საქმე # 010100117002216239
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№442აპ-18 ქ. თბილისი
დ. რ. 442აპ-18 17 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით რ. დ. - დ–ს ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი და 4 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. რ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 9 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სრულწლოვანმა რ. დ-მ 2017 წლის 14 მაისს, დღის საათებში, ბ-ი, შ-ში მდებარე სახლის ეზოში არსებულ სააბაზანოში, მოტყუებით შეიყვანა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ლ. ბ. და ძალადობის გარეშე მასთან ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ, ხელით ეხებოდა სასქესო ორგანოზე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და რ. დ-ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
6. კასატორის პოზიციით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროება; ჩადენილია დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; წარსულში მსჯავრდებული ანალოგიური დანაშაულისათვის იყო გასამართლებული და, შესაბამისად, მას მინიმალური ზომის სასჯელი არ უნდა დანიშვნოდა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დანიშნული სასჯელი სამართლიანია. პალატა მხედველობაში იღებს რ. დ-ის ასაკს, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას, აგრეთვე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც რ. დ. ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათი სწორად გამოიყენა.
10. ამასთან, ვინაიდან პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს არ განუმარტეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, საკასაციო პალატა მითითებული ნორმის საფუძველზე მათ აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგებსა და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე