Facebook Twitter

ას-1218-1069-2010 20 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “ჯ. ს.” (მოსარჩელე)

ოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ჯ. ს.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “თ.-ს” მიმართ უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის _ 26357,72 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ჯ.ს.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს “ჯ. ს.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ... გამზირ ¹12-ში მდებარე შენობაში აბონენტ ¹3431496-ის სახით სს „თ.-ს“ ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.

სს „თ.-ს“ მთაწმინდის აბონენტთა მომსახურების ცენტრის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის დავალიანებაზე შეტყობინება გაეგზავნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ¹3431496 აბონენტს მისამართზე: ქ.თბილისი, ... გამზირი ¹12.

2008 წლის 4 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ჯ. ს.-ს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შპს „ჯ. ს.-მ“ საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ... გამზირ ¹12-ში მდებარე ¹1 ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1700,52 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (III სართულზე _ 802,89 კვ.მ, IV სართულზე _ 775,83 კვ.მ, VI სართულზე _ 121,8 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის გზით.

2004 წლიდან საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო ლიკვიდირებულია.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ.თბილისში, ... გამზირ ¹12-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, შპს „ჯ. ს.-ს“ გარდა, ასევე წარმოადგენენ სს „ა.“, ქ. ხ-ელი, შპს „ნ.“, სს „ე.“, სს „ს.“, ფ. ი-ია, ა. ი-შვილი და ე. გ-შვილი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება და მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას, სამოქალაქო კოდექსის ნორმების გარდა, გამოყენებულ უნდა იქნეს “საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილება, რომელიც შემდგომში შეცვალა ამავე კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებამ, მაგრამ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის პერიოდისათვის მოქმედებდა და, შესაბამისად, სს „თ-სა“ და შპს „ჯ.ს.-ს“ შორის ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების საკითხებს აწესრიგებდა 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ჯ.ს.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ... გამზირ ¹12-ში რეგისტრირებულია 8 მესაკუთრე, თუმცა სააპელაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ამ შენობაში რეგისტრირებულია მხოლოდ 5 მესაკუთრე, რომელთა შორისაც უმეტესი წილი სწორედ “ჯ. ს.-ზე” მოდის.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სს „თ.-სა“ და შპს „ჯ. ს.-ს“ შორის დავის განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნეს სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილება და არა 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილება.

ცალსახაა, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 2009 წელს და არა სემეკის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მოქმედების პერიოდში. სასამართლო მიუთითებს, რომ აბონენტი (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო) თვითონ იყო ვალდებული, მიეწოდებინა სს „თ.-სთვის“ ინფორმაცია მისამართის შეცვლის თაობაზე, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო გაუქმდა ნორმატიული აქტით. ცხადია, ნორმატიული აქტის არცოდნა არ ათავისუფლებს მის მოთხოვნათა დაცვის ვალდებულებისაგან.

სააპელაციო სასამართლო ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, თუ რატომ უნდა შეუწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება შპს „ჯ. ს.-ს“ კუთვნილ ობიექტს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დავალიანების გამო, როდესაც მათ არანაირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ. ს.-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ჯ. ს.-ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის დარიცხვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ჯ. ს.-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 12 ნოემბერს მის მიერ გადახდილი 1127 ლარის 70% _ 788,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ჯ. ს.-ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს “ჯ. ს.-ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 788,9 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება