Facebook Twitter

ას-1220-1480-09 25 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თ. თოდრია, ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ვ.ბოკუჩავა

კასატორი _ შპს “ე-ი” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ რ.ფ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ბათუმის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.ბათუმის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ე-ის” მიმართ, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს 20000 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქალაქის იერსახის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი ქ.ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე. ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 25 აპრილის ¹111 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 18 აპრილის ¹09 შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ე-ი“. 2006 წლის 31 მაისს ქ.ბათუმის მთავრობასა და შპს „ე-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე. ხელშეკრულებით შპს „ე-მა“ აიღო ვალდებულება, საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მაღლივი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით, ქ.ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. შპს „ე-ს“ კომპლექსის მშენებლობა უნდა დაეწყო ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებიდან არა უგვიანეს 3 თვისა და დაესრულებინა მშენებლობის დაწყებიდან არა უგვიანეს 12 თვისა. არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ხელშეკრულების 4.4.14 პუნქტის შესაბამისად, შპს „ე-ი“ ვალდებული იყო, არ მოეთხოვა ფინანსური სიძნელეების, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის გამო დამდგარი შედეგების ფორსმაჟორულ სიტუაციად აღიარება. შესაბამისად, უსაფუძვლოა შპს „ე-ის“ მითითება ვალდებულების ფორსმაჟორული გარემოების _ მისი პარტნიორი უკრაინული მხარის ფინანსური სიძნელეების მიზეზით შეუსრულებლობის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: რიგი ობიექტური მიზეზების გამო მოპასუხემ ვერ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, თუმცა აღნიშნული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს არ წარმოადგენს. მხარეთა შეთანხმებით, პირგასამტეხლო მხარეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არამიზნობრივად გამოიყენებდა მიწის ნაკვეთს. ასეთი გარემოება კი მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ქ.ბათუმის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რაც გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ქ.ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ე-ს” ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის ¹51 დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი ქ.ბათუმში, ... და .... ქუჩების კვეთასთან არსებული 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე. ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 25 აპრილის ¹111 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 18 აპრილის ¹09 შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც ქ.ბათუმში, ... და .... კვეთასთან არსებული 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ე-ი“. კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2006 წლის 31 მაისს, ქ.ბათუმის მთავრობასა და შპს „ე-ს“ შორის დაიდო ¹1-5888 ნოტარიალური ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს „ე-მა“ ვალდებულება იკისრა, საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მაღლივი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით, ქ.ბათუმის ქალაქ გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. შპს „ე-ს“ კომპლექსის მშენებლობა უნდა დაეწყო ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებიდან არა უგვიანეს 3 თვისა და უნდა დაესრულებინა მშენებლობის დაწყებიდან არა უგვიანებს 12 თვისა. აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავდა დათქმას პირგასამტეხლოს შესახებ, კერძოდ, ხელშეკრულების 7.1 მუხლში დაფიქსირდა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოუყენებლობისას, როდესაც იცვლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს 20 000 ლარის გადახდა.

შპს “ე-მა“, სხვადასხვა მიზეზით, მშენებლობა დათქმულ დროს არც დაიწყო და არც დაასრულა, რის გამოც ქ.ბათუმის მერიისაგან მიეცა გაფრთხილება, უზრუნველეყო სახელშეკრულებო და საკონკურსო პირობების დროულად შესრულება. ანალოგიური გაფრთხილება მოხდა 2007 წლის 13 მარტის ¹2-25-544 წერილითაც და საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასაწყებად მხარეს დამატებით მიეცა ორი კვირის ვადა. გაფრთხილების მიუხედავად, შპს „ე-მა“ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 16 თვეზე მეტის გასვლის შემდეგაც მშენებლობა არ დაიწყო. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ავტომატურად პირგასამტეხლოს ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებას არ წარმოადგენს. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება ერთდროულად რამოდენიმე პირობის არსებობისას _ ხელშეკრულებაში შესაბამისი დათქმისას და მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.1 მუხლში დაფიქსირებული პირობიდან არ გამომდინარეობდა შპს „ე-ის“ მიერ 2006 წლის 31 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების (საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მაღლივი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსი, თავისი ინფრასტრუქტურით, ქ.ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად) შეუსრულებლობა, ვინაიდან გარიგების მითითებული პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოუყენებლობისას, როდესაც იცვლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს 20000 ლარის გადახდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გადახდა ხდება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვისაც, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა, ვინაიდან შპს „ე-ს“ საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ქ.ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მაღლივი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა არც დაუწყია, შესაბამისად, არც მშენებლობის დაწყებიდან არა უგვიანეს 12 თვისა არ დაუსრულებია. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა და სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ 2006 წლის 31 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიზეზით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე სასამართლოს დადგენილებებით დასტურდება, რომ 2007 წლის 27 მარტსა და 3 აგვისტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტებმა _ მ. ნ-ძემ, ც. ტ-შვილმა და ლ. ტ-შვილმა, შპს „ე-ის“ წარმომადგენლებს მიმართეს უცენზურო სიტყვებით, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში მერიის ბრალეულობის დამადასტურებლად ვერ მიიჩნევა. პალატის მითითებით, მხარეთა განმარტებებითა და ქ.ბათუმის მერიისადმი შპს „ე-ის“ დირექტორის 2007 წლის 16 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ ქ.ბათუმის მერიის 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹1109 ბრძანებით, შპს „ე-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2006 წლის 31 მაისის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობს ორივე პირობა: ხელშეკრულებაში არის დათქმა პირგასამტეხლოს თაობაზე და მხარეს ვალდებულება არ შეუსრულებია, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ე-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ.ბათუმის მთავრობასა და შპს “ე-ს” შორის 2006 წლის 31 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით შპს “ე-მა” 2007 წლის 8 ოქტომბერს ¹27 წერილით მიმართა ქ.ბათუმის მერიას, რომლითაც განუმარტა მას, რომ სადავო მშენებლობის დაწყება ვერ ხერხდებოდა უკრაინული მხრიდან შესაბამისი დაფინანსების დაგვიანების გამო. აღნიშნულის დამადასტურებლად კასატორმა წარადგინა უკრაინული მხარის წერილები და დასძინა, რომ მშენებლობის დაწყებას აპირებდა უკრაინელი პარტნიორი და მესამე პირებთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა. ამდენად, შპს “ე-მა” ნაკისრი ვალდებულება, ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვერ შეასრულა. სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია სადავო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ქ.ბათუმის მიერიის სარჩელის საფუძვლად მითითებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტი და არ გამოურკვევია, მიზნობრივად გამოიყენა თუ არა კასატორმა მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2007 წლის 9 ოქტომბერს ¹1109 ბრძანებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობის განუხორციელებლობის მოტივით და აღნიშნული ბრძანება პირგასამტეხლოს არ უკავშირდება. ამავე გარიგების 5.1 პუნქტში მითითებულია ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები, ცხადია, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი არსებითად განსხვავდება პირაგამტეხლოსაგან. დადასტურებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოუყენებლობა არ მომხდარა და გარიგება შეწყდა, აღნიშნული კი ზიანის და არა პირაგამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობაა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტი, რადგან პირგასამტეხლოს გადახდევინებისათვის საჭიროა დადგენილიყო კასატორის მიერ სადავო მიწის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, კერძოდ, მასზე გარიგებით გათვალისწინებულ ნაგებობათა ნაცვლად სხვა ობიექტის აგება. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს “ე-ს” სადავო ნაკვეთი არც მიზნობრივად და არც არამიზნობრივად არ გამოუყენებია. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა პირგასამტეხლოს ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებას არ წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დანაწესი, როდესაც მთლიანობაში არ შეაფასა ხელშეკრულების შინაარსი და მხოლოდ ზოგადად განმარტა იგი. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მხარეთა შორის დადებული გარიგების 6.4 და 6.5 პუნქტებზე, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავს ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგს _ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვალდებულების წარმოშობას. პალატამ ერთმანეთთან გააიგივა პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურება და სწორად ვერ განსაზღვრა, თუ რა სახის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იქნა დათქმული მხარეთა მიერ პირაგსამტეხლო. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, სადავო ხელშეკრულების 7.1 პუნქტი გამოიყენებოდა მხოლოდ ნაკვეთის არამიზნობრივად გამოყენებისას, თუ საჭირო იყო მეორე პირობების არსებობაც, როდესაც არ იცვლებოდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტით შეიცვალა უძრავი ნივთის მესაკუთრე, იგი გახდა თავად მოსარჩელე, მიწის ნაკვეთი მოპასუხეს სხვაგვარად არ გამოუყენებია, რაც საკმარისად დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა განსახილველ საქმეზე არსებული ფორსმაჟორული გარემოებები, კერძოდ, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს მშენებლობა ვერ დაიწყო რიგი ობიექტური გარემოებების არსებობის გამო, მათ შორის, ფიზიკური პირების _ მ.ნ-ძის, ც. და ლ. ტ-შვილების პრეტენზიების მიზეზით, რომლებიც ამავე მიწის ნაკვეთზე სასამართლოშიც დავობდნენ. ამასთან, პალატას არ შეუფასებია მოსარჩელის 2009 წლის 15 იანვრის ¹2-26-54 მომართვა, რომ მოპასუხე გათავისუფლებულია პირგასამტეხლოს გადახდისაგან, რითაც მოსარჩელემ ფაქტობრივად აღაიარა იმ ფორსმაჟორულ გარემოებათა არსებობა, რომლებიც საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. სასამართლომ საქმე განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს.

კასატორს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისა და შეწყვეტის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დანაწესი, როდესაც მთლიანობაში არ შეაფასა ხელშეკრულების შინაარსი და მხოლოდ ზოგადად განმარტა იგი, რადგან პირგასამტეხლოს გადახდევინებისათვის საჭიროა დადგენილიყო კასატორის მიერ სადავო მიწის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, კერძოდ, მასზე გარიგებით გათვალისწინებულ ნაგებობათა ნაცვლად სხვა ობიექტის აგება.

ნასყიდობის ხელშეკრულების 7.1 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოუყენებლობისას, როდესაც არ იცვლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს 20 000 ლარის გადახდა.

იმისათვის, რომ გაირკვეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გამოყენების მიზნობრიობა, ხელშეკრულების ყველა პირობა უნდა შეფასდეს ერთობლიობაში. აღნიშნული ხელშეკრულების 4.4.4 პუნქტით მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს მაღლივი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი კომპლექსი ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 25 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო წინადადებების შესაბამისად. მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების 4.4.3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. უდავოა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული მშენებლობა არ განხორციელებულა, რის გამოც ქ.ბათუმის მერიამ 2007 წლის 9 ოქტომბერს უარი თქვა ხელშეკრულებაზე და, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის და ხელშეკრულების პუნქტის 6.4 შესაბამისად, განახორციელა ნატურით რესტიტუცია _ საკუთრებაში დაიბრუნა გაყიდული მიწის ნაკვეთი.

ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსით დგინდება, რომ ნივთი გაიყიდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მასზე განთავსებულიყო შეთანხმებული ტიპის ნაგებობა, რაც დასტურდება ამავე ხელშეკრულების მე-5 თავში შეთანხმებული განსაკუთრებული პირობებითაც. აღნიშნულ ნაწილში მხარეები უშვებდნენ მყიდველის მიერ ნივთის განკარგვას მესამე პირებზე, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის მიზნობრივად გამოყენებით.

მოცემულ შემთხვევაში ნივთის გამოყენების მიზანი, კონკრეტული ფუნქციის შენობის აშენება, სადავოს არ წარმოადგენს. სადავოა, ჩაითვალოს თუ არა ნივთის საერთოდ გამოუყენებლობა ხელშეკრულების 7.1 მუხლით გათვალისწინებულ მიზნობრივ გამოუყენებლობად.

საკასაციო სასამართლო, კასატორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ნასყიდობის საგნის გამოუყენებლობა მიზნობრივი გამოუყენებლობის ტოლფასია. სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნება, ერთი მხრივ, კანონს, მეორე მხრივ კი, ხელშეკრულების შინაარსს და მხარეთა შეთანხმების მიზანს _ ხელშეკრულების შინაარსიდან გამოკვეთილ კრედიტორის ინტერესს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პაცტა სუნტ სერვანდა-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

მითითებული ნორმის არსიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება შესრულებაშია. “შესრულების” ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის (მოცემულ შემთხვევაში _ შენობის აშენება) დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა რა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ამავე ნორმაშიც მითითებულია, რომ ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა,როგორც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც. უდავოა, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია, _ მიწის ნაკვეთი მიზნობრივად არ გამოუყენებია, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

რაც შეეხება ხელშეკრულების შინაარსს და მხარეთა შეთანხმების მიზანს, ხელშეკრულების შინაარსიდან, კერძოდ, 4.4 მუხლიდან მკაფიოდ გამოკვეთილია ხელშეკრულების დადება შენობის გარკვეულ ვადაში აშენების მიზნით. ამავდროულად, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოცემული ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ქალაქის მერია, რომელიც დაინტერესებულია რა ქალაქის იერსახით, ნივთს _ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სწორედ იმიტომაც, რომ ოპერატიულად განახორციელოს ქალაქის კეთილმოწყობისათვის დასახული გეგმები. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში კრედიტორის _ ქალაქის მერიის ინტერესი ხელშეკრულების დროულად შესრულებაშია. სწორედ ამ მიზნით დებს იგი ხელშეკრულებას და ამავე მიზნით უთითებს სპეციალურ პირობას ხელშეკრულების საგნის მიზნობრივად გამოყენებას კონკრეტულ ვადაში.

ამდენად, სადავო ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოუყენებლობა მოიაზრებს როგორც ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოქმედების _ მშენებლობისგან განსხვავებული ნაგებობის აგებას, ასევე ამ მოქმედების შეუსრულებლობასაც. ამ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულებაში მითითებული მშენებლობა მოითხოვდა რა სპეციალურ ნებართვას, მოსარჩელეს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულისაგან _ ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისაგან მხარეთა შეთანხმებისას მოსარჩელე ქალაქის მერია ბუნებრივია, რომ გამორიცხავდა მიწის ნაკვეთზე სხვა რაიმე სახის შენობის აშენებას. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელშეკრულების დადების მიზანი მიწის ნაკვეთის შეთანხმებული წესით გამოყენებაშია და ხელშეკრულების დადებისას (ხელშეკრულების მე-4, მე-5, მე-6 მუხლები) ნათლად გამოკვეთილია კრედიტორის ინტერესი, ნივთი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ, დროულად იზრუნოს და შეუცვალოს ქალაქს იერსახე.

ზემოაღნიშნული მსჯელობა ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოუყენებლობის ფაქტს. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის მიხედვით კი, მიზნობრივი გამოუყენებლობა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე. აღნიშნულიNნორმით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგენდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია “ნების გონივრული განსჯა”, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი განსახილველი ხელშეკრულების სადავო 7.1 პუნქტის დათქმას პირგასამტეხლოს თაობაზე, განმარტავს იმგვარად, რომ პირგასამტეხლო გაითვალისწინებოდა არა ვალდებულების საერთოდ შეუსრულებლობისათვის, არამედ სადავო მიწის არამიზნობრივად, მასზე გარიგებით გათვალისწინებული შენობის ნაცვლად სხვა ობიექტის აგებისათვის. როგორც გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში დასაბუთდა, ხელშეკრულების მიზანი და შინაარსი ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ე-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.