ას-1214-1475-09 14 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე. მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ო. რ-ოვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ი-კო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-კომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. რ-ოვის მიმართ განქორწინების, ასევე 1995 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ა. რ-ოვისა და 2001 წლის 15 ივნისს დაბადებული ალ. რ-ოვის სასარგებლოდ ალიმენტის _ 100-100 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1993 წლიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც მათ შეეძინათ ორი შვილი. წელიწადნახევრის წინ მეუღლეებს შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში მოპასუხე თავს არიდებს შვილების რჩენას. ო. რ-ოვის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 550 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ ო. რ-ოვის ხელფასია 550 ლარი, ფაქტობრივად, მისი ყოველთვიური შემოსავალი 100 ლარს არ აღემატება. ამასთან, მას ჰყავს პენსიონერი, ავადმყოფი დედა, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ი-კოს სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მოსარჩელე მ.ი-კოსა და მოპასუხე ო.რ-ოვს შორის 1993 წლის 15 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება სასამართლოს გადაწყვეტილების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან, მოპასუხე ო.რ-ოვს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების _ ა. და ალ. რ-ოვების სასარგებლოდ საალიმენტო გადასახადი თითოეულისათვის თვეში 100 ლარის ოდენობით, სულ _ 200 ლარის გადახდა 2008 წლის ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ო.რ-ოვმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ო. რ-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ დაადგინა, რომ მ.ი-კომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.რ-ოვის მიმართ, მოითხოვა მასთან განქორწინება და არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება. ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოსარჩელემ სარჩელს საფუძვლად დაუდო ის გარემოებები, რომ რ-ოვი მუშაობს ინდივიდუალურ მეწარმე “ლ. კ-ოვასთან” შუშისა და მინის მჭრელად. მისი შემოსავალი შეადგენს 550 ლარს. მოპასუხე თავს არიდებს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-პატრონობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ არ გაიზიარა ო.რ-ოვის მითითება, რომ სასამართლო უწყება მას არ მიუღია, არამედ ჩაბარდა დედამისს, რომელსაც დაავიწყდა უწყების მისთვის გადაცემა. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას აპელანტს უწყების ჩაბარების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ საქმის განხილვის დრო მისთვის ცნობილი იყო, თუმცა იგი არ გამოცხადდა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებანი მის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცებლად ჩათვალა სარჩელში მითითებული გარემოებები, რომ ო.რ-ოვი მუშაობს “ლ. კ-ოვას” ინდივიდუალურ საწარმოში მინის მჭრელად და მისი შემოსავალი შეადგენს 550 ლარს. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის თვეში 200 ლარის დაკისრება შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით განსაზღვრულ პრინციპს. სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 285-ე და 59-ე მუხლების დარღვევის შესახებ, რადგან აღნიშნული ნორმების დარღვევა დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის. პალატა არ დაეთანხმა ო.რ-ოვის არგუმენტს, რომ სასამართლომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა ქონებრივი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად დააკისრა. პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი ადასტურებს მის ეკონომიკურ შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო.რ-ოვმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი შემოსავლის გათვალისწინებით ალიმენტის რეალური ოდენობის _ 30-35 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად ო.რ-ოვის ხელფასი შეადგენს ყოველთვიურად 100 ლარს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ჩათვალა, რომ მხარის შემოსავალი შეადგენდა 550 ლარს, საიდანაც უკანონოდ განუსაზღვრა ყოველ თვე 200 ლარის გადახდა. ო.რ-ოვმა მიმართა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, თუმცა მას აღნიშნულზე უარი ეთქვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ო.რ-ოვის საკასაციო საჩივრი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ო. რ-ოვის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივცრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2009 წლის 9 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით ამავე წლის 19 მარტს საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს კანონით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომის ოქმით 2009 წლის 19 მარტს ჩატარდა მთავარ სხდომა და, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რადგანაც მხარეები სასამართლო უწყებით მოწვეულ იქნენ საქმის მსამზადებელ სხდომაზე განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, გამოუცხადებელი მხარის თანხმობის გარეშე საქმის განმხილველი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საქმე განეხილა მთავარ სხდომაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIV თავით დადგენილი საქმის სასამართლოს მთავარი სხდომისათვის მომზადება წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების პირველ ეტაპს. ამ დროს სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოპასუხის ინფორმირებისა და სარჩელთან მიმართებით მისი პოზიციის წერილობითი ფორმით დაფიქსირებასთან ერთად, ამავე კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, წყვეტს ისეთ საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს მთავარ სხდომაზე საქმის ეფექტურ განხილვას. საქმის მთავარი სხდომისათვის მომზადების მიზნით, სასამართლოს, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შეუძლია დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. ამასთან, თუ მოსამართლე საქმეს საკმარისად მომზადებულად ცნობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომის გარეშე ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას. სასამართლო ვალდებულია, გარკვევით შეატყობინოს მხარეებს, თუ რა სახის სხდომაა დანიშნული. ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილი, როგორც საგამონაკლისო ნორმა ადგენს, რომ მოსამართლე უფლებამოსილია, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში. დასახელებული ნორმის თანახმად, მოსამართლეს უფლება აქვს, თუ საქმეს მოსამზადებელ სხდომაზევე ჩათვლის საქმეს საკმარისად მომზადებულად, გადაზარდოს იგი მთავარ სხდომაში. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელი იმპერატიულად მოითხოვს, რომ მხარეები თანახმა იყვნენ აღნიშნულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დასახელებული კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მთავარ სხდომას დანიშნავს სხვა დრიოსათვის, იმ ვარაუდით, რომ მოდავე მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. მხარეთა სავალდებულო თანხმობა მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდისათვის წარმოადგენს იმ მხარის უფლების დაცვის პროცესუალურ გარანტიას, რომელიც თვლის, რომ არ არის საკმარისად მომზადებული სასამართლოს მთავრ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. კანონის აღნიშნული დანაწესი იცავს აგრეთვე მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებელ მხარეს მისი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისაგან.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხისათვის გაგზავნილი უწყებით იგი ინფორმირებული იყო მოსამზადებელ სხდომაზე გამოსაცხადებლად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელი მთავარ სხდომაზე არასწორად იქნა განხილული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. დასახელებული ნორმით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სავალდებულო პირობას წარმოადგენს მხარის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა და არა მოსამზადებელ სხდომაზე დაბარებული მხარის გამოუცხადებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოუცხადებელი მხარის მიმართ ვერ გამოიტანს. დასახელებული ნორმის იმპერატიული დანაწესი, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის სავალდებულო წინაპირობაა მხარის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა, თავისთავად გამორიცხავს გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც პროცესუალური სანქციის გამოყენების შესაძლებლობას. რაც შეეხება დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, როგორც პრეზუმფციას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, აღნიშნული კანონმდებელმა დაარეგულირა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით. აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევის გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ფაქტი სასამართლოს არ აძლევს იმის ვარაუდს, რომ გამოუცხადებლობა ჩათვალოს მხარის თანხმობად საქმის მოსამზადებელი ეტაპის მთავარ სხდომაში გადაზრდისა, რაც შემდგომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო.რ-ოვის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. რ-ოვის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.