Facebook Twitter

საქმე # 180100116002314193

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№422აპ-18 ქ. თბილისი

ხ. რ., 422აპ-18 3 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი ჯებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ხ-ს, - ნასამართლევს, – ბრალი ედებოდა ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში, დ-ში, ვ-ში მდებარე ვ. ზ-ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რ. ხ-მ ვ. ზ-ს თავში ორჯერ ჩაარტყა ხელი, რის შემდეგაც ვ. ზ. დაეცა. ცემის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2016 წლის 13 იანვარს დ-ში, ვ-ას ქუჩაზე, რ. ხ-მ თავის ყოფილ მეუღლეს – მ. პ-ს განზრახ შეაჯახა ავტომანქანა, რითაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით რ. ხ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ჯებაშვილმა, რომელმაც ითხოვა რ. -ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაშიც და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმავე მოტივებით, რაც სააპელაციო საჩივარში ჰქონდა მითითებული, კერძოდ, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, დანარჩენ ნაწილში კი პროკურორმა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ი შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი ჯებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე