Facebook Twitter

¹ას-1226-1077-10 27 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ლ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ბინის საკომპენსაციო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს.-ს» მიმართ ბინის საკომპენსაციო თანხის _ 34875 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით საწარმოო გაერთიანება «ს.-მ» მოსარჩელეს გამოუყო 46,50 კვ.მ ერთოთახიანი ბინა ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹29-ში. სს ნავთობის ეროვნული კომპანია «ს.-ს” ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, ბინათმშენებლობის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყოფოდა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ლ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ს.-ს» ნ. ლ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 34875 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს.-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს «ს.-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს ნავთობის ეროვნული კომპანია «ს.-ს” ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილებით სს «ს.-ს” ადმინისტრაციამ და პროფკომის პრეზიდიუმმა განიხილა ს/გ «ს.-ს” მიერ 1987 წლის 3 სექტემბრის ¹84/22-1 გადაწყვეტილებით განაწილებული ბინების, ... ¹29/2 კორპუსის ბინათმფლობელთათვის, ბინების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხების გაცემის საკითხი და გადაწყვიტა საკომპენსაციო თანხის გაცემა ... ¹29/2 კორპუსის იმ ბინათმფლობელებზე, რომლებსაც გაუნაწილდათ ბინები ს/გ “ს.-ს” ადმინისტრაციისა და პროფკომის 1987 წლის 3 სექტემბრის ¹84/22-1 გადაწყვეტილებით და აქვთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა საკომპენსაციო თანხის ოდენობა 1 კვ.მ საერთო ფართზე 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სს «ს.-ს” ბუღალტერიას დაევალა აღნიშნული საკომპენსაციო თანხების ნაწილ-ნაწილ გაცემა. გადაწყვეტილებაზე თანდართულ ბინათმფლობელთა სიაში მითითებულია: «ნ. ლ-ია _ ერთოთახიანი, ფართით 46,50 კვ.მ».

ამდენად, სს ნავთობის ეროვნული კომპანია «ს.-ს” ადმინისტრაციამ და პროფკომის პრეზიდიუმმა ნ. ლ-ია აღიარა საკომპენსციო თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირად.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 13 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ... ¹30ბ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 1 კვ.მ-ის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 2009 წლის ივლისის მდგომარეობით განსაზღვრულია 750 აშშ დოლარით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია სს ნავთობის ეროვნული კომპანია «ს.-ს” ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვალის აღიარების ხელშეკრულებად, ვინაიდან 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 1987 წლის 3 სექტემბრის ¹84/22-1 გადაწყვეტილებით საკომპენსაციო თანხების გაცემა დადგინდა მშენებარე კორპუსის სწორედ იმ ბინათმფლობელებზე, რომლებსაც გაუნაწილდათ ბინები საწარმოო გაერთიანება «ს.-ს” 1997 წლის 3 სექტემბრის ¹84/22-1 გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა შეეხება 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. ამ შემთხვევაში, 2002 წლის გადაწყვეტილებით ვალდებულების აღიარება მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებისაგან, რომელიც ქმნის ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოხდა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების აღიარება და დავა სწორედ აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს «ს.-ს” მითითება სს «ს.-ს” ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილების შიდაორგანიზაციულ დოკუმენტად შეფასების თაობაზე, რაც არ წარმოადგენდა ორგანიზაციის მხრიდან ნების გამოვლენას. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის _ გენერალური დირექტორის მიერ საწარმოს პროფკავშირთან ერთად საწარმოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც საწარმო გამოხატავს ნამდვილ ნებას და გარკვეულ ვალდებულებას კისრულობს მესამე პირების, მათ შორის, მოსარჩელე ნ.ლ-იას წინაშე. თავის მხრივ, ნ. ლ-იასათვის ცნობილია საწარმოს ნება და ცნობს ვალის აღიარებას. აღნიშნულის გამო, მითითებული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მხოლოდ შიდასაზოგადოებრივი მიზნებისათვის, საწარმოს შიდასაზოგადოებრივ ურთიერთობებში გამოსაყენებელ დოკუმენტად, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტაციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სს «ს.-მ” მოსარჩელის მიმართ იკისრა მასზე განაწილებული იმ ბინების კომპენსაციის ანაზღაურება, რომლებიც ვერ აშენდა. მოპასუხე ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების დროს აღნიშნული საკომპენსაციო თანხა განისაზღვრა 1 კვ.მ-ზე 150 აშშ დოლარით, რაც მოსარჩელეზე იმ მდგომარეობით არ გაცემულა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით კი, ქ.თბილისში, ... ¹30ბ-ში მდებარე ბინის 1 კვ.მ საშუალო ღირებულება საორიენტაციოდ შეფასებულია 750 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. აღნიშნული ფასის არარელაურობისა და საქმის განხილვის ეტაპზე არსებულ ბინის ფასებთან შეუსაბამობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება შპს «ს.-ს” სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ნ. ლ-იას სასარგებლოდ 34875 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული შპს «ს.-ს» მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ს.-მ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი. სასამართლომ ვალდებულების წარმომშობ გარიგებად მიიჩნია 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის ნაწილ-ნაწილ გაცემა, შესაბამისად, სადავო შემთხვევაზე სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი ვერ იმოქმედებს.

სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სადავო თანხის ოდენობაც, რადგან ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია მხარეთა ვალდებულების ფარგლები და არსად დაფიქსირებული არ არის, რომ კომპენსაცია უნდა გაცემულიყო საცხოვრებელი ბინების არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებითა და მათ შესაძენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შპს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 1743,75 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს.-ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში კასატორს წინასწარ სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, არამედ მისი გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «ს.-ს» უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 1743,75 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის _ 523,12 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს «ს.-ს» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 523,12 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.