Facebook Twitter

საქმე # 010100218700050679

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№429აპ-18 ქ. თბილისი

მ. ნ. 429აპ-18 11 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით ნ. მ. დ-ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით; მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ნ. მ-მ განიზრახა დ-ის რაიონში, ი-ს მთებზე გამავალი, დ-ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარწყავი სისტემის შემადგენელი ლითონის მილების ქურდობა. 2016 წლის 2 აგვისტოს, ნ. მ-ს მითითებით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე აიყვანეს მუშები და სპეციალური ტექნიკა. მათ ნ. მ-ს მითითებით, მიწიდან ამოიღეს 520 მმ დიამეტრიანი 180,8 მეტრი ლითონის მილი, რომელიც დაიჭრა 16 ნაწილად. დაზარალებულისგან ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მილები ნ. მ-მ გადასცა გ. ხ-ს, რომელმაც, თავის მხრივ, მილები გაასხვისა (ერთი მეტრი - 75 ლარად). აღნიშნული ქურდობით ნ. მ-მ დ-ის მუნიციპალიტეტს მიაყენა 23 504 ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.

2016 წლის 3 აგვისტოს ნ. მ-მ განიზრახა იმავე ტერიტორიიდან ლითონის მილების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგი მისაკუთრების მიზნით. იმავე დღეს დ-ის რაიონის ი-ს მთაზე სარწყავი სისტემის შემადგენელი ლითონის მილები, ნ. მ-ს მითითებით, დაიჭრა რამდენიმე ნაჭრად, საიდანაც 13 ცალი 425 მმ დიამეტრიანი ლითონის მილი, საერთო სიგრძით 82 მეტრი, დაიტვირთა ავტომობილზე, ხოლო 327 მეტრი 520 მმ დიამეტრიანი მილები დაიჭრა 30 ნაჭრად და გამზადდა წასაღებად, ასევე წასაღებად გამზადდა 6 მეტრი 425 მმ დიამეტრიანი ერთი ლითონის მილი. ნ. მ-ს მიერ 2016 წლის 3 აგვისტოს წასაღებად გამზადებულმა ლითონის მილების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 52 699 ლარი, თუმცა მან ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის მუშაკებმა შეაჩერეს ავტომობილი და აღკვეთეს ნ. მ-ს დანაშაული.

4. კასატორები - მსჯავრდებული ნ. მ. და მისი ადვოკატი მიუთითებენ, რომ გამოძიებისას დაირღვა საპროცესო ნორმები; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები დაუსაბუთებელია; ლითონის მილების ღირებულება უტყუარად არ დადგენილა; სასამართლომ მტკიცებულებად არ დაუშვა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების დაუსაბუთებულობა; დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა ქურდობის მცდელობის ნაწილშიც დაუსაბუთებელია; ნ. მ-ს განზრახული ჰქონდა მხოლოდ სატვირთო მანქანაზე დატვირთული 13 ცალი 6,5 მეტრი სიგრძისა და 425 მმ დიამეტრიანი ლითონის მილების ქურდობა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ხოლო ადგილზე არსებული, დანარჩენი მილები მას არ დაუჭრია და მათი წაღების განზრახვაც არ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების ან/და ნებისმიერი კვალიფიკაციით საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. მ-სათვის სასჯელის მოხდის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებითა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, თუ რა ფასად გასხვისდა მოპარული მილები, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ როგორც უკვე დაუფლებული, ისე წასაღებად გამზადებული მილების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, იგი წარმოადგინეს საპროცესოსამართლებრივი ნორმების არსებითი დარღვევით, რის გამოც სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მისი არდაშვების შესახებ სრულიად კანონიერია.

9. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის უარი მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის გადავადების შესახებ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორივე პირობის ერთდროულად არსებობასთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.

10. უსაფუძვლოა კასატორის მითითება გამოძიების მხრიდან საპროცესო მოქმედებათა კანონის არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებაც, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასეთი რამ არ გამოვლენილა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე