ას-1209-1060-2010 17 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ე-შვილი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – დ. დ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ე-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. კ-იას მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა. იგი მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის უფროსის მოადგილედ და ყოველთვიურად იღებდა ხელფასს - 700 ლარს. თუმცა მოგვიანებით მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, კერძოდ, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 31 000 ლარის გადახდა მოუწია. 2009 წლის 14 ნოემბრიდან გაათავისუფლეს სამსახურიდან. პირველი ქორწინებიდან ჰყავს 21 წლის შვილი, რომელსაც ასევე მოვლა სჭირდება, ამდენად, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 20 ლარამდე შემცირება და შემცირებული ალიმენტის გადახდის დაწყება 2009 წლის დეკემბრიდან.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის, 150 ლარის, უცვლელად დატოვება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ე-შვილის სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასააჩივრა ი. ე-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ი. ე-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, ი. ე-შვილს დაეკისრა ნ. კ-იას სასარგებლოდ მცირეწლოვანი შვილის, ს. კ-იას, აღსაზრდელად ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა 2008 წლის იანვრიდან მისი სრულწლოვანების მიღწევამდე. ი. ე-შვილი 2009 წლის 14 ნოემბრიდან გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა. 2010 წლის 3 ივნისსა და 2010 წლის 7 ივნისს ი. ე-შვილს სააღსრულებო ბიუროსათვის გადასარიცხად “კორ-სტანდარტ-ბანკში” შეტანილი აქვს 31 000 ლარი. მცირეწლოვან ს. კ-იას დროგამოშვებით ესაჭიროება მკურნალობა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით და მიუთითა, რომ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის მაქსიმალური დაცვა და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნდნენ – ხომ არ მიადგება ზიანი ბავშვის ინტერესებს, რომელიც პრიორიტეტულია ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისათვის; გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1221-ე მუხლები და აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს წარმოადგენს ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მატერიალური მდგომარეობის შეცვლას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით ი. ე-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე, აპელანტმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 39885,96 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ ალიმენტის დაკისრებისას უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ინტერესები, რომელზე ზრუნვაც ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრებათ. მართალია, ზემოაღნიშნული განაჩენით აპელანტს ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, მაგრამ მას პირობითი მსჯავრის პირობებში შეუძლია დასაქმდეს თანამდებობის დაკავების გარეშე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან, ასევე ხშირად ავადმყოფობს (რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია) და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს. პალატამ მიიჩნია, რომ ი. ე-შვილისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა იმთავითვე იყო გონივრული ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აპელანტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკისრებული თანხა – 150 ლარი არაგონივრული და უსამართლო არ არის თუნდაც აპელანტის უმუშევრობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ე-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე და 1221-ე მუხლები, კერძოდ, პალატამ მართალია, მიუთითა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, სამი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, მაგრამ დაადგინა, რომ მან უნდა იხადოს ალიმენტი ისევ იმ ოდენობით, რომელიც მას დაეკისრა იმ დროს, როდესაც მას სამსახური ჰქონდა და როდესაც ხელფასის სახით ყოველთვიურად 700 ლარს იღებდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ი. ე-შვილს შეუძლია, დასაქმდეს პირობითი მსჯავრის შეფარდების შემთხვევაშიც თანამდებობის დაკავების გარეშე და მომავალში, სავარაუდოდ, სადმე დასაქმდება, მაგრამ არ გაითვალისიწინა ის გარემოება, რომ იგი დღეისთვის უმუშევარია, რითაც სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის საფუძველზე დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, მოითხოვოს ალიმენტის ოდენობის არა მარტო შემცირება, არამედ გაზრდაც. ალიმენტის თანხის ოდენობის განსაზღვრისას არავითარი შეფასება არ მიეცა მოსარჩელის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ი. ე-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ე-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია ალიმენტის ოდენობის შემცირება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, და 1221-ე მუხლებს. იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ე-შვილს უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 16 ნოემბერს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ე-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ი. ე-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.