¹ას-1214-1065-2010 17 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ბ. ს-ძე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტისა და დახმარების დაკისრება, შვილის ნახვის უფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ს-ძის მიმართ თანაცხოვრების პერიოდში 1997 წლის 30 მაისს დაბადებული შვილის _ მ. ს-ძის სასარგებლოდ დახმარების _ 1000 ლარისა და ალიმენტის _ შვილის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ მონაწილეობს მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.ა-ძის მიმართ შვილის ნახვის უფლების მოთხოვნით, კვირაში ერთხელ _ შაბათს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ხელვაჩაურის რაიონის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ს-ძეს შვილის _ მ. ს-ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის _ თვეში 150 ლარის გადახდა სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ბ.ს-ძეს მ.ს-ძის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა დახმარების _ 1000 ლარის გადახდა, ბ.ს-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ.ს-ძეს მიეცა უფლება მ.ს-ძის მოსანახულებლად კვირაში ერთი დღე _ შაბათს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტისა და ერთდროული დახმარების დაკისრების ნაწილში ბ.ს-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ.ს-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ალიმენტის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ.ა-ძის სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ.ს-ძეს არასრულწლოვანი შვილის _ მ.ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის _ თვეში 100 ლარის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ს-ძესა და მ. ა-ძეს შორის ქორწინება შეწყდა. დაბადების მომწობის თანახმად, მხარეთა შვილი _ მ. ს-ძე დაიბადა 1997 წლის 30 მაისს.
საქმეში წარმოდგენილი შპს “ს.-ს” სამედიცინო სპეციალური ცენტრის დირექტორის ცნობით, ბ. ს-ძის ხელფასი შეადგენს 250 ლარს, ხოლო იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ბ.ს-ძე ქ.ბათუმში, ... ქ.¹13-ში მდებარე ¹8 ბინის სანაცვლოდ იხდის ქირას თვეში 150 ლარის ოდენობით და კომუნალურ გადასახადებს. ამასთან, მოპასუხის სახელზე რაიმე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოპასუხე ეწევა კერძო სამედიცინო პრაქტიკას და ვაჭრობს ტანსაცმლითა და ავტომანქანებით, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1128-ე, 1202-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ბ.ს-ძისათვის 150 ლარის ალიმენტის სახით დაკისრება არაგონივრულია, რადგან მხარის ხელფასი შეადგენს 250 ლარს და იგი თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარი. ამდენად, სასამართლომ სადავო ალიმენტის სამართლიან ოდენობად მიიჩნია ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი ერთჯერადად დახმარების _ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა მიმართულია მ. ს-ძისათვის უკეთესი განვითარების პირობების შესაქმნელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. ს-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დახმარების _ 1000 ლარისა და ალიმენტის _ თვეში 100 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მ.ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე, 1215-ე მუხლები და ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა კასატორის მატერიალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად. ასევე უკანონოა გადაწყვეტილება ერთჯერადი დახმარების გადახდის დავალდებულების ნაწილშიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ბ. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაკისრებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისა და ერთჯერადად დახმარებისათვის თანხის გადახდევინების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1128-ე, 1202-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ბ. ს-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 30 დეკემბერს მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ბ. ს-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.