ას-121-115-10 3 ივნისი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. მ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2003 წლის 23 მაისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. მ-ძემ მოპასუხეების ნ. მ-ძის, ნ. კ-იანის, თ. დ-შვილისა და თ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა ნ. კ-იანზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნ. კ-იანსა და ნ. მ-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აღნიშნული ბინის 5/12 წილის მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
2009 წლის 13 ოქტომბერს აპელანტ ნ. მ-ძის წარმომადგენელმა მ. ა-ძემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ იგი საქმეში არსებული დოკუმენტის მიხედვით იყო აპლანტ ნ. მ-ძის წარმომადგენელი და მხარესთან შეთანხმებით, პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო წარმომადგენელი, თუმცა მან ვერ შესძლო ავადმყოფობის გამო პროცესზე გამოცხადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ნ. მ-ძის წარმომადგენლის მ. ა-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტ ნ. მ-ძის წარმომადგენელი მ. ა-ძე სხდომაზე გამოცხადდა დაგვიანებით, იმ დროს როდესაც სასამართლო გასული იყო სათათბირო ოთახში. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე ნორმის დანაწესს არ შეესაბამეაბა, კერძოდ, ცნობა არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და ამ ცნობიდან არ დასტურდება 2009 წლის 23 სექტემბერს, სასამართლო სხდომის დღეს მ. ა-ძის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რაც შეუძლებელს გახდიდა პროცესზე მის გამოცხადებას. ეს გარემოება დასტურდება იმითაც, რომ მ. ა-ძე მითითებულ დღეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დაგვიანებით, იმ დროს, როცა სასამართლო გასული იყო სათათბირო ოთახში.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ვერც საჩივრის ზეპირი განხილვისას დაამტკიცა სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული იმ გარემოების არსებობა, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის განხილვის განახლებას. ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეკისრება მხარეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძის წარმომადგენელმა მ. ა-ძემ და მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა პროცესზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2009 წლის 23 სექტემბერს, პროცესის დღეს მოიწამლა. მან აღნიშნა, რომ 12 საათზე ჰქონდა სამედიცინო დახმარების სამსახურიდან გამოძახება. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი არის ხანდაზმული და სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. მ-ძის წარმომადგენელ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 23 სექტემბერს 13.00 საათზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა აპელანტი ნ. მ-ძე, რომელიც სასამართლოში მოწვეული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარის ბ. მ-ძის წარმომადგენელმა მ. ბ-ძემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელი გახდა ცუდად, ხოლო მისი მარწმუნებელი არის ხანდაზმული და ვერ შესძლო პროცესზე გამოცხადება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება საპატიოდ, თუ მისი ავადმყოფობა დადასტურებული იქნება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ უნდა უთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი აუცილებელ პირობად მიიჩნევს ავადმყოფობის დამადასტურებელ დოკუმენტზე სამედიცინო ხელმძღვანელის ხელმოწერას და ამ დოკუმენტში იმაზე მითითებას, რომ მხარეს სასამართლო პროცესზე გამოცხადება არ შეეძლო.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული საქმის განხილვა დანიშნული 2009 წლის 23 ივნისს 13.00 საათზე. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მ. ა-ძემ დაიგვიანა პროცესზე. მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო სამსახური 009-ის ცნობიდან ირკვევა, რომ მას აღენიშნებოდა ალიმენტური ინტოქსიკაცია, თუმცა აღნიშნულ ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. გარდა ამისა, ნ. მ-ძეს პირადად შეეძლო გამოცხადებულიყო ან დაკავშირებოდა სასამართლოს, რაც არ გაუკეთებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა მისი და მისი მარწმუნებლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. მ-ძე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ძის წარმომადგენელ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.