¹ას-1230-1081-10 3 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ. მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს პედაგოგიური ინსტიტუტი “ლ.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ქუთაისის პედაგოგიურმა ინსტიტუტმა “ლ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. მ-შვილის მიმართ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლებით, რომ არბიტრაჟი არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მოცემული საქმე და შ. მ-შვილი აღედგინა საზოგადოების წევრად. მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება არ დადებულა. ამასთან, მოსარჩელე არბიტრაჟში დავის განხილვას არ დასწრებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ¹24 საარბიტრაჟო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად დავა არბიტრაჟში განხილულ იქნა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით შპს პედაგოგიურ ინსტიტუტ “ლ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს პედაგოგიურ ინსტიტუტ “ლ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს პედაგოგიურ ინსტიტუტ “ლ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება ¹1/24 საქმეზე შ. მ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზიის გამო შპს პედაგოგიურ ინსტიტუტ “ლ.-ს” მიმართ, ასევე გაუქმდა ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაცემული სააღსრულებო ფურცელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2007 წლის 25 იანვარს შ. მ-შვილსა და შპს “ლ.-ს” თავმჯდომარეს _ ჟ. ჯ-ძეს შორის დაიდო საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლითაც მხარეები შეთანხმდენენ, მათ შორის შპს “ლ.-ს” წევრად აღდგენის შესახებ არსებული დავა განეხილა ქუთაისის მუდმივმოქმედ არბიტრაჟს.
სასამართლომ იხელმძღვანელა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მე-20 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და მიიჩნია, რომ შ. მ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზიის შპს “ლ.-სათვის” გაგზავნის, კანონით დადგენილი წესით საარბიტრაჟო განხილვაზე მხარეთა მიწვევისა და 2007 წლის 12 თებერვალს არბიტრაჟის მიერ საქმის მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის გზით განხილვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნული გარემოება კი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელიც, რომელიც “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, ასევე უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი. მართალია, საქმის მასალებში არ მოიპოვება საარბიტრაჟო პრეტენზიის შპს “ლ.-სათვის” ჩაბარება, თუმცა საარბიტრაჟო პრეტენზიის მხარისათვის ჩაბარების მიზანს წარმოადგენს, მხარის ინფორმირება დავის არსის შესახებ. 2007 წლის 12 თებერვლის ¹10, 2007 წლის 8 თებერვლის ¹8 და 2007 წლის 27 იანვრის წერილებით უტყუარად დასტურდება, რომ შპს “ლ.-ს” დირექტორისათვის ცნობილი იყო დავის არსის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საარბიტრაჟო პრეტენზია ჩაბარდა.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მიეთითა საქმის განხილვისას მხარეთა მიერ მიცემული ახნსა-განმარტებების თაობაზე, რაც ადასტურებს, რომ მხარეები საქმის განხილვას ესწრებოდნენ, შესაბამისად, ისინი კანონის დაცვით მიწვეულ იქნენ სხდომაზე.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო საპროცესო ნორმათა დარღვევა და საერთოდ არ უმსჯელია დავის არსებით მხარეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შ.მ-შვილმა ¹ვ-19-2011 განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულებები 12 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ ნაწილს, მე-20, 25-ე და 43-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შ. მ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 10 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
შ. მ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ვ-19-2011 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 12 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შ. მ-შვილს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი და ¹ვ-19-2011 განცხადებაზე დართული მასალები 12 ფურცლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.