¹ას-1218-1478-09 11 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ღ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ბ-შვილმა მოპასუხე ნ. ღ-ძის წინააღმდეგ ქაღალდის საჭრელი და ოფსეტური საბეჭდი მანქანების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის 1974 წლიდან თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიე წევრი იყო. კოოპერატივის ბალანსზე ირიცხებოდა პოლიგრაფიული წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები. რ. ბ-შვილმა სამომხმარებლო კოოპერატივს სთხოვა აღნიშნული ძირითადი საშუალებების შესყიდვა. თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის მიერ განხილულ იქნა რ.ბ-შვილის თხოვნა და 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დასთანხმდა მოსარჩელის წინადადებას. პოლიგრაფიული წარმოებისათვის საჭირო ძირითად საშუალებების თერთმეტი დასახელების მანქანა-დანადგარი და სხვა სახის ტექნიკა რ.ბ-შვილს გადაეცა 2000 (ორი ათას) აშშ დოლარად და მყიდველის მიერ კოოპერატივში პაის დატოვების სანაცვლოდ.
რ. ბ-შვილის მტკიცებით, მას არ გააჩნდა რა სათანადო ფართი და სტამბის საქმიანობისათვის საჭირო გამოცდილება, ის დაუკავშირდა მოპასუხის ძმას – ს. ღ-ძეს, რომელიც გამოცდილი იყო ასეთ საქმიანობაში და შესთავაზა, ერთად აემუშავებინათ პოლიგრაფიული სტამბა. ფართის უქონლობის გამო ქაღალდის საჭრელი მანქანა და ოფსეტური საბეჭდი მანქანა დროებით, სათანადო პირობების შექმნამდე სანდრო ღ-ძემ შესანახად წაიღო მოპასუხე ნ. ღ-ძესთან. აღნიშნული მანქანები შენახულ იქნა ნ. ღ-ძის ავტოფარეხში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის მე-3 კორპუსის მიმდებარედ.
2007 წლის 28 მაისს ს. ღ-ძე გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად ისე, რომ მან და მოსარჩელემ ვერ მოასწრეს ერთობლივი საქმიანობის განხორციელება. ს. ღ-ძის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს ნივთების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის ნივთებს ნ. ღ-ძე ფლობს უკანონოდ, რის გამოც მან მოითხოვა ქაღალდის საჭრელი და ოფსეტური საბეჭდი მანქანების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყეტილებით რ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარდიონ ღ-ძე მოქმედებდა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მან რ. ბ-შვილის კუთვნილი ქაღალდის საჭრელი და ოფსეტური საბეჭდი მანქანები ამ უკანასკნელის სახელით დროებით შესანახად უსასყიდლოდ მიაბარა თავის ძმას, ნ. ღ-ძეს. დადგენილია, რომ შენახვის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, ამიტომ რ. ბ-შვილს უფლება აქვს მოითხოვოს მიბარების ხელშეკრულების შეწყვეტა და შესანახად მიბარებული ნივთის მოპასუხისაგან დაბრუნება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ღ-ძემ. მან მიუთითა, რომ მოწმე გ. გ-შვილის ჩვენება სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, კერძოდ ზ. გ-შვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ 2001 წლიდან დაფუძნდა ინდსაწარმო “ს. ღ-ძე” და ამავე პერიოდში შპს “ცის ნამიდან” შეძენილია საბეჭდი მანქანა “რომაერი”. ინდსაწარმომ შეიძინა სხვა დანადგარებიც და 2006 წლამდე ახორციელბდა საქმიანობას, რასაც ადასტურებს საგადასახადო დეკლარაციები და საბანკო ბრუნვები. მას შემდეგ, რაც ს. ღ-ძემ მუშაობა დაიწყო 2006 წელს ჟურნალ “თბილისელების” სტამბაში, გადაწყდა, რომ საწარმოს დროებით შეეწყვიტა ფუნქციონირება. იმის გამო, რომ არ გადაეხადათ ფართის ქირა, აღნიშნული დანადგარები შესანახად გადაიტანეს ნ. ღ-ძის ავტოფარეხში. კასატორის მითითებით, მიბარებული დანადგარები ეკუთვნოდა მის ძმას, სხვა შემთხვევაში იგი მოითხოვდა მიბარებისათვის ფულად კომპენსაციას. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ნ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
ნ. ღ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.