Facebook Twitter

¹ას-1227-1487-09 9 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ შპს “ნ.”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ხ. ქ-ძის უფლებამონაცვლე რ. ქ-ძე

მოპასუხე _ ნ. ი-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 26 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხ. ქ-ძემ მოპასუხეების _ ნ. ი-ძისა და შპს “ნ.” მიმართ. სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე ორსართულიანი შენობის მესამე სართულის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში მის მიერ დახარჯული თანხის _ 18 131 ლარის შპს “ნ.” ხელმძღვანელ ნ. ი-ძისაგან ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, ხ. ქ-ძე 1982 წლიდან მუშაობდა შპს “ბ.” კანტორაში, რომელიც მდებარეობდა ბათუმში, ... ქ. ¹37-ში. 1983 წელს სამუშაო ადგილის პროფკომიტეტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ოჯახს გამოეყო ამ ორგანიზაციის მეორე სართულის ნახევარი, სადაც იგი ცხოვრობდა წლების განმავლობაში ექვსი წევრის შემადგენლობით.

1995 წელს ხ. ქ-ძემ შენობას სათანადო ნებართვის გარეშე დააშენა მესამე სართული, რომლის დაკანონება ვერ შეძლო უსახსრობის გამო. მესამე სართულის აშენებასა და კეთილმოწყობაზე მოსარჩელემ გასწია 18 131 ლარის ხარჯი.

აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹1273 ბრძანებით დამტკიცდა ამავე წლის 21 დეკემბერს შპს “ბ.” საკუთრებაში არსებული 100% წილის პრივატიზებისათვის ჩატარებული სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, რომლითაც ზემომითითებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე გახდა ფიზიკური პირი ნ. ი-ძე. მოგვიანებით, ამ უკანასკნელის მოთხოვნით 2007 წელს ხ. ქ-ძის ოჯახი გამოსახლდა დაკავებული ფართიდან.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მიითვისა მის მიერ დაშენებული მესამე სართული, რაც ფაქტობრივად არ ჰქონდა შესყიდული.

მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ დაასახელა სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი, 991-ე მუხლი, რომლებზე დაყრდნობითაც მოითხოვა შპს “ნ.” ხელმძღვანელ ნ. ი-ძისაგან 18 131 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 2-8, 46).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹1273 ბრძანებით დამტკიცდა ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე შპს “ბ.” საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პრივატიზებისთვის ჩატარებული სააუქციონო ვაჭრობის ოქმი და აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ნ. ი-ძე. ბრძანებაში მიწის ნაკვეთის ფართად მითითებულია 5691.7კვ.მ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის 2 თებერვალს ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე ყოფილი შპს “ბ.” კუთვნილ მთლიან ქონებაზე ნ. ი-ძეზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹545-ა;

შპს “ბ.” უფლების რეგისტრაციის რეესტრში 2005 წლის 24 აპრილის მდგომარეობით მიწის ნაკვეთის ფართად მითითებულია 5691.7კვ.მ, ანუ იმდენივე, რაც აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹1273 ბრძანებით დამტკიცებულ აუქციონის ჩატარების ოქმში;

საჯარო რეესტრის ამონაწერით ბათუმში, ... ქ. ¹37-ში, 4861კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა 2007 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხება შპს “ნათი+-ის” საკუთრებად. შპს “ნ.” წესდების 4.2 პუნქტის შესაბამისად, ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილის მესაკუთრეა ნ. ი-ძე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არ ირიცხებოდა იმ უძრავ ქონებაზე მეტი, რაც მან შეიძინა აუქციონის გზით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ნ. ი-ძემ მიითვისა მის მიერ სათანადო ნებართვის გარეშე დაშენებული მესამე სართული, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა მოპასუხის მიერ ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე უძრავი ქონების შეძენის უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულება. პირიქით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹1273 ბრძანებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, დასტურდებოდა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არ ირიცხებოდა მის მიერ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე მეტი ფართი. მოცემულ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ უსასყიდლოდ მოსარჩელის მიერ მე-3 სართულზე დაშენებული ფართის მითვისებას და ამ ფართის მითვისებით მის გამდიდრებას, მოსარჩელეს არ წარუდგენია (ს.ფ. 113-115).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ. და რ. ქ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 119-125).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით ხ. ქ-ძის მიერ სარჩელის საგანზე მოთხოვნის უფლების რ. ქ-ძისათვის დათმობის გამო, მოცემულ სამოქალაქო საქმეში ხ. ქ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. ქ-ძე (ს.ფ. 134-137).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. ქ-ძის უფლებამონაცვლე რ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება შპს “ნ.” ხ. ქ-ძის სასარგებლოდ თანხების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, შპს “ნ.” ხ. ქ-ძის უფლებამონაცვლე რ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 18 131 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ბათუმში, ... ქ. ¹37-ში განთავსებული შენობა-ნაგებობა ირიცხებოდა შპს “ბ.” ბალანსზე;

საბინაო წიგნის ჩანაწერებისა და ქ. ბათუმის მერისადმი ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”) დირექტორის 1995 წლის წერილის მიხედვით, ორგანიზაციის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, 1983 წელს, ხ. ქ-ძეს გამოეყო მე-2 სართულის ნახევარი, სადაც მოსარჩელე ცხოვრობდა ექვსსულიანი ოჯახით;

ზემოაღნიშნული ფართი მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა;

მოსარჩელის განმარტებითა და მოწმეების (ე. კ-ძე, ა. ქ-ძე) ჩვენებების თანახმად, დროთა განმავლობაში მოსარჩელემ თვითნებურად, სათანადო ორგანოების ნებართვის გარეშე განახორციელა მე-3 სართულის დაშენება, რომლის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება ვერ მოახერხა;

აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹1273 ბრძანებით დგინდებოდა, რომ ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე, შპს “ბ.” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პრივატიზებისათვის ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ნ. ი-ძე. ბრძანებაში მიწის ნაკვეთის ფართად მითითებულია 5691.7კვ.მ;

ზემოთ დასახელებული ბრძანების საფუძველზე აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 2007 წლის 2 თებერვალს, ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე, ყოფილი შპს “ბ.” კუთვნილ მთლიან ქონებაზე ნ. ი-ძეზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹545-ა;

შპს “ბ.” არასაცხოვრებელი შენობების ტექნიკური დახასიათების შემადგენელი უფლების რეგისტრაციის რეესტრში 2005 წლის 24 აპრილისათვის მიწის ნაკვეთის ფართად მითითებულია 5691.7კვ.მ, ანუ იმდენივე მიწის ნაკვეთი, რაც აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹1273 ბრძანებით დამტკიცებული აუქციონის ჩატარების ოქმში, ხოლო მასზე განთავსებული შენობა დახასიათებულია, როგორც ორსართულიანი;

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელიც განლაგებულია 4861კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2007 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხება შპს “ნ.” საკუთრებად;

შპს “ნ.” წესდების 4.2 პუნქტის შესაბამისად, ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილის მესაკუთრეა ნ. ი-ძე;

შპს “ნ.” წარმოადგენდა შპს “ბ.” (რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002 წლის 28 ივნისს) უფლებამონაცვლეს;

საქმეზე წარდგენილი გადახდის ქვითრებით დგინდებოდა, რომ 1993-1996 წლებში ხ. ქ-ძე “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”) უხდიდა ბინის ქირას;

1995 წელს ბათუმის მერისადმი ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბათუმსპეცმშენმრეწვმონტაჟი”) დირექტორის მიერ გაგზავნილი წერილით ირკვეოდა, რომ ფართის უქონლობის გამო ხ. ქ-ძე დროებით შესახლდა ... ქ. ¹33-ში მდებარე, მათი ორგანიზაციის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე დაიწყო მესამე სართულის მშენებლობა. ორგანიზაციის მითითებით, სათანადო დოკუმენტების შექმნის მიზნით შეჩერდა მშენებლობა. იმის გამო, რომ აღნიშნული ფართით დაკმაყოფილებული იქნებოდა როგორც თავად ქ-ძე, ისე ადმინისტრაცია, მშენებლობის გასაგრძელებლად და დოკუმენტაციის შესადგენად ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”) დირექტორმა ბათუმის მერს სთხოვა სათანადო ნებართვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე, 163-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 548-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე; კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგად გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდა; დამქირავებელს არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე.

საბინაო წიგნის ჩანაწერების, თანხის გადახდის ქვითრების და მხარეთა განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”) და ხ. ქ-ძეს შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ. ქ-ძე ფლობდა ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”) ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულს და იხდიდა ბინის სარგებლობის საფასურს (ქირას).

იმის გათვალისწინებით, რომ ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”) და ხ. ქ-ძეს შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, ამასთან, გამქირავებელმა ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”, შპს “ნ.”) დირექტორმა მოიწონა ხ. ქ-ძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო, საამშენებლო სამუშაოები, რაც დასტურდებოდა 1995 წელს, ქ. ბათუმის მერისადმი, ფირმა “ს.” (შემდგომში შპს “ბ.”) დირექტორის მიერ გაგზავნილი წერილით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა 548-ე მუხლში მითითებულ მესაკუთრის თანხმობას და სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

სამოქალაქო კოდექსის 572-ე მუხლის შესაბამისად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს, დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. რამდენადაც სადავო უძრავი ქონება, 2008 წელს, ხ. ქ-ძის გამოსახლებისა და ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის შპს “ნ.” საკუთრებას წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ. ქ-ძის სარჩელზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა შპს “ნ.” და არა ნ. ი-ძე. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ქ-ძის სარჩელი ნ. ი-ძისათვის ხარჯების დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებელი იყო და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელში მითითებული ხარჯების ოდენობას სადავოდ არ ხდიდა. აქედან გამომდინარე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ ბათუმში, ... ქ. ¹37-ში მდებარე შპს “ნ.” კუთვნილი შენობის მე-3 სართულზე განხორციელებული მშენებლობის ხარჯი შეადგენდა 18 131 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხ. ქ-ძე პოლიციის მეშვეობით სადავო ფართიდან გამოსახლდა ჯერ კიდევ 2007 წელს და ვინაიდან მშენებლობა განხორციელდა 1994-1995 წლებში, სასარჩელო მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმული იყო. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ პოლიციის გაფრთხილება ხ. ქ-ძეს წარედგინა 2008 წლის 25 მაისს. დასახელებული მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მსჯელობა ხ. ქ-ძის 2007 წელს გამოსახლების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო. რამდენადაც ხ. ქ-ძე გამოსახლდა 2008 წლის ბოლოს, ხოლო სარჩელი მან წარადგინა 2009 წლის მარტის თვეში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასული არ იყო სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლით გათვალისწინებული ექვს თვიანი ვადა და სასარჩელო მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ იყო ხანდაზმული (ს.ფ. 185-197).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე (ხ. ქ-ძე) მოითხოვს თანხის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ იგი ცხოვრობდა იმ შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე, რომელიც აუქციონის წესით 2007 წლის 2 თებერვალს გაასხვისა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. გასხვისების შედეგად შენობა-ნაგებობა შეიძინა ნ. ი-ძემ. ამასთან, შენობის მე-3 სართული თავისი სახსრებით დააშენა ხ. ქ-ძემ. აუქციონის შედეგად მოხდა მყიდველის მიერ მოსარჩელის ქონების მითვისება და აღნიშნულით მისი უსაფუძვლოდ გამდიდრება.

საქმეში არ არსებობს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით თანხის გადახდის ქვითრებისა და მხარის განმარტების საფუძველზე ქირავნობის ხელშეკრულების დადგენილად მიჩნევა არასწორია, ვინაიდან მოსარჩელე არ იხდიდა არანაირ ქირას, იგი მხოლოდ დროებით იყო შესახლებული სადავო ფართში. ამასთან, სასამართლომ ხ. ქ-ძე კიდეც რომ მიიჩნიოს კეთილსინდისიერ მფლობელად, მას არ შეიძლება მიეცეს რაიმე ხარჯების ანაზღაურება უფლება, რადგან აღნიშნული კომპენსირებულია ამ ნივთით ხანგრძლივი დროით (1983 წლიდან 2007 წლამდე) სარგებლობით (ს.ფ. 201-212).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ “ნათი+-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, შპს “ნათი+”-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შპს “ნ.” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (910 ლარი) 70% _ 637 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ნ.” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს “ნ.” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (910 ლარი) 70% _ 637 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.