლარი, გადაფორმდა რესტრუქტურირებულ კრედიტად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტრომ სს “რ-ს” გამოუყო რესტრუქტურირებული კრედიტი 4 956 994,50 აშშ დოლარის ოდენობით, 2002წ. 1 იანვრიდან 2012წ. 30 ოქტომბრის ჩათვლით. რესტრუქტურირებული კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა წელიწადში ორჯერ უნდა განხორციელდეს, შეთანხმების 3.4 პუნქტში მოცემული გრაფიკის შესაბამისად. რესტრუქტურირებული კრედიტით სარგებლობისათვის კრედიტის გარდამავალ ნაშთს დაერიცხება წლიური 8%, საპროცენტო გადასახდელები დაიფარება ნახევარწლიური პერიოდულობით, 3.4 პუნქტში მოცემული გრაფიკის შესაბამისად. შეთანხმების 3.5 პუნქტი ითვალისწინებს რესტრუქტურირებული კრედიტის ძირითადი და საპროცენტო გადასახდელების ვადაგადაცილებულ ნაშთზე წლიური 12%-ის ოდენობის საჯარიმოს დარიცხვას.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე უნდა მისადაგებოდა შეცვლილ გარემოებებს. თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ ხელშეკრულება 04.02.98წ დაიდო, ხოლო ვადაგადაცილებული ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე შეთანხმება საქართევლოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “რ-ს” შორის 16.04.02წ დაიდო. სკ-ის 398-ე მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების მისადაგებას იმ შეცვლილი გარემოებებისადმი, რომლებიც წარმოიშვა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ანუ გარემოებათა შეცვლას ადგილი უნდა ჰქონდეს ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების დადებისას მისი გათვალისწინება შეუძლებელი უნდა იყოს. ვინაიდან ფინანსთა სამინისტროსა და სს “რ-ს” შორის შეთანხმების (16.04.02წ.) დადებას წინ უსწრებს ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ 04.02.98წ. ხელშეკრულების დადება, უკანასკნელი ვერ იქნება მიჩნეული ისეთ გარემოებად, რომელიც გამოიწვევდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 16.04.02წ. ხელშეკრულების მისადაგების საჭიროებას. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არსებობს სსკ-ის 399-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ვადაგადაცილებული ვალის რესტრუქტურირების თაობაზე შეთანხმების 3.5 მუხლის მიხედვით რესტრუქტურირებული კრედიტის ძირითადი და საპროცენტო გადასახდელების ვადაგადაცილებულ ნაშთს დაერიცხება საჯარიმო წლიური 12%-ის ოდენობით, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის და 360 დღიანი წელიწადის საფუძველზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეთანხმების 3.5 პუნქტში საუბარია საჯარიმო თანხის, პირგასამტეხლოს გადახდაზე, რაც არ ეწინააღმდეგება სკ-ის 403-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ არ დაიშვება პროცენტიდან პროცენტის დაკისრება. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, ვადაგადაცილებული შესრულებისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას, იგი ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქციის მატარებელია, ჯარიმის დაკისრების საფუძველი, პროცენტისაგან განსხვავებით, არის გადასახადის თანხის დაგვიანებით გადახდა, ხოლო პროცენტის _ თანხით სარგებლობა, ამდენად არ არსებობს გეომეტრიულად მზარდი დატვირთვა. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის შეთანხმების 3.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა წესრიგდება სკ-ის 417-420-ე მუხლებით და არა სკ-ის 403-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საკასაციო პალტა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შეთანხმების 3.6 პუნქტი ეწინააღმდეგება სკ-ის 388-ე მუხლის მოთხოვნებს. სკ-ის 388-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს ხარჯების, საჯარო _ სამართლებრივი ვალდებულების დაფარვის პრიორიტეტს ანუ აღნიშნული თანხა ეხება ვალდებულების დარღვევის შემდგომ განხორციელებულ შესრულებას. სასამართლო ხარჯებში იგულისხმება აღსრულების ხარჯები, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით ეკისრება მოვალეს და მათი ამოღება ხდება აღსასრულებელ პრეტენზიასთან ერთად. რაც შეეხება კერძო-სამართლებრივი ვალდებულების შესრულებას, მხარეები უფლებამოსილნი არიან, ხელშეკრულებით განსაზღვრონ პროცენტის გადახდის წესი და რიგითობა. ხელშეკრულების დადების დროს სს “რ-ისათვის”, როგორც ხელშეკრულების მხარისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი, მას არ გაუსაჩივრებია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების 3.5 და 3.6 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმეზე დადგენილია, რომ 16.04.02წ. შეთანხმების საფუძველზე სს “რ-ს” წარმოეშვა 392003,45 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია. სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არსებობს სსკ-ის 399-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “რ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 20.04.04წ. გადაწყვეტილება;

2. სს “რ-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.