¹ას-1210-1471-09 21 იანვარი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე,)
მაია სულხანიშვილი,(მომხსენებელი)თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –ს.ს. “გ.-ი” (მოპასუხე)
წარმომადგენლები—ლ. გ-ძე, დ. ვ-ია
მოწინააღმდეგე მხარე-შპს “ა.-ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „გ.-ს“ შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 298.281,28 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “გ.-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის 22 ნოემბერს 18 საათსა და 30 წუთზე სს „გ.-ის“ ფოთის ფილიალის მმართველის ბიდიკო კაკულიას სიტყვიერი განკარგულებით გაითიშა შპს „ა.-ის“ აბონენტებისათვის საერთაშორისო გამსვლელი კოდი „8“, 25 ნოემბერს შეიზღუდა ფოთის ელექტროკავშირის აბონენტებთან დაკავშირება და უცვლელი დარჩა მხოლოდ 01,02,03,07 სპეცნომრებზე გასვლა.
ამ პერიოდში შპს „ა.-ის“ 399 აბონენტი გადაერთო ს.ს. „საქართველოს გაერთიანებული სატეოლეკომუნიკაციო კომპანიის ატს-ში.
2005 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, 10 თვის განმავლობაში, ს.ს. „საქართველოს ელექტროკავშირის“ ფოთის ფილიალის ნომრებზე შპს „ა.-ის“ მხოლოდ 18 აბონენტი გადაერთო, ხოლო 2005 წლის 20 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე 19 დღის განმავლობაში გადაერთო 399 აბონენტი.
2005 წლის 24 ნოემბრიდან 2006 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, ანუ 96 დღის განმავლობაში, შპს „ა.-იდან“ სს „გ.-ში“ გადაერთო 1111 აბონენტი.
სს „გ.-ის“ მხრიდან აღნიშნული ქმედებით ადგილი ჰქონდა ვალდებულების უხეშ დარღვევას და შედეგად შპს „ა.-ისათვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგინა ერთ აბონენტზე 0,32 ლარი ყოველდღიურად.
სასამართლოს მიერ გაცემული ¹2/66-43 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს „გ.-ს“ დაევალა საზოგადოების ფოთის ფილიალში ყველა ტელეფონის ჩართვა, რომლის აბონენტი ირიცხება შპს „ა.-ში“, სს „გ.-ის“ ასევე დაევალა სს „გ.-ის“ და შპს „ა.-ის“ აბონენტთა ურთიერთკავშირების აღდგენა“.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულებული არ არის და და კვლავ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულებული არ არის და კვლავ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია. გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი დადასტურებული უნდა იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ, მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს მიერ. სასამართლოს მიერ აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება დაეფუძნა საქმეში წარმოდგენილ სააღსრულებო ბიუროს წერილებს, რომლითაც დგინდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია სს „გ.-ის“ მხრიდან მოსარჩელეებისათვის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანის ფაქტი, კერძოდ, სახეზეა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “გ.-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება.
კასატორის მითითებით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების შესახებ.
სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მხოლოდ და მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს მიერ (2009 წლის 27 ივლისის ¹01\09-02-1956 და 2008 წლის 21 აგვისტოს ¹-1\35) გაცემულ წერილებზე დაყრდნობით.
კასატოპრის აზრით სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ზემოთ აღნიშნული წერილების შინაარსთან დაკავშირებით. სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 21 აგვისტოს ¹01\35 წერილთან დაკავშირებით სს „გ.-ის“ პოზიცია ნათლად არის ჩამოყალიბებული სააპელაციო საჩივარში.
სრულიად გაუგებარია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 23.07.2009 წლის ¹05\1364-09 წერილის საფუძველზე რატომ ჩათვალა აღმასრულებელმა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 06.03.2008 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ არის აღსრულებული, როდესაც კომისიის წერილში საწინააღმდეგოა აღნიშნული.
კასატორის აზრით სასამართლო არ დაინტერესებულა რამდენად სწორად შეაფასა აღმასრულებელმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 23.07.2009 წლის ¹05\1364-09 წერილში აღნიშნული ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა აღმსასრულებელს სათანადო კომპეტენცია კომისიის ზემოთ აღნიშნული წერილის საფუძველზე დაედგინა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 06.03.2008 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ არის აღსრულებული. საკითხის გარკვევის მიზნით აღმასრულებელს არ მიუმართავს სათანადო კომპენტენტური ორგანოსათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და არ გამოუთხოვია შესაბამისი ინფორმაცია.
კასატორის განმარტებით სააღსრულებო ბიუროს მიერ შპს „ა.-ის“ მოთხოვნის საფუძველზე ისე გაიცა 27.07.2009 წლის ¹01\09-02-1956 წერილი, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ გადამოწმებულა სს „გ.-ის“ მიერ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესრულების საკითხი. სააღსრულებო ბიურო მხოლოდ 29.07.2009 წლის ¹01\-9-01\31-გ-19058 წერილით (მას შემდეგ, რაც 27.07.2009 წელს უკვე გაცემული აქვს ¹01\09-02-1956 წერილი) ითხოვს კომისიისგან ინფორმაციას სს „გ.-ის“ მიერ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესრულების შესახებ და 30.07.2009 წლის ¹03\1540-09 წერილით იღებს კიდეც კომისიისგან დადებით პასუხს.
ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 27.07.2009 წლის ¹01\09\02-1956 წერილი, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს არის სათანადო კომპეტენტური ორგანოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე გაცემული ცნობა. სასამართლო აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი კომისიაში საკითხის გადამოწმების გარეშე გაეცა 27.07.2009 წლის ¹01\09-02-1956 წერილში გათვალისწინებული ინფორმაცია.
კასატორის განმარტებით შპს „ა.-ის“ მიერ სააღსრულებო ბიუროს 27.07.2009 წლის ¹01\09-02-1956 წერილი წარდგენილა სასამართლოს 28.07.2009 წლის მთავარ სხდომაზე. სასამართლომ ისე მიიღო აღნიშნული დოკუმენტი მტკიცებულებად, რომ სს „გ.-ისთვის“ არ მიუცია შესაძლებლობა წარედგინა საწინააღმდეგო მტკიცებულებები. სასამართლო თავადაც არ დაინტერესებულა წარდგენილი მტკიცებულებების გადამოწმებით და დანიშნა გადაწყვეტილების გამოცხადების დღე, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი.
ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში სასამართლო უთითებს იმ მუხლებს, რომლებიც თავადვე აქვს დარღვეული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან სს „გ.-ს“ არ მიეცა შესაძლებლობა გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ 2009 წლის 28 ივლისის მთავარ სხდმაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ დანიშნა გადაწყვეტილების გამოცხადების დღე და უარი უთხრა სს „გ.-ს“ 2009 წლის 31 ივლისს წარდგენილი ისეთი მტკიცებულებების მიღებაზე, რომლებზე დაყრდნოითაც ადვილად დამტკიცდებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უსაფუძვლობა. ამდენად, სასამართლომ სს „გ.-თან“ მიმართებაში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2009 წლის 4 აგვისტოს საოქმო განჩინებით უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სს „გ.-ის“ შუამდგომლობა მტკიცებულებების წარმოდგენის და საქმეზე დართვის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “გ.-მ” მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 აგვისტოს განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,გ.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს ,,გ.-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს- სს ,,გ.-ის” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის 70%- 5600ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,გ.-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს- სს ,,გ.-ის” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის 70%- 5600 ლარი
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.