საქმე ¹ას-1225-1485-09 3 თებერვალი, 2010 წელი
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ი. გ-ძე, ლ. და ე. ზ-შვილები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-შვილის, ნ. მ-სა და ა. ზ-შვილის მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ... მდებარე ¹16, ¹18, ¹49 სააგარაკო კოტეჯები თვითნებურად დაკავებული აქვთ ა.ზ-შვილს, რ.მ-შვილსა და ნ.მესხს თავიანთ ოჯახებთან ერთად. აღნიშნული კოტეჯები 1997 წელს კონკურსის წესით პრივატიზებულ იქნა რ.ს-ძის, გ.დ-ძისა და ვ.გ-შვილის მიერ, თუმცა მოპასუხეთა გამო აღნიშნულ აგარაკებზე ხელმეორედ კონკურსის გამოცხადება ვერ ხდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით ა. ზ-შვილის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ი. გ-ძე, ე. და ლ. ზ-შვილები, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი რ. მ-შვილის მიმართ დარჩა განუხილველად, ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ... ქ¹24-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ¹49 კოტეჯი გამოთხოვილ იქნა ა.ზ-შვილის უფლებამონაცვლეების _ ი. გ-ძის, ლ. და ე. ზ-შვილების უკანონო მფლობელობიდან, ხოლო ... ქ¹8-ში მდებარე ¹16 კოტეჯი გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ნ. მ-ს უკანონო მფლობელობიდან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-მა, ი. გ-ძემ, ლ. და ე. ზ-შვილებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით ნ.მ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ძის, ლ. და ე. ზ-შვილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ... ქუჩა ¹24-ში მდებარე ¹49 კოტეჯი ირიცხება სახელმწიფო საკუთრებაში. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს სადავო უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე აპელანტებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ, რისი მტკიცების ტვირთიც მათ ეკისრებოდათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები და სადავო ფართი მესაკუთრის სასარგებლოდ მოპასუხეთა არამართლზომიერი მფლობელობიდან კანონიერად იქნა გამოთხოვილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. გ-ძემ, ლ. და ე. ზ-შვილებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: მოცემული დავის მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ერთგვაროვანი არ არის. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ზ-შვილების ოჯახი 1989 წელს სადავო კოტეჯში შესახლდა ... გამგეობის მაშინდელი ხელმძღვანელობის განკარგულებით და იმ პირობით, რომ აღნიშნული ბინა მათ გაუფორმდებოდათ, ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო, კასატორები ¹49 კოტეჯის კეთილსინდისიერ მფლობელად ჩაეთვალა, სადაც ისინი დღემდე ცხოვრობენ. ... გამგეობის რეკომენდაციით ზ-შვილის ოჯახს გაუფორმეს ხელშეკრულებები „თელასთან“ ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე და „თბილგაზთან“ გაზის ექსპლუატაციასთან დაკავშირეით. გარდა აღნიშნულისა, კასატორები 20 წლის განმავლობაში იხდიდნენ ყოველგვარ კომუნალურ გადასახადს და სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს კასატორები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ი. გ-ძის, ლ. და ე. ზ-შვილების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. გ-ძის, ლ. და ე. ზ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია არამართლზომიერ მფლობელთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი. გ-ძეს, ლ. და ე. ზ-შვილებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 11 იანვარს ე. ზ-შვილის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ძის, ლ. და ე. ზ-შვილების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ი. გ-ძეს, ლ. და ე. ზ-შვილებს უნდა დაუბრუნდეთ ე. ზ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.