ას-1221-1481-09 29 აპრილი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თ. თოდრია, ლ. ლაზარაშვილი
კასატორი _ ა. ჭ-ია
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. გ-ია, გ. თ-ავა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ა. ჭ-იას სარჩელი მ. გ-იასა და გ. თ-ავას მიმართ სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჭ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი, მ. გ-იამ 2005 წლის 16 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა გ. თ-ავას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ. გ-იას მიმართ 2004 წლის 9 დეკემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, 2002 წლის 22 აპრილს ცეცხლის წაკიდებით ა. ჭ-იას საცხოვრებელი სახლის განზრახ განადგურების ფაქტზე. მოცემულ საქმეზე იგი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 2006 წლის 19 აპრილს, ხოლო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან ერთად დაზარალებულ ა. ჭ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 18 905 ლარის გადახდა.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება თავისი სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად, რომ მ. გ-ია ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მას არც ის მტკიცებულება წარმოუდგენია, თუ რა ფასად გაიყიდა სადავო ბინა და არც იმის მტკიცებულება, რომ სახლის გაყიდვით მიღებული თანხა მოპასუხეს არ დაუხარჯავს მისი მოკლული შვილისა და შვილიშვილის საფლავის მოწყობაში.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა 2005 წლის 16 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი. საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ უძრავი ქონების გასხვისების დროს მ. გ-ია არ წარმოადგენდა ა. ჭ-იას მოვალეს. იმ დროისთვის ის ჯერ კიდევ არ იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ბრალდებულის სახით, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ დადგა მხოლოდ 2007 წლის 11 სექტემბერს, ანუ უძრავი ქონების გასხვისებიდან 2 წლისა და 7 თვის შემდეგ, მხოლოდ აღნიშნული განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოეშვა მ. გ-იას ა. ჭ-იას მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჭ-იამ.
კასატორის განმარტებით, მტკიცებულება სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა და არაობიექტურად გაიზიარა მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმება ა. ჭ-იას სარჩელისა გამო მოპასუხეები გ. თ-ავასა და მ. გ-იას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. ჭ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჭ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.