Facebook Twitter

საქმე #010141318700063326

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№457აპ-18 ქ. თბილისი

გ. დ. 457აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი(თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განაჩენით დ. გ., - დ–ს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 25 ივნისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენითდარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20.50 საათზე, თ. ჭ–ში მდებარე სს „ს-ის“ სერვისცენტრში, ა. ბ–სა და ა. მ–ს, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, თავს დაესხა დ. გ., რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისგამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სს „ს-ის“ კუთვნილ 2560 ლარს, 5478 აშშ დოლარს, 1530 ევროს, 510 ევროდ ღირებულ ე.წ. „ცხელი ფულის შეკვრასა“ და ა. ბ–ის კუთვნილ „ZORAKT-ის“ მოდელის აირის პისტოლეტს.

4. კასატორი - მსჯავრდებულ დ. გ-ს ადვოკატი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; მოცემულ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთსარ შეესაბამება, კერძოდ, მოწმეების – ა. ბ–ისა და ა. მ-ის ჩვენებები წინააღმდეგობრივია. ასევე არადამაჯერებელია ტაქსის მძღოლის – დ. კ-ის ჩვენება; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს, რომ დ. გ. აუცილებლად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან ექსპერტ გ. ტ–ის მტკიცებით, სუნი შესაძლებელია ისე მოხვდეს ამა თუ იმ ადგილზე, რომ პირი საერთოდ არ იყოს იქ ნამყოფი; გამომძიებლებმა - გ. ჯ-მ და ვ. ც-მ გააყალბეს მტკიცებულებები, ვინაიდან მათ ადგილზე არ შეადგინეს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები და მასში არ აღწერეს კონკრეტული ნივთები. მათ რეალურად შეცვალეს დ. გ-ს ჩხრეკისას ამოღებული ჩვეულებრივი ფული ე.წ. ,,დასვრილი ფულით“, რითაც მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია; სასამართლომ არ გამოიკვლია დ. გ-ს მობილურ ტელეფონში შემავალი და გამავალი ზარები, რომლებიც ზედმიწევნით ემთხვეოდა ბრალდებულის ჩვენებას და ადასტურებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო არა თ. არამედ - გ. სააპელაციო პალატას არ უნდა ეთქვა უარი დაცვის მხარის მიერ სსკ-ის 297-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის შესახებ, ვინაიდან ისინი არსებითად მნიშვნელოვანი იყო სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა)საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ)კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. მოწმეების - ა. ბ-ის, ა. მ-ისა და დ. კ-ის ჩვენებები, ამოღებული ნივთმტკიცებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ დ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმეების ჩვენებათა არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებების დაცვის მხარისეული ინტერპრეტაცია, არ შეესაბამება მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების შინაარსს; ისინი თანმიმდევრულია, დამაჯერებელია და შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

10. უსაფუძვლოა კასატორის მითითება გამოძიების მხრიდან საპროცესო მოქმედებათა კანონის არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებაც, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასეთი რამ არ გამოვლენილა.

11. პალატა არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას ნივთმტკიცების გამოცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირადი ჩხრეკის სისწორე, რომლის დროსაც ამოიღეს და დალუქეს კუპიურები (რომლებზეც შემდგომ აღმოჩნდა საღებავის კვალი), ხელმოწერით დაადასტურა თავად დ. გ-მ და რაიმე პრეტენზია მას არ გამოუთქვამს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტის შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

12. სრულიად კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის (მოწმეთა დაკითხვის შესახებ) დაუკმაყოფილებლობის შესახებ, ვინაიდან იგი საპროცესოსამართლებრივი ნორმების არსებითი დარღვევით იყო წარდგენილი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე