Facebook Twitter

საქმე ¹ას-1207-1468-09 3 თებერვალი, 2010 წელი

¹ას-1207-1468-09 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. მ-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. მ-იანმა განცხადებით მიმართა სასამართლოს დაინტერესებული მხარის _ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა შემდეგი საფუძვლებით: ხ.მ-იანი დაიბადა 1968 წლის 12 სექტემბერს ახალციხის რაიონის სოფელ ..., სადაც რეგისტრირებულია ხ. გ.-ის ძე მ-იანად. ანალოგიური მონაცემებია დაფიქსირებული მხარის სამხედრო ბილეთში. აღნიშნული სახით იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ნ. ფ-იანთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹10245 სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ მ-იან ხ. გ.-ის ძე ნამდვილად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992 წლის 23 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე. 1992 წლის 21 აგვისტოს სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს შორის ახალციხის რაიონის სამხედრო განყოფილების მიერ გაცემულ სიაში აღნიშნულია მ-იან ხ. გ.-ის ძე, დაბადებული 1968 წელს, სოფელი ... . ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე იურიდიული ფაქტით უნდა დადგინდეს, რომ განმცხადებელს ეკუთვნის ხ. გ.-ის ძე მ-იანის სახელზე 22-ე ბრიგადის მეთაურის მიერ გაცემული 1992 წლის 28 აგვისტოს ¹9 ბრძანება, ასევე ხ. გ.-ის ძე მ-იანის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა და სამხედრო ბილეთი. აღნიშნული ფაქტის დადგენისას მხარის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მითითებული დოკუმენტების საფუძველზე განმცხადებელს მიენიჭოს ომის ვეტერანის სტატუსი და დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პენსია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ 10245 1992 წლის 28 აგვისტოს ¹9 ბრძანება და ჩამონათვალში რიგით ¹54 მითითებული მ-იანი ხ. გ.-ის ძე (დოკუმენტში) მიეკუთვნა ¹20312565 პირადობისა (პირადი ¹47001007971, დაბადების მოწმობის (სერია III-პE 50115-ი) სააქტო ჩანაწერი ¹22 23/IX, 1968 წელი) და ¹H3 ¹5169477 სამხედრო ბილეთის მფლობელ ხ. გ.-ის ძე მ-იანს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით, მოქალაქის პირადობის მოწმობითა და სამხედრო ბილეთით დაადგინა, რომ ხ. გ.-ის ძე მ-იანი დაბადებულია 1968 წლის 12 სექტემბერს ახალციხის რაიონის სოფელ ... . ახალციხის რაიონის სამხედრო განყოფილების მიერ 1992 წლის 12 აგვისტოს გაცემული სიით დასტურდება, რომ მ-იან ხ. გ.-ის ძე დაბადებული 1968 წელს სოფელ ... გაწვეულ იქნა სამხედრო შეკრებაზე ახალციხის სამხედრო განყოფილებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის მიერ გაცემული 2000 წლის 8 თებერვალს ¹10245 ცნობით დასტურდება, რომ მ-იანი ხ. გ.-ის ძე ნამდვილად იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992 წლის 23 სექტემბრიდან 1992 წლის 28 ოქტომბრამდე. საქართველოს შეიარაღებული ძალების 22-ე ბრიგადის მეთაურის 1992 წლის 23 აგვისტოს ¹9 ბრძანებაში, რომლის მიკუთვნებასაც განმცხადებელი ითხოვს, აღნიშნულია, რომ საბრძოლო დავალების შესასრულებლად, 1992 წლის 28 აგვისტოს ქ.სოხუმში მივლინებაში წასულად ჩაითვალა რეზერვისტი რიგითი ¹54 მ-იანი ხ. გ.-ის ძე. ის ფაქტი, რომ განმცხადებელი გაწვეულ იქნა სოხუმში საბრძოლო დავალების შესასრულებლად ასევე დგინდება მოწმე ე. ა-იანის ახსნა-განმარტებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ¹10245 და ახალციხის რაიონის სამხედრო განყოფილების მიერ გაცემულ ცნობებში მითითებული პირის სახელი, გვარი, მამის სახელი, ასევე დაბადების წელი და დაბადების ადგილი ემთხვევა განმცხადებლისას. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ განმცხადებელი მ-იან ხ. გ.-ის ძე გაწვეულ იქნა სამხედრო შეკრებაზე 1992 წლის 21 აგვისტოს და მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992 წლის 23 სექტემბრიდან 1992 წლის 28 ოქტომბრამდე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 22-ე ბრიგადის 1992 წლის 28 აგვისტოს ¹9 ბრძანებაში მითითებული მ-იანი ხ. გ.-ის ძე ნამდვილად ის პიროვნებაა, რომელზეც ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებია შედგენილი, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო წესით დავა უფლების შესახებ წარმოიშობა მაშინ, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: მოცემული საქმის წარმოების დაწყების საფუძველი გახდა ხ. მ-იანის განცხადება დოკუმენტების კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც სასამართლოს მიერ განხილულ იქნა უდავო წარმოების წესით. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით კი დგინდება, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ხ. მ-იანის სარჩელი, რაც არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევაა და აღნიშნულზე სააპელაციო პალატას არ უმსჯელია. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები და ისე დაადგინა ბრიგადის მეთაურის 1992 წლის 28 აგვისტოს ¹9 ბრძანების ხ. მ-იანისათვის კუთვნილების ფაქტი, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული ბრძანების დედანი არ გამოუთხოვია. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ბრძანების ამონაწერის მიკუთვნებაზე ემსჯელა. სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავოდ მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნები, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო, საქმე საერთო სასარჩელო წესით განეხილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია პირისათვის დოკუმენტის კუთვნილების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის საკითხის უდავო წარმოების წესით განხილვისა და მტკიცებულების შეფასებისას მისი დედნის გამოთხოვნის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.