ას-1207-1058-2010 10 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ც-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-შვილი
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიას მ. ც-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ... გამზირის, პირველი კორპუსში მდებარე ¹58 ბინის გამოთხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, აუქციონის წესით შეიძინა მ. ც-იას სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება _ მდებარე თბილისში, ... გამზირი, პირველი კორპუსი, ¹58 ბინა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 11 სექტემბრის განკარგულებით გახდა მისი მესაკუთრე. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე დღემდე არ ათავისუფლებს მის საკუთრებაში არსებულ ფართს, რის გამოც მოითხოვა მ. ც-იას გამოსახლება მის თანმხლებ პირებთან ერთად.
მოპასუხე მ. ც-იამ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ბიურომ აუქციონი კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა, შესაბამისად, მოსარჩელემ სადავო ქონება უკანონოდ შეიძინა, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... გამზირი, პირველ კორპუსში მდებარე ¹58 საცხოვრებელი ბინა გამოთხოვილ იქნა მ. ც-იას უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ნ. ბ-შვილს.
სასამართლომ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... გამზირი, პირველი კორპუსი, ბინა ¹58 საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. ბ-შვილის სახელზე, რომელსაც უკანონოდ ფლობს მ. ც-ია და აღნიშნულით ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
ვინაიდან მ. ც-იას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ. ბ-შვილმა საცხოვრებელი ბინა სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხის პოზიცია სასამართლომ არ გაიზიარა.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170.1-ე, 172.1-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლებითაც მას უარი ეთქვა მესამე პირად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და საქმის შეჩერების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. ც-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტის მოსაზრება მოცემული დავის საფუძვლად “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითების თაობაზე ვერ იქნებოდა გაზიარებული, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხება არა დევნილთა უფლებებს და მათ უზრუნველყოფას დროებით საცხოვრებელ ადგილზე, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1-ე, 172.1-ე მუხლებით რეგულირებულ საკუთრების უფლებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ფართის მესაკუთრე გახლდათ ნ. ბ-შვილი, რომელსაც უკანონოდ ფლობს მ. ც-ია და აღნიშნულით ხელყოფს მოსარჩელის უფლებებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი, მ. ც-იას უკანონო მფლობელობიდან თბილისში, ... გამზირი, პირველი კორპუსი, ¹58 ბინის გამოთხოვის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვის თაობაზე შუამდგომლობის ავტორმა, ვერ დაასაბუთა თუ რა სახის გავლენა უნდა მოეხდინა მოცემულ საქმეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფლებებსა და მოვალეობებზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად უთხრა უარი მ. ც-იას განსახილველი საქმის შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას აღძრული ჰქონდა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მითითებული ადმინისტრაციული საქმე და გასახილველი საქმე არ გამომდინარეობდნენ ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოებებიდან და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავის გადაწყვეტა არ იყო დამოკიდებული აუქციონის შედეგების ბათილობის შესახებ დავის გადაწყვეტაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მ. ც-იას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-იას წარმომადგენელმა ქ. უ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მ. ც-ია დევნილია და სასამართლოს დავა “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნულთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უნდა გადაეწყვიტა და უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მ. ც-იას გამოსახლების შემთხვევაში, მისი ოჯახი უსახლკაროდ რჩება და ამასთან, კომპაქტურად დასახლებული პირების გამოსახლება განსახლების ობიექტიდან არ ხდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ც-იას წარმომადგენელ ქ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-იას წარმომადგენელ ქ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ც-იას წარმომადგენელ ქ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ც-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.