Facebook Twitter

ას-1212-1063-2010 11 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “დ.”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ნივთის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 19 მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადახდის ბრძანების მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოპასუხე სს “დ.-ს” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების 22515.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 20174.15 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 2-11).

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მაისის გადახდის ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა: სს “დ.-ს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 22515.80 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 20174 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 27-29).

სს “დ.-ს” შესაგებლის (პროტესტის) საფუძველზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ზემომითითებული გადახდის ბრძანება გაუქმდა და დადგინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების საერთო სასარჩელო წესით განხილვა (ტომი I, ს.ფ. 57-58).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „დ.-ს“ დაეკისრა 22515.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 7060.95 ლარის გადახდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ, სს „დელოდორს“ ასევე დაევალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დისკებიანი ფარცხის (მოდელი EPLI4A) გადაცემა (ტომი I, ს.ფ. 86-93).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ (ტომი I, ს.ფ. 102-110, 112-121).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „დ.-ს“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სს „დ.-სათვის“ 22515.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 7060.95 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი სს „დ.-სათვის“ თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 143-152).

დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ტომი II, ს.ფ. 160-169).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი II, ს.ფ. 184-189).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს “დ.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სს “დ.-სათვის” 22515.80 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი სს “დ.-სათვის” 22515.80 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სს „დ.-სათვის“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 7060.95 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შემდეგში მდგომარეობს:

2006 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „დ.-ს“ შორის სანოტარო ფორმით დაიდო 9 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის გადაეცა შემდეგი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: ტრაქტორი ბელარუს-1025 შასი 10300909, ძრავი 199921; ტრაქტორი ბელარუს 512 შასი 05709245, ძრავი 694229; ტრაქტორი ბელარუს 512 შასი 05709246, ძრავი 687743; ოთხფრთიანი გუთანი, მოდელი BP16-16“X4 შასი E06.06E11; ორფრთიანი გუთანი, მოდელი BP16-16“X2 შასი E06.06F12; ორფრთიანი გუთანი, მოდელი BP16-16“X2 შასი E06.06F02; დისკებიანი ფარცხი, მოდელი ELP28A, შასი E06.06G07; დისკებიანი ფარცხი, მოდელი EPL14A, შასი E06,06H07; როტარული ფრეზი, მოდელი Uღთ132, შასი E06.06D06;

ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად ტექნიკის საერთო ღირებულება შეადგენს 112.579 ლარს. მხარეთა შეთანხმებით მყიდველის მიერ გადახდილი ბეს ოდენობა განისაზღვრა გადაცემული ტექნიკის საერთო ღირებულების 20%-ით, რაც შეადგენს 22515.80 ლარს;

ხელშეკრულების 2.3 მუხლით განისაზღვრა ტექნიკის ნარჩენი ღირებულების 90063.20 ლარის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც სს „დ.-მ“ იკისრა ვალდებულება 2007-2010 წლის განმავლობაში ყოველწლიურად წელიწადის მე-4 კვარტალში გადაეხადა 22515.80 ლარი.

ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ტექნიკის ნარჩენი ღირებულების 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და მისი გადახდა მყიდველს ეკისრება ხელშეკრულების 2.3 პუნქტით დადგენილ ვადაში ტექნიკის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სრულად შეასრულა სს „დ.-ს“ წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 5 დღის ვადაში მყიდველს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკა, რაც დადასტურებულია მხარეებს შორის 2008 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით;.

სს „დ.-მა“ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ოდენობით 22515.80 ლარი;

სს „დ.-ს“ მისთვის გადაცემული ტექნიკის დარჩენილი ღირებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის არ გადაუხდია და ვალდებულება არ შეუსრულებია;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹2-69 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სს „დ.-თან“ 2006 წლის 13 ოქტომბერს დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება;

სს „დ.-მა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით დაუბრუნა მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის გადაცემული ტექნიკა, გარდა დისკებიანი ფარცხისა (მოდელი EPL14A, შასი E06.06H07).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ისინი სადავოდ არ ხდიდნენ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობას _ 112 დღეს, არამედ არ ეთანხმებოდნენ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშების წესს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებას სს “დ.-სათვის” 22515.80 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე და 508-ე მუხლების არასწორი განმარტება. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიღებული შესრულება მხარეებს უბრუნდებათ, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კრედიტორი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა (22515.80 ლარის ნაწილში) წარმოადგენდა ნასყიდობის ფასის (ნარჩენი ღირებულების) ნაწილს და მხარეთა შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნის საფუძველიც მოსარჩელეს აღარ გააჩნდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობებში.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სს “დ.-ს” პრეტენზია თანხის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 7060.95 ლარის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 419-ე მუხლებზე, აგრეთვე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისათვის. მხარეთა შეთანხმებით, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლო, ამასთან, შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაიბრუნოს ტექნიკაც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორს (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო) უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირგასამტეხლო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს “დ.-ს” მითითება იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ წარმოადგენდა გაყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მესაკუთრეს და შესაბამისად, იგი არასათანადო მოსარჩელე იყო. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მფლობელობაში (რომელთანაც 2006 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულება დაიდო) და მყიდველს (სს “დ.”) იგი გადასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

რაც შეეხებოდა სს “დ.-ს” არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კონტრაჰენტის სათანადო წესით ინფორმირების გარეშე, ასეთს კი მოპასუხესთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულებაზე უარის თქმას სს “დ.” დაეთანხმა. ეს იმაში გამოიხატა, რომ მან ხელშეკრულებით მიღებული ნივთები დაუბრუნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამასთან, ხელშეკრულებაზე უარი მოპასუხეს სარჩელით სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრება პირგასამტეხლოს ოდენობის დაუსაბუთებლად შემცირების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე (გამყიდველი) არის სახელმწიფო, მისი მმართველობითი ორგანოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახით, იმავდროულად პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების თანახმად აქვს მხოლოდ გამყიდველს, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ორიენტირად მართებულად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლითაც დადგენილია სახელმწიფოს წინაშე ნებისმიერი პირის საჯაროსამართლებრივი ფულადი ვალდებულების, საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გადასახდელი საურავის ოდენობა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ამ ნორმით დადგენილი საპროცენტო განაკვეთით (ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.07%) გადახდევინება, სწორად მიიჩნია სამართლიან ოდენობად (ტომი 3, ს.ფ. 21-32).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სს “დ.-ს” მის სასარგებლოდ დაეკისრება ძირითადი თანხა 22515.80 ლარი, აგრეთვე, პირგასამტეხლო 20174.15 ლარი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის შეფასებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ძალადაკარგულად გამოცხადება, არ ათავისუფლებს მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღებული სამართლებრივი ვალდებულებებისაგან. სს “დ.-ს” მიერ 2008 წლის გადასახდელი ძირითადი თანხა იმავდროულად წარმოადგენს არსებულ პერიოდში (2007 წლის მეოთხე კვარტალი _ 2008 წლის 22 აპრილი) ტექნიკის მატერიალურ-მორალური დანაკარგის (ცვეთის) აღდგენის სახეს. საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 506-ე მუხლების დაცვით. უდავოა, რომ ხელშეკრულების მხარეებს აღნიშნული გარიგება საცილო არ გაუხდიათ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლით მხარე გამოხატავს ნებას, არ გააგრძელოს კონტრაჰენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისად, კარგავს დარჩენილი შესრულების მოთხოვნის უფლებას. სს “დ.-ს” ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოექმნებოდა, თუ კომპანიასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულება დაირღვეოდა ან/და მანამდე შეწყდებოდა, სანამ სამინისტრო მოპასუხეს ტექნიკას გადასცემდა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ნაწილში დაუსაბუთებელია. სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სს “დ.-ს” ნასყიდობის ფორმით გადახდის განვადებით გადასცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და განუსაზღვრა გონივრული ვადა ვალდებულების ეტაპობრივად დასაფარად. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებით არ დატვირთულა სს “დ.-ს” საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, ამასთან, ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული მოსალოდნელი ინფლაციის პროცენტი. სწორედ ამგვარი სამართლებრივი ბერკეტების სანაცვლოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს “დ.-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული პირგასამტეხლო _ 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღზე, წარმოადგენს სამართლიან (შესაბამის) ოდენობას (ტომი 1, ს.ფ. 36-44).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.