Facebook Twitter

¹ას-1222-1073-10 13 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ტ.» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ი-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ი-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ტ.-ს» მიმართ და მოითხოვა 2009 წლის კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 1625 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ა. ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ტ.-ს» დაეკისრა 2009 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის _ 1625 ლარის ა. ი-შვილისათვის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ტ.-მ».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს «ტ.-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მიიჩნია, რომ «ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ” კონვენცია მიღებულ იქნა 1936 წელს მაშინ, როცა მრავალი სახის სპეციალიზაცია და საქმიანობის სახე არ არსებობდა. შესაბამისად, კონვენციის პირველ მუხლში მოცემული ჩამონათვალით შეზღუდვა წარმოადგენს კონვენციის არასწორ განმარტებას, რაც არ გამომდინარეობს მისი არსიდან.

სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის არგუმენტი, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა «ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ” კონვენცია, როდესაც ცალსახად დააკისრა დამსაქმებელს მოსარჩელის მიერ 2009 წლის გამოუყენებელი ფასიანი შვებულების ანაზღაურება მიუხედავად იმისა, რომ ა.ი-შვილი შპს «ტ.-სათვის” შვებულებას არ ითხოვდა.

პალატამ მიიჩნია, რომ კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას, უთუოდ წერილობით და თავისი განცხადებით მოითხოვოს ანაზღაურებადი შვებულება. კონვეციის მე-6 მუხლის შესაბამისად გადამწყვეტია, რომ პირი იყოს გათავისუფლებული მეწარმის მიერ, არ ჰქონდეს გამოყენებული კუთვნილი შვებულება და ეროვნული კანონები ითვალისწინებდეს შესაბამისი ანაზღაურების გამოყენების საშუალებას. ამდენად, თუ არსებობს ზემოაღნიშნული სამი გარემოება, რომელსაც ადგენს კონვენციის მე-6, მე-3 და მე-5 მუხლები, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით სასამართლომ გამოარკვია, რომ შრომის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას. შრომითი ურთიერთობა, რომელიც დაიწყო 2008 წლის 1 სექტემბერს, შეწყდა 2009 წლის 30 ოქტომბერს, ანუ გრძელდებოდა ერთ წელზე მეტ ხანს და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ¹1 ცვლილება ითვალისწინებდა მხარეთა შორის შეთანხმებულ შრომის ანაზღაურებას 1625 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ტ.-მ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს არ უმსჯელია, ვრცელდება თუ არა «ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ» კონვენცია ტელეკომპანიაში დასაქმებულ პირებზე, შესაბამისად, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოხსენებული კონვენცია, როდესაც დამსაქმებელს მოსარჩელის მიერ 2009 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება დააკისრა. აღნიშნული კონვენციის მიღება წარმოადგენდა დასაქმებულისათვის გარანტიების შექმნას, ესარგებლა ფასიანი შვებულებით ყოველწლიურად. აუცილებელ პირობად იქნა ჩადებული ერთწლიანი უწყვეტი მუშაობა. კონვენციის მოთხოვნა გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნისას შვებულება უნდა ანაზღაურდეს, თუ დამსაქმებელი უარს ეტყვის და ამით შეუზღუდავს შვებულებით სარგებლობის უფლებას დასაქმებულს. ამასთან, ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია ერთთვიანი კომპენსაცია, რაც კასატორმა გადაიხადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შპს «ტ.-ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ტ.-ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ტ.-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ტ.-ს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს «ტ.-ს» დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.