ას-1213-1064-2010 14 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ.როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ ... ... სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ. შ-ძე, კ. გ-ვა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ კანონიერი საფუძვლის გარეშე ოჯახში მყოფი ბავშვის გამოყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ-ძისა და კ. გ-ვას მიმართ ოჯახში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი ბავშვის გამოყვანის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2010 წლის 4 იანვარს ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას ნ. შ-ძემ აცნობა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან დატოვებულ იქნა მდედრობითი სქესის ახალშობილი. Mმოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. ლ-ძე აღიარებულ იქნა მიტოვებულად. ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ ნ. ლ-ძეს მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. მოსარჩელის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები იმყოფებიან მშვილებელთა რეესტრში აღრიცხვაზე, ბავშვს თავისთან ამყოფებენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც არ დაეთანხმნენ ნ. და კ. გ-ვა და მოითხოვეს ნაპოვნი ბავშვის შვილად აყვანა.
ნ. შ-ძემ და კ. გ-ვამ სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 1 მარტიდან ზრდიან ბავშვს, რომელსაც ყველა პირობა შეუქმნეს ნორმალური აღზრდისათვის. 2010 წლის 29 იანვრიდან ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებით მიტოვებული ბავშვის - ნ. ლ-ძის შვილად აყვანას არ დაეთანხმა ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება, ვინაიდან მიიჩნია, რომ შვილად აყვანის წესი გათვალისწინებულია კანონმდებლობით და იგი საჭიროებს შესაბამისი ორგანოს დასკვნას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. შ-ძისა და კ. გ-ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; Aარასრულწლოვანი ნ. ლ-ძე, დაბადებული 2009 წლის 1 მარტს, გაშვილებამდე დარჩა ნ. შ-ძისა და კ. გ-ვას ოჯახში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ 2010 წლის 16 ივნისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების განცხადების საფუძველზე ნ. ლ-ძე, დაბადებული 2009 წლის 1 მარტს, აღიარებულ იქნა მიტოვებულად. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ივნისს გაცემული დაბადების მოწმობის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ნ. ლ-ძის დაბადების თარიღად მითითებული იყო 2009 წლის 1 მარტი. ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. გ-ვა და ნ. შ-ძე აყვანილი არიან შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღრიცხვაზე. ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის წერილზე დაყრდნობით დადასტურებულად ცნო, რომ სოფელ ... ... მცხოვრებ კ. გ-ვას საცხოვრებელი სახლის ეზოში დატოვებული ჩვილის ბიოლოგიური მშობლების ვინაობა ვერ დადგინდა. 2010 წლის 15 იანვარს ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სოცმუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, მიიჩნია, რომ კ. გ-ვასა და ნ. შ-ძეს ოჯახში საყოფაცხოვრებო და ... პირობების თაობაზე მიეცათ რეკომენდაცია, რათა ისინი აყვანილი ყოფილიყვნენ აღრიცხვაზე მშვილებელთა რეესტრში. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. შ-ძე და კ. გ-ვა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 5 მარტიდან. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის შესაბამისად, კ. გ-ვა რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. დაახლოებით ერთ წელზე მეტია, რაც ნ. შ-ძე და კ. გ-ვა თავიანთ ოჯახში ზრდიან ნ. ლ-ძეს. მეუღლეებს, ნ. შ-ძესა და კ. გ-ვას, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ნაპოვნი ბავშვი სრულფასოვნად აღზარდონ.
სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს კანონის «შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» გამოყენების თაობაზე და მიუთითა, რომ, როდესაც კ. გ-ვამ და ნ. შ-ძემ აცნობეს აპელანტს ბავშვის მიტოვების შესახებ და მათ ამავე დაწესებულებას მიმართეს მშვილებელთა რეგისტრაციაში აყვანასთან დაკავშირებით, იმ დროს მოქმედებდა საქართველოს კანონი «შვილად აყვანის შესახებ». პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის «შვილად აყვანის შესახებ» მე-4 მუხლის «დ» პუნქტით, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და დადგენილად ცნო, რომ ნ. ლ-ძე აღიარებულია მიტოვებულად და მას მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. გამოიყენა «შვილად აყვანის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე კანონის მე-4 ნაწილი, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტი და მიუთითა, რომ ბავშვი კარგად არჩევს ერთმანეთისგან ოჯახის წევრებს და ძალიან უყვარს თავისი აღმზრდელები, ფაქტობრივად იგი თავს გრძნობს მშობლიურ გარემოში, რაც დადებითად მოქმედებს მის ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე. ბავშვი წელიწადზე მეტია იზრდება მოპასუხეებთან ოჯახში, აღზრდისათვის ნორმალურ გარემოში.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1242-ე მუხლით, 1287-ე მუხლით, 1239-ე მუხლით, ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-3 მუხლით, ამავე კონვენციის 21-ე მუხლით და აღნიშნა, რომ, მართალია, კ.გ-ვასა და ნ.შ-ძესთან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება მცირეწლოვანი ბავშვი – ნ. ლ-ძე, მაგრამ პირველ რიგში გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესები, კერძოდ, ბავშვი არის რაქიტული, აქვს სუსტი ძვლები, სისტემატურად უკეთდება მასაჟი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებს მეთვალყურეობას, წელიწადზე მეტია იზრდება მოპასუხეთა ოჯახში – აღზრდისათვის ნორმალურ გარემოში. ბავშვი კარგად არჩევს ერთმანეთისაგან ოჯახის წევრებს და ძალიან უყვარს თავისი აღმზრდელები, ფაქტობრივად იგი თავს გრძნობს მშობლიურ გარემოში, რაც დადებითად მოქმედებს მის ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე. Pპალატამ მიიჩნია, რომ მცირეწლოვანი ნ. ლ-ძის გაშვილებამდე მისი მოპასუხეებთან დარჩენა კანონიერია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ... ... სააგენტომ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: «შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, «ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას ბავშვის დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო». გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეუძლებელია კანონის მოთხოვნის შესრულება. დაუშვებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით კონკრეტულმა მშვილებელმა პირებმა მოიპოვონ შვილად აყვანის უპირატესი უფლება, რითაც დაცული იქნება «შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» კანონით დადგენილ მშვილებელ პირთა დაკმაყოფილების «რიგითობის პრინციპი». Aარასრულწლოვანი ნ. ლ-ძე აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად. სამოქალაქო კოდექსის 1275-ე და 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიტოვებულად აღიარებული ბავშვის მიმართ მეურვის სათანადო ვალდებულებების შესრულება ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. შექმნილ ვითარებაში საკანონმდებლო ვალდებულებების ხარისხიანი შესრულება შეუძლებელია. შესაბამისად, იქმნება ისეთი არასასურველი მდგომარეობა, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი პირის მიმართ, მაგრამ მასზე უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას სახელმწიფოს მხრიდან გაცემულ ბავშვთა დაცვის გარანტიებს.
სასამართლოს მოსაზრება არასრულწლოვანი ნ.ლ-ძის გაშვილებამდე მოპასუხეებთან დარჩენასთან დაკავშირებით არასწორია. ბავშვის გაშვილების სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება «შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» კანონის მე-17 მუხლით, რომელიც განმარტავს მშვილებელი კანდიდატებისათვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების იმპერატიულ პრინციპებს. Aამ ნორმიდან გამომდინარე, შეუძლებელია, მოპასუხეები განხილულ იქნენ, როგორც ნ. ლ-ძის მშვილებელი კანდიდატები. Mმოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი ნ.ლ-ძე, შვილად ასაყვანად უნდა შესთავაზონ «მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში» დარეგისტრირებულ მშვილებელ პირებს, რიგის მიხედვით. Mმოპასუხეები კი, «მშვილებელთა ერთიან რეესტრში» დარეგისტრირებული არიან 2010 წლის 2 თებერვალს და სიაში მათი (რიგის) ნომერია 1180. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია, რომელიმე მშვილებელთან დაიწყოს და წარიმართოს ნ. ლ-ძის გაშვილების საქმე, კერძოდ, გაუმართლებელია მშვილებელმა კანდიდატმა გასაშვილებელი ბავშვი მოინახულოს მოპასუხეების ოჯახში, ჩაუტაროს მას საჭირო სამედიცინო გამოკვლევა, მის მიმართ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ გასცეს დადებითი დასკვნა, გაიმართოს შვილად აყვანის სასამართლო პროცესი და სხვა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრება მიტოვებულად აღიარებული ბავშვის გაშვილებამდე მოპასუხეებთან დარჩენის თაობაზე, არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ... ... სააგენტოს საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია გასაჩივრებული განჩინებით საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების არასრული გამოკვლევა და არასარწმუნოობა, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს არასრულწლოვან ნ.ლ-ძის გაშვილებამდე ნ. შ-ძისა და კ. გ-ვასთან მისი ყოფნის კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო და სადავოს არ წარმოადგენს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 5 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. შ-ძე და კ. გ-ვა ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით აყვანილი არიან შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღრიცხვაზე. ზესტაფონის რაიონის სოფელ ... ... მცხოვრებ კ. გ-ვას საცხოვრებელი სახლის ეზოში 2009 წლის 1 მარტს დატოვებული ჩვილის ბიოლოგიური მშობლების ვინაობა ვერ დადგინდა და ჩვილს ამ პერიოდიდან ზრდიან შ-ძე და გ-ვა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების განცხადების საფუძველზე ნ. ლ-ძე, დაბადებული 2009 წლის 1 მარტს, მიტოვებულად იქნა აღიარებული.
სასამართლოს დასკვნა მცირეწლოვანი ნ. ლ-ძის გაშვილებამდე მოპასუხეებთან ცხოვრების კანონიერად მიჩნევის თაობაზე ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დადგენილ შემდეგ ფაქტებს: ბავშვი წელიწადზე მეტია (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ამჟამად კი უკვე ორი წელია) იზრდება მოპასუხეებთან ოჯახში – აღზრდისათვის ნორმალურ გარემოში. ბავშვი კარგად არჩევს ერთმანეთისგან ოჯახის წევრებს და ძალიან უყვარს თავისი აღმზრდელები, ფაქტობრივად იგი თავს გრძნობს მშობლიურ გარემოში, რაც დადებითად მოქმედებს მის ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე. ბავშვი არის რაქიტული, აქვს სუსტი ძვლები, სისტემატურად უკეთდება მასაჟი, საჭიროებს მეთვალყურეობას, იგი იზრდება მოპასუხეთა ოჯახში, აღზრდისათვის ნორმალურ გარემოში. მეუღლეებს, ნ. შ-ძესა და კ. გ-ვას, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ნაპოვნი ბავშვი სრულფასოვნად აღზარდონ.
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, ეს გარემოებები კასატორის _ სააგენტოს თანამშრომლის მიერ ნაპოვნი ბავშვის მოპასუხეებთან საცხოვრებელი პირობების ადგილზე შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზეა დადგენილი.
განსახილველი განჩინების გაუქმების საფუძველია ის გარემოება, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია კანონის დანაწესების განსაკუთრებულობა საოჯახო დავების განხილვასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა საასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა. აღნიშნულიდან განსხვავებით, საოჯახო დავების განხილვისას სასამართლო ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვაში. მითითებული დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავიდან, რომელიც აწესრიგებს რა საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს, 354-ე მუხლის პირველი პუნქტით ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. უფრო მეტიც, სასამართლო კანონით გათვალისწინებულ (მათ შორის ბავშვის უფლებების დადგენის) შემთხვევებში, ამავე კოდექსის 354-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, მიიღოს დროებითი განკარგულებაც, რაც სამოქალაქო სამართალწარმოებაში გამონაკლისს წარმოადგენს და უზრუნველყოფს ამ სფეროში უფლებების დარღვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.
ამდენად, საოჯახო დავების განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული შეჯიბრებითობის პრინციპით, მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ. კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით სასამართლომ უნდა იმოქმედოს სამძებრო (ინკვიზიციური) პრინციპით _ თავისი ინიციატივით უტყუარად უნდა გამოარკვიოს და დაადგინოს ფაქტები, რაც უზრუნველყოფს ბავშვის დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას.
მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტისა, რომ მცირეწლოვანი ნ. ლ-ძე კ.გ-ვასა და ნ.შ-ძესთან აღზრდისათვის ხელსაყრელ გარემო პირობებში იმყოფება, აღნიშნული საკმარისს არ წარმოადგენს ბავშვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ოჯახში დატოვების გადაწყვეტილების გამოსატანად. Aამ დასკვნას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სასამართლოს არ გამოურკვევია, კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკეთეს პირობებში ხომ არ მოხდება ბავშვის განთავსება და რა გავლენას მოახდენს ბავშვზე საცხოვრებელი გარემოს შეცვლა.
მითითებული საკითხების გამორკვევის აუცილებლობა განპირობებულია «შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» საქართველოს კანონის დანაწესებით და ამავე კანონით აღიარებული სახელმწიფოს მიზნით _ დაიცვას ბავშვის ინტერესები და იმპერატიული რეგულაციებით მაქსიმალურად აღმოფხვრას ბავშვის უფლებების დარღვევა, მათ შორის უკანონო გაშვილება.
Aამავდროულად, დავის თავისებურებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:
«შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, «ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას ბავშვის დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო». ამდენად, კასატორი ... ... სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილება უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მიტოვებულად აღიარებული ბავშვის გაშვილებამდე დროებითი განთავსების საკითხი. ამასთან, ეს უფლებამოსილება არ შეიძლება განხილულ იქნეს ბავშვის უფლებათა კონვენციით აღიარებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებისაგან დამოუკიდებლად. «შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლით შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია «ბავშვის უფლებათა შესახებ» და სხვა სამართლებრივი აქტები.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიზანია მსოფლიოს ყველა ბავშვი სარგებლობდეს სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უფლებით; უზრუნველყოფილი იყოს მზრუნველი ოჯახური გარემოთი, გართობისა და კულტურასთან ზიარების უფლებით. კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ბავშვის ინტერესების დაცვა. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას, რომლებიც ეხებათ ბავშვებს ან ბავშვთა ჯგუფებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება - მთავრობამ, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელობამ თუ თვით ოჯახმა. კონვენციით სხვა უფლებებთან ერთად ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ალტერნატიული მზრუნველობით, როდესაც ოჯახური გარემოს შენარჩუნება ვერ ხერხდება.
კონვენცია მხედველობაში იღებს რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ «ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ», ადგენს სახელმწიფოების ვალდებულებას ცხოვრების სათანადო დონის შექმნაზე, ხოლო ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვისათვის განსაკუთრებულ მფარველობასა და დახმარებაზე (კონვენციის მე-20, 27-ე მუხლები).
აღსანიშნავია კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი _ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ ... უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები _ უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ამდენად, ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი დებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით, უპირველესად, ბავშვის ინტერესს აღიარებს. შესაბამისად, ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერი ორგანო ვალდებულია, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს და პრიორიტეტი ბავშვის პიროვნების სრულ და ჰარმონიულ განვითარებას მიანიჭოს, რაზედაც არსებით გავლენას სწორედ ოჯახური გარემოს შექმნა ახდენს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული მოქმედებების განხორციელებას კომპეტენტური ორგანოების მიერ, უპირველესად, უნდა გაირკვეს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეესაბამება თუ არა ეს მოქმედება ბავშვის ინტერესს.
ბავშვის ინტერესების დაცვისას სრულად გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ბავშვის საცხოვრებელ გარემოს ეხებოდა მიუთითა, რომ სასამართლო აღიარებს რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტისას, ადგილობრივი სასამართლოები აწყდებიან ისეთ ამოცანას, რომელიც ძალიან რთულად გადასაწყვეტია. მათი მხრიდან მკაცრი, მოუქნელი პროცედურების დაცვის მოთხოვნა, უფრო მეტ პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ, მათ უნდა მიეცეს ფართო დისკრეციული მოქმედების საშუალება ასეთი საკითხების გადაწყვეტისას. ამგვარად, თუკი ბავშვი მოაცილეს ბიოლოგიურ მშობლებს და მოათავსეს ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ, ანუ აღსაზრდელად გადასცეს აპეკუმებს, დროთა განმავლობაში ბავშვსა და ამ უკანასკნელს შორის შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ახალი კავშირები, რომლებიც, Bბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა, რომ არ დარღვეულიყო, ან შეწყვეტილიყო ადრინდელი გადაწყვეტილებების გასაჩივრებით, რომლითაც მშობლებს აეკრძალათ, ან შეეზღუდათ თავიანთი (იგულისხმება მშობლის) უფლებები CASE OF W. v. THE UNITED KINGDOM – (Application no.9749/82; 8 July 1987 იგივე მოსაზრებაა გამოთქმული ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში (იხ CASE OF KEEGAN v. IRELAND – (Application no.16969/90; 26 May 1994), CASE OF CHEPELEV v. RUSSIA - (Application no.58077/00; 26 July 2007).), რომლებითაც კანონით დადგენილი მშობლისა და სხვა კანონიერ წარმომადგენელთა უფლებების საწინააღმდეგოდ პრიორიტეტი ბავშვის ინტერესს ენიჭება, თუკი კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ამა თუ იმ გარემოდან მოცილება ან მის ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის.
კასატორი მიტოვებულად აღიარებული ბავშვის გაშვილებამდე სხვაგან (სავარაუდოდ, ბავშვთა სახლში) განთავსების აუცილებლობას ასაბუთებს მხოლოდ იმ მოტივით, რომ ბავშვის მიმართ გაშვილების პროცედურა გამარტივდება. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ კასატორის ეს პოზიცია გასათვალისწინებელია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. მოცემულ შემთხვევაში არსებითს წარმოადგენს ბავშვის ინტერესი და კასატორის მიერ მითითებული კანონიც სწორედ ამ ინტერესის უკეთ დაცვას ემსახურება. ცხადია, განსახილველ დავაში არსებობს ინტერესთა კონფლიქტი (ერთი მხრივ _ კასატორის უფლება, გადაწყვიტოს ნაპოვნი ბავშვის დროებითი განთავსების ადგილი და მეორეს მხრივ _ ბავშვის ოჯახურ გარემოში, თუმცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ყოფნის ფაქტი). ასეთ შემთხვევაში დავა პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა გადაწყდეს და უპირატესობა უფრო ღირებულ სიკეთეს _ ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს უნდა მიენიჭოს, რაც, უდავოა, კასატორისათვისაც, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, უპირველეს წარმოადგენს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მოცემულ დავაში ნაპოვნი ბავშვის დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
ამ მიზნით კი სასამართლო ვალდებულია, თავისი ინიციატივით ყოველმხრივ და სრულად გამოარკვიოს ყველა ის ფაქტი, რაც ბავშვის უფლებებზე გავლენას მოახდენს და შეუქმნის მყარ რწმენას, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ბავშვის ინტერესი საუკეთესოდ დაცულია. კერძოდ, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს:
სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ბავშვის საცხოვრებელ პირობებთან შედარებით, ხომ არ არის ბავშვის უკეთეს პირობებში განთავსების შესაძლებლობა, რაც უნდა შემოწმდეს კასატორის მიერ შემოთავაზებული ბავშვის განთავსების ადგილთან მიმართებით;
არსებული ვითარებიდან ბავშვის სხვა გარემოში გადაყვანა რა გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, რისთვისაც სასამართლომ უნდა გამოიყენოს სათანადო სპეციალისტის ცოდნა;
ბავშვის გაშვილებამდე, შესაძლებელია თუ არა ნაპოვნი ბავშვისათვის ალტერნატიული ოჯახური გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, რისი შესაძლებლობაც კასატორს მოქმედი კანონის ფარგლებში გააჩნია;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ ... ... სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.