¹ბს-1123-701(კ-05) 25 ივლისი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია
კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წარმომადგენელი ნ. ბ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ლ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები _ 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი ნ. რ-ი; 2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, წარმომადგენლები: ც. ჩ-ე, ლ. დ-ი; 3. კვების მრეწველობის ინსტიტუტი, წარმომადგენლები: ნ. ბ-ა, თ. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ “ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 1997 წლის 15 დეკემბრის ¹23 ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2000 წლის 12 ივლისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ლ-ემ მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა “ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1997 წლის 15 დეკემბრის ¹23 ბრძანების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოხსნა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 20 ნოემბრის ¹1-3/706 ბრძანების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბავშვთა კვების ლაბორატორია გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 1997 წლის 15 დეკემბრის ¹23 ბრძანებით გააუქმა აღნიშნული ლაბორატორია და დაუქვემდებარა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს როგორც დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრუქტურული ერთეული. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანება ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, ვინაიდან რეგისტრირებული იურიდიული პირის _ ბავშვთა კვების ლაბორატორიის გაუქმება ამ ბრძანების საფუძველზე დაუშვებელი იყო (ს.ფ. 5-6).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი ხანდაზმულობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ არსებული სამართლებრივი მოწესრიგების საფუძველზე ლაბორატორიის არსებობა დადგენილად მიიჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში. სადავო ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას გააჩნდა მისი წესდების 45-ე მუხლის მე-8 აბზაცის, 75-ე მუხლის მე-2 აბზაცის საფუძველზე. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ბრძანების გამოცემა მიზნად ისახავდა ლაბორატორიის ლიკვიდაციას და ნ. ბ-ას დანაშაულის კვალის დაფარვას, რადგან აღნიშნული ბრძანება ლიკვიდაციის დადგენილებას არ შეიცავდა და სისხლის სამართლის საქმეც ნ. ბ-ას მიმართ შეწყვეტილი იყო მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო (ს.ფ. 169-173).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 176-181).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 1 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (ს.ფ. 195).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1997 წლის 15 დეკემბრის ¹23 ბრძანება “ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ" (ს.ფ. 254-260).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 265-266).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 318-327).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 6 ივლისის განჩინები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო (ს.ფ. 336).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი “ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ” საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 1997 წლის 15 დეკემბრის ¹23 ბრძანების მე-2, მე-3 პუნქტები, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 1992 წლის 23 ოქტომბრის ¹337 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა განყოფილების ბაზაზე სამეურნეო ანგარიშზე შეიქმნა ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების კვების პროდუქტების კვლევის ლაბორატორია. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1992 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა კვების მრეწველობის სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტის მოთხოვნა სამინისტროს მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 4 ნოემბრის განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტების წარმოების ლაბორატორიის წესდება, რომლითაც ლაბორატორიის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად განისაზღვრა სახელმწიფო საწარმო. შესაბამისად, ამ მომენტიდან ლაბორატორია წარმოადგენდა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე იურიდიულ პირს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 20 ნოემბრის ¹1-3/706 ბრძანებით ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორია გადავიდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში. ამ ბრძანების შესრულების მიზნით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 17 დეკემბრის ¹2-433 ბრძანებით ლაბორატორიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადასაცემად შეიქმნა კომისია, ხოლო აკადემიას ეთხოვა შეექმნა კომისია ლაბორატორიის მისაღებად, რომელსაც დაევალებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და არსებული წესით სამინისტროში მისი წარდგენა. მოსარჩელე არ ასაჩივრებდა ამ აქტებს და შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მისი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის გასაჩივრებული ბრძანების სრულად ბათილად ცნობის შესახებ. ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა, რომლებიც ადგენდნენ ლაბორატორიის, როგორც დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრუქტურული ერთეულის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაში გადაცემას და მისი სპეციალიზაციისა და თანამშრომელთა დასაქმების საკითხის გადაწყვეტას, შეიცავდა პირველ, მე-4, მე-5 პუნქტებსაც, რომლებითაც დადგენილი იყო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 20 ნოემბრის ¹1-3/706 ბრძანების სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად მიღება, ლაბორატორიის დადგენილი წესით მიღება-ჩაბარებისათვის კომისიის შექმნა, კომისიის პერსონალური შემადგენლობა და ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. ეს პუნქტები უშუალოდ გამომდინარეობდა სახელმწიფო ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ზემოაღნიშნული გაუსაჩივრებელი ბრძანებებიდან და ამ უკანასკნელთა ძალაში ყოფნის ვითარებაში დაუშვებელი იყო მათ საფუძველზე და შესასრულებლად მიღებული დანაწესების გაუქმება. მართალია, სადავო ბრძანების გამოცემის მომენტში ძალაში მყოფი “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას, მაგრამ ამავე დადგენილების მე-4 მუხლისა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის თანახმად, თუ რეგისტრირებული საწარმო არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობოდა, რეგისტრაცია უქმდებოდა, თუმცა რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო განიხილებოდა უშეცდომოდ რეგისტრირებულად. მართალია, ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების ლაბორატორიას არ გაუვლია ხელახალი რეგისტრაცია, მაგრამ მისი პირვანდელი რეგისტრაციის გაუქმების ფიქსაციის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარადგინა და მისი არარსებობის გამო იგი ვერც სასამართლომ მოიპოვა. 1997 წლის 15 დეკემბრის შემდეგ ლაბორატორიის, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირის არსებობა შინაარსობრივად დადასტურებული იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 17 დეკემბრის ¹2-433 ბრძანებითაც. მასში ლაბორატორია მიჩნეული იყო დამოუკიდებელი სტატუსის მქონე საწარმოდ. მართალია, სადავო ბრძანების მე-2 პუნქტის პირველი წინადადების _ ლაბორატორიის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ მართლზომიერება ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ვინაიდან შინაარსობრივად იგი განუყოფელი იყო ამ წინადადების შემდგომი ნაწილისაგან, რომლითაც ლაბორატორია დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრუქტურულ ერთეულად იყო მიჩნეული, სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია დასახელებული პუნქტის სრულად ბათილად ცნობა. ამასთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 1997 წლის 15 დეკემბრის ¹23 ბრძანების მე-2 პუნქტთან ორგანულად იყო დაკავშირებული ამავე ბრძანების მე-3 პუნქტი. იგი ეხებოდა ლაბორატორიას, როგორც ახალ ე.ი. დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრუქტურულ ერთეულს, მაგრამ ლაბორატორიის ამგვარი სტატუსის დამდგენი პუნქტის ბათილად მიჩნევასთან ერთად ბათილი იყო სადავო ბრძანების მისგან გამომდინარე მე-3 პუნქტიც. სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია რაიონული სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ექვსთვიანი ვადის გაშვების თაობაზე. თავისი არსით გასაჩივრებული ბრძანება მიმართული იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოს ლიკვიდაციისაკენ და წარმოადგენდა გარიგებას, ხოლო “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ სახის პრეტენზიების ვადა 5 წელს შეადგენდა. შესაბამისად, დ. ლ-ეს 1997 წლის 15 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის 2000 წლის 12 ივლისს სასამართლოში წარდგენით იგი არ დაურღვევია (ს.ფ. 413-418).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 20 ნოემბრის ¹1-3/706 ბრძანების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბავშვთა კვების ლაბორატორია გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში, როგორც საკუთარი ქონების არმქონე სტრუქტურული ერთეული. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 1997 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით ლაბორატორია გააუქმა და როგორც დამოუკიდებელი ბალანსის არქმონე სტრუქტურული ერთეული დაუქვემდებარა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიცემული მითითებები. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო პალატას დაავალა, ემსჯელა იმის შესახებ, თუ რა დანიშნულება და სამართლებრივი შედეგი ექნებოდა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ლაბორატორიას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში. აკადემიის დაქვემდებარებაში არსებული 18 ინსტიტუტიდან არც ერთი არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, ვინაიდან თავად აკადემია იყო იურიდიული პირი და მის დაქვემდებარებაში არ შეიძლებოდა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირის არსებობა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მის სისტემაში არსებული ორგანიზაციების ქონება “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ” კანონის შესაბამისად გადაცემული ჰქონდა უზუფრუქტის უფლებით და სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლი მას უკრძალავდა ამ ქონების მესამე პირზე გადაცემას და მისით სარგებლობას. აქედან გამომდინარე, აკადემიის დაქვემდებარებაში არსებულ ინსტიტუტებს საკუთარი ქონება არ გააჩნდათ და არ წარმოადგენდნენ იურიდიულ პირებს.
კასატორის მითითებით, უზენაესი სასამართლოს ასევე საჭიროდ მიაჩნდა იმის გამორკვევა, თუ ვის მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლო სადავო ბრძანების გამოცემისას ლაბორატორიის დამფუძნებლად, მისი ლიკვიდაციის უფლებამოსილ პირად, ვინაიდან დამფუძნებლის გადაწყვეტილებად ბრძანების მიჩნევის შემთხვევაში ბრძანება იქცეოდა ლაბორატორიის გაუქმების საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 20 ნოემბრის ¹1-3/706 ბრძანებით ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორია გადავიდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში. ამდენად, ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ აკადემია გახდა ლაბორატორიის დამფუძნებლის უფლებამონაცვლე, რაც უზენაესი სასამართლოს მოსაზრებიდან გამომდინარე, მიუთითებდა იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, როგორც ლაბორატორიის დამფუძნებლის _ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამონაცვლეს, ამავე ლაბორატორიის წესდების შესაბამისად, ჰქონდა ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციის უფლება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღო საქმეში არსებული იმის დამადასტურებელი მასალები, რომ: ა) ბავშვთა კვების ლაბორატორიას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გადაცემის მომენტისათვის არავითარი ქონება არ გააჩნდა და ამდენად, ის არ იყო იურიდიული პირი; ბ) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ვერ მიიღებდა თავის დაქვემდებარებაში ლაბორატორიას, როგორც იურიდიულ პირს, რადგანაც მისი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში გახდებოდა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება; გ) რომც ყოფილიყო ლაბორატორია იურიდიული პირი და ჰქონოდა რეგისტრაცია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, როგორც ლაბორატორიის დამფუძნებლის უფლებამონაცვლეს, შეეძლო გაეუქმებინა ეს რეგისტრაცია და სწორედ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იქნებოდა მის მიერ გამოცემული სადავო ბრძანება (ს.ფ. 425-428).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია:
საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს 1992 წლის 23 ოქტომბრის ¹337 ბრძანებით საქართველოს რესპუბლიკის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების კვების პროდუქტების კვლევის ლაბორატორია სამეურნეო ანგარიშზე, ლაბორატორიას გადაეცა სპეცდანიშნულების განყოფილების მიერ 1992 წლის 1 სექტემბრამდე დაკავებული ფართობი, აგრეთვე მასზე რიცხული მოწყობილობები და დანადგარები;
თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 4 ნოემბრის განკარგულებით ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტების წარმოების ლაბორატორია გატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში, ლაბორატორიის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად განისაზღვრა სახელმწიფო საწარმო;
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 20 ნოემბრის ¹1-3/706 ბრძანებით სოფლის მეურნეობისა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორია დაქვემდებარებაში გადაეცა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 17 დეკემბრის ¹2-433 ბრძანებით ლაბორატორიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადასაცემად შეიქმნა კომისია, აკადემიას ეთხოვა შეექმნა კომისია ლაბორატორიის მისაღებად, რომელსაც დაევალებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და არსებული წესით სამინისტროში წარდგენა;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1997 წლის 15 დეკემბრის ¹26 ბრძანებით ლაბორატორია დაექვემდებარა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის ინსტიტუტს, როგორც დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრუქტურული ერთეული, რისთვისაც ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს დაევალა ახალი სტრუქტურული ერთეულის სპეციალიზაციისა და თანამშრომელთა დასაქმების საკითხის გადაწყვეტა (ბრძანების მე-2-3 პუნქტები).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობაში 1992 წელს სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან ლაბორატორია წარმოადგენდა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე იურიდიულ პირს. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არც სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის და არც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ზემოაღნიშნული ბრძანებებით არ დადგენილა ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის ლიკვიდაცია. მართალია, ლაბორატორიას არ გაუვლია ხელახალი რეგისტრაცია, მაგრამ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მისი პირვანდელი რეგისტრაციის გაუქმებას და მის ლიკვიდაციას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან აკადემია თავად არის იურიდიული პირი და აკადემიის დაქვემდებარებაში არსებული ინსტიტუტებიდან არც ერთი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, ამიტომ ლაბორატორია ვერ იქნებოდა იურიდიული პირი. აღნიშნული არგუმენტი ვერ აქარწყლებს ფაქტობრივად საქმეზე არსებულ ვითარებას, რომ ლაბორატორიის, როგორც იურიდიული პირის სტატუსი იურიდიულად შენარჩუნდა აკადემიის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგაც და არ მომხდარა მისი, როგორც იურიდიული პირის ლიკვიდაცია კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს ლაბორატორიის როგორც იურიდიული პირის სტატუსის არქონის თაობაზე იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გააჩნდა არანაირი ქონება. ლაბორატორიის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს 1992 წლის 23 ოქტომბრის ¹337 ბრძანებით ლაბორატორიას გადაეცა სპეცდანიშნულების განყოფილების მიერ 1992 წლის 1 სექტემბრამდე დაკავებული ფართობი, აგრეთვე მასზე რიცხული მოწყობილობები და დანადგარები, ხოლო საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს მითითებულ ბრძანებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მართალია, საკუთარი ქონება იურიდიული პირის ერთ-ერთი დამაფუძნებელი ნიშანია, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს იურიდიული პირის მიერ ამ ქონების საჭიროებისამებრ მოხმარებას და არ ნიშნავს შემცირების ან დახარჯვის შემთხვევაში იურიდიული პირის როგორც სამართლის სუბიექტის გაუქმებას. იურიდიული პირი, როგორც სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე, ჩვეულებრივ, მოიხმარს საკუთარ ქონებას თავისი მიზნებისათვის, რაც არ გამორიცხავს ამ ქონების გახარჯვის შესაძლებლობას და შემდგომში შესაბამის შევსებას.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სადავო ბრძანება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ლაბორატორიის რეგისტრაციის გაუქმების იურიდიული საფუძველი. სადავო ბრძანებით კვების მრეწველობის ინსტიტუტს ლაბორატორია გადაეცა როგორც დამოუკიდებელი სტატუსისა და საკუთარი უფლებაუნარიანობის არმქონე სტრუქტურული ერთეული, ისე, რომ მანამდე არ მომხდარა მისი უფლებაუნარიანობის შეწყვეტა. სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული ლაბორატორიის, როგორც იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და მისი უფლებაუნარიანობის შეწყვეტის დამდგენი აქტი საქმის მასალებში არ მოიპოვება, აღნიშნულის გარეშე კი იურიდიული პირის განხილვა უფლებაუნარიანობის არმქონე ერთეულად, როგორც ეს სადავო ბრძანებაშია, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.