Facebook Twitter

ას-1224-1076-2010 12 აპრილი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

სხდომის მდივანი - ლ. ს-ძე

კასატორი _ ნ. ხ-ავა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ნ. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ხ-ავა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-ავამ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. ხ-ავას მიმართ აწ გარდაცვლილი მამის, მ. ხ-ავას, კუთვნილი სამკვიდროს მიღებაზე ვადის გაგრძელებისა და დანაშთი ქონებიდან წილის მიკუთვნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მამა მ. ხ-ავა და დედა ნ. ს-ია 1990 წლიდან 1992 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1990 წლის 8 აგვისტოს, შეეძინათ შვილი – ნ. ხ-ავა. მათი ოჯახი მშობლების განქორწინებამდე ცხოვრობდა ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹31-ში. შემდეგ იზრდებოდა დედასთან, ნ. ს-იასთან. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1996 წლის 27 ივლისს. მოსარჩელის საარსებო წყაროს 18 წლამდე შეადგენდა მამის გარდაცვალების გამო დანიშნული პენსია. აღნიშნული პენსიის გარდა სხვა რაიმე დახმარება არ გააჩნია, მამის კუთვნილი სამკვიდრო ქონებიდან წილი არ მიუღია, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს. ამჟამად, სტუდენტია, დედა მეორე ჯგუფის ინვალიდია, ფსიქიკურად დაავადებული, რომლის რჩენაც ფაქტობრივად მოსარჩელეს ეკისრება. მშობლებმა ერთად თანაცხოვრების პერიოდში კაპიტალური რემონტი ჩაუტარეს ბაბუის, კ. ხ-ავას, სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ.ზუგდიდში, ... ქუჩა ¹31-ში. ბაბუა კ. ხ-ავა გარდაიცვალა 1989 წელს. მას დარჩა ხუთი პირველი რიგის მემკვიდრე. მოპასუხე თ. ხ-ავამ ისე აიღო სამკვიდრო მოწმობა, რომ არ განუცხადებია სანოტარო ბიუროში სხვა მემკვიდრეების არსებობის შესახებ. მანამდე ჰპირდებოდა, რომ მამის კუთვნილი ქონებიდან წილს მისცემდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა. მოსარჩელეს მამის სამკვიდრო ქონებიდან, როგორც მამის - მ. ხ-ავას ერთადერთ ქალიშვილს, ეკუთვნის წილი. სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებული აქვს საპატიო მიზეზით. მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ექვსთვიანი ვადის გაგრძელება და კ. ხ-ავას სამკვიდრო ქონებიდან 1/6 წილის მიკუთვნება. ამასთან განმარტა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა მოსარჩელემ გაუშვა საპატიო მიზეზით, კერძოდ, აღნიშნა, რომ, როცა მოსარჩელის მამა გარდაიცვალა, იყო მცირეწლოვანი, ხოლო დედა კი, ფსიქიკურად დაავადებული. შემდეგ ნ.ხ-ავა გახდა სტუდენტი, შემოსავლის წყარო არ ჰქონდა და ბაჟიც ვერ გადაიხადა. ამჟამად აიღო სესხი და სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, უარი ეთქვა სარჩელს დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს დედასთან ერთად არ უცხოვრია სადავო სახლში. მშობლების განქორწინების შემდეგ მოსარჩელის დედამ სახლიდან გაიტანა მათი კუთვნილი ქონება. ნ.ხ-ავა ძმის, მ. ხ-ავას, შვილია და ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე მათ შორის კ. ხ-ავასაგან მისაღებ ქონებაზე ეკუთვნის წილი, მაგრამ არა 1/5, არამედ 1/6. ამასთან, მოსარჩელემ არასაპატიო მიზეზით გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა. Mმიუხედავად ამისა, წილის სანაცვლოდ თანახმაა, ძმისშვილს გადაუხადოს 5000 ლარი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ხ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ნ. ხ-ავას გაუგრძელდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა და ქ.ზუგდიდში, ... ქუჩა ¹37-ში მდებარე ბაბუის, კ. ხ-ავას, დანაშთი ქონებიდან (მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული სახლიდან, დამხმარე და სამეურნეო ფართიდან) მიეკუთვნა 1/6 ნაწილი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ავამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ხ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელის მშობლები ნნ ს-ია და მ. ხ-ავა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1990 წლის 16 აგვისტოდან, ერთად ცხოვრების პერიოდში, 1990 წლის 8 აგვისტოს, შეეძინათ მოსარჩელე ნ. ხ-ავა, 1996 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა მ. ხ-ავა, 1991 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა კ. ხ-ავა, 2008 წლის 7 აგვისტოს ¹2.25 სანოტარო აქტის თანახმად, თ. ხ-ავამ მიიღო მამის - კ. ხ-ავას სახელზე რიცხული სამემკვიდრეო მასა, კერძოდ, უძრავი ქონება მდებარე ქ.ზუგდიდში, ... ქუჩა ¹37-ში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ხ-ავას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მან საპატიო მიზეზით გაუშვა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა. პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, ნ. ხ-ავა 2008 წლის 8 აგვისტოს გახდა სრულწლოვანი, მაგრამ საქართველოში იმ დროს მიმდინარე საომარი მოქმედება არ გაგრძლებულა დიდხანს და ამ საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ნ. ხ-ავას არ მიუმართავს 6 თვის ვადაში სასამართლოსთვის სამკვიდროს ვადის აღდგენისთვის. მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2010 წლის 19 ივნისს, საომარი მოქმედებების დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ ანუ ვადის დარღვევით, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მის მიერ გაშვებულია სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა და მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. პალატამ ასევე არ გაიზიარა ნ. ხ-ავას მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან სტუდენტი იყო, ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და მხოლოდ სესხის გამოტანის შემდეგ აღძრა სარჩელი სასამართლოში. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეს შეეძლო, სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის (საომარი მოქმედების დამთავრებიდან 6 თვის ვადაში) და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების შესაბამისად, ეშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის თანხის გადავადებაზე ან განთავისუფლებაზე, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. ხ-ავამ ვერ დაასაბუთა მის მიერ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით, 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1430-ე მუხლით,1426-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით იქნა გაშვებული, კერძოდ, 2008 წლის 8 აგვისტომდე მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი და მისი დედა კი - ფსიქიკურად დაავადებული, მეორე ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც არ გააჩნდა მატერიალური შესაძლებლობა, მიემართა სასამართლოსთვის. 2009 წლის ივლისში მოპასუხემ მიიღო პაპის სამკვიდრო ქონება ერთპიროვნულად და დაარეგისტრირა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში. მოსარჩელემ 2010 წლამდე ორჯერ მიმართა სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად, მაგრამ ბაჟის გადაუხდელობის გამო, ორჯერვე სარჩელი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზამულობის თაობაზე დაუსაბუთებელია. სასამართლო არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი. ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.Mმოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ სრულად არ განიხილა, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ნ. ხ-ავას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნნ ს-ია და მ. ხ-ავა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1990 წლის 16 აგვისტოდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1990 წლის 8 აგვისტოს, შეეძინათ მოსარჩელე ნ. ხ-ავა. 1991 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა მოსარჩელის ბაბუა კ. ხ-ავა. 1996 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა მ. ხ-ავა. 2008 წლის 7 აგვისტოს ¹2.25 სანოტარო აქტის თანახმად, თ. ხ-ავამ მიიღო მამის - კ. ხ-ავას სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება _ უძრავი ქონება მდებარე ქ.ზუგდიდში, ... ქუჩა ¹37-ში.

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ-ავას სარჩელს სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნების შესახებ დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის ხარვეზის შეუვსებლობის გამო ნ. ხ-ავას სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული. იმავე სარჩელზე იმავე სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინებით დადგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარეს პრეტენზია არ განუცხადებია, რის გამოც სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს კასატორის განმარტებას, რომ სახელმწიფო ბაჟის _ 3000 ლარის გადასახდელად ბანკიდან აიღო სესხი და, ვინაიდან ვერ უზრუნველყო მისი დაფარვა, სარჩელი გაიხმო და გადახდილი ბაჟის თანხა დაიბრუნა სკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად.

ასევე უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ხ-ავა მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს _ 1996 წლის 27 ივლისს იყო არასრულწლოვანი და იგი სრულწლოვანი გახდა 2008 წლის 8 აგვისტოს. ნ. ხ-ავას დედა ნ.ს-ია არის ფსიქიკურად დაავადებული, მეორე ჯგუფის ინვალიდი. ნ.ხ-ავა და ნ. ს-ია არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები. ნ.ხ-ავა სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე (2010-2011 სასწავლო წელს ბაკალავრიატის პროგრამის მე-5 სემესტრის სტუდენტი). მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და, შესაბამისად, არც სასამართლოს გამოუკვლევია ფაქტი, ჰყავდა თუ არა ნ. ხ-ავას მეურვე დანიშნული არასრულწლოვანების პერიოდში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. კანონმდებელი საპატიოობის კრიტერიუმებს არ აზუსტებს, ვინაიდან იგი შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომით უნდა გადაწყდეს. ამასთან, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: ა. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ურთიერთშეჯერებითა და შეფასებით სასამართლოს შეექმნა მყარი შინაგანი რწმენა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა ნ. ხ-ავამ საპატიო მიზეზებით გადააცილა. ამასთან, სამკვიდროს გახსნის დროს მას არც ისეთი კანონიერი წარმომადგენელი ჰყავდა, რომლის მეშვეობითაც განახორციელებდა სამკვიდროს მიღებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, მართალია, ნ. ხ-ავა 2008 წლის 8 აგვისტოს გახდა სრულწლოვანი, მაგრამ საქართველოში იმ დროს მიმდინარე საომარი მოქმედება არ გაგრძელებულა დიდხანს და ამ საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ნ. ხ-ავას არ მიუმართავს 6 თვის ვადაში სასამართლოსთვის სამკვიდროს ვადის აღდგენისთვის. მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2010 წლის 19 ივნისს, საომარი მოქმედებების დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ, ანუ ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ, მიუხედავად საომარი მოქმედებებისა, სასამართლო სისტემას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და არც შეუჩერებია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ-ავას სარჩელს სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნების შესახებ დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ამდენად, ნ. ხ-ავამ მემკვიდრეობის დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა არა 2010 წელს, არამედ 2009 წლის 3 აგვისტოს. ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული საომარი მოქმედება დიდხანს არ გაგრძელებულა და ის არც შეიძლება სარჩელის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად ჩაითვალოს. გამოკვლევას და მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ, მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ხანგრძლივობისა (ერთი თვე), საზოგადოებაში შექმნილი ემოციური დაძაბულობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ამ მხრივ საფუძველს არ არის მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ ომმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის ოჯახზე, როგორც იძულებით გადაადგილებულებზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ავას, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან ექვსი თვის ვადაში საპატიო გარემოების _ არასრულწლოვანებისა და სათანადო წარმომადგენლის არარსებობის გამო, არ შეეძლო სამკვიდროს მიღება და ასეთივე მემკვიდრეობის მიღების ხელშემშლელი საპატიო გარემოებები არსებობდა მისი სრულწლოვანების ასაკს მიღწევის შემდეგაც.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე თ. ხ-ავამ სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო 2008 წლის 7 აგვისტოს მამის- კ. ხ-ავას გარდაცვალებიდან 17 წლის, ხოლო ძმის (ნ. ხ-ავას მამის), მ. ხ-ავას, გარდაცვალებიდან _ 12 წლის შემდეგ. უდავოა, თ. ხ-ავასთვის ცნობილი იყო მ. ხ-ავას მემკვიდრის არსებობის შესახებ, თუმცა სხვა მემკვიდრეების ვინაობის შესახებ სანოტარო ორგანოში მემკვიდრეობის უფლების დადგენისას არ განუცხადებია. აღნიშნულით თ.ხ-ავამ დაარღვია ვალდებულება, ნოტარიუსისათვის სხვა მემკვიდრეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.фამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებასთან ერთად უნდა გადაწყდეს მოსარჩელის მემკვიდრედ და სამკვიდროში მის კუთვნილ წილზე მესაკუთრედ ცნობის საკითხი. ნ. ხ-ავა, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, ცნობილ უნდა იქნეს ქ.ზუგდიდში, ... ქუჩა ¹31-ში მდებარე უძრავი ქონების 1/6-ის მესაკუთრედ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ხ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ნ. ხ-ავას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნ. ხ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ნ. ხ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდეს:

ნ. ხ-ავას გაუგრძელდეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა კ. ხ-ავას დანაშთი ქონების 1/6 წილზე;

ნ. ხ-ავა ცნობილ იქნეს ქ.ზუგდიდში, ... ქუჩა ¹31-ში მდებარე უძრავი ქონების 1/6-ის მესაკუთრედ;

ნ. ხ-ავას დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2500 ლარი.

თ. ხ-ავას დაეკისროს ნ. ხ-ავას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 900 ლარის გადახდა, ნ. ხ-ავას სასარგებლოდ.

თ. ხ-ავას დაეკისროს სახლმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოს მიერ ნ. ხ-ავასათვის შემცირებული სახელმწიფო ბაჟის, 433 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.