Facebook Twitter

ას-1233-1083-2010 28 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ. ხ-შვილი (წარმომადგენელი რ. შ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ რ. ღ-ელი, ნ. გ-ძე

მესამე პირები _ მ. შ-შვილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 25 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. და ზ. ხ-შვილებმა მოპასუხეების _ ნ. გ-ძის და რ. ღ-ელის, მესამე პირების _ მ. შ-შვილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. ერთის მხრივ, ნ. გ-ძესა და რ. ღ-ელს და, მეორეს მხრივ, მ. შ-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 90 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბ. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება მიწის ნაკვეთის დასახელებული ფართის ნაწილში (ს.ფ. 2-11).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. და ნ. ხ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

2008 წლის 5 თებერვალს, ერთის მხრივ, მ. შ-შვილს და, მეორეს მხრივ, რ. ღ-ელსა და ნ. გ-ძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. შ-შვილმა რ. ღ-ელსა და ნ. გ-ძეს მიყიდა მის საკუთრებაში რიცხული, ქობულეთში, ... ქ.¹4-ში მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში;

2008 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება იმავე დღეს აღირიცხა რ. ღ-ელისა და ნ. გ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით;

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეები _ ზ. ხ-შვილი და ნ. ხ-შვილი წარმოადგენენ ქ.ქობულეთში, ... ქ.¹102-ში მდებარე 80 კვ.მ (დაზუსტებული) ფართის მესაკუთრეებს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდნენ ერთადერთ არგუმენტზე _ მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერებაზე იმ მოტივით, რომ მათთვის ცნობილი იყო შესყიდულ უძრავ ქონებაზე დავის არსებობის შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შეისყიდეს სადავო ქონება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა აღნიშნული მოსაზრება. კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი შეძენილ ნივთზე შემძენის მესაკუთრედ გახდომას, შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერებას უკავშირებს. ამ ნორმის თანახმად, შემძენი შეძენილი ნივთის მესაკუთრე ხდება, თუ ის კეთილსინისიერია. შემძენი კეთილსინდისიერია მაშინ, როცა მან არ იცოდა და არც შეეძლო ცოდნოდა, რომ გამსხვისებელი (ან ის პირი, რომელსაც ნივთის გასხვისების უფლებამოსილება ჰქონდა) არ იყო მესაკუთრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაკეთილსინდისიერ შემძენად ჩაითვლება. ამასთან, შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ შემძენმა მასზე ნივთის გადაცემის შემდეგ შეიტყო, რომ ნივთის გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი. ეს ის შემთხვევაა, როცა შემძენმა იცის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გამსხვისებელი არ არის მესაკუთრე. აღნიშნული ნორმით დაწესებული შემძენის კეთილსინიდისირების დადგენისათვის არსებითია შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება მესაკუთრის ვინაობისადმი. შემძენის კეთილსინდისიერების საკითხის გადასაწყვეტად უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა არ იცოდა ქონების სხვა მესაკუთრის ან ამ ქონებაზე დავის არსებობის შესახებ. კანონის დანაწესის თანახმად, შემძენის წინდახედულობის ფარგლები ძალზე ვიწროა, მას ნაკლებად ხელეწიფება შეამოწმოს გამსხვისებლის უფლებრივი მდგომარეობა (ეს საჯარო რეესტრის ტვირთია). შესაბამისად, შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც სცილდება მისი შესაძლებლობის ფარგლებს.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნივთი გასხვისების მომენტში წარმოადგენდა მ. შ-შვილის საკუთრებას და დავა იმ პერიოდში არ არსებობდა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დავა დაიწყო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ შემძენმა მასზე ნივთის გადაცემის შემდეგ შეიტყო, რომ ნივთის გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს გადაცემამდე. მოცემულ შემთხვევაში ნივთის გადაცემამდე ასეთი ფაქტის არსებობა არ დასტურდებოდა. სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ისიც, რომ არც ნივთის გადაცემის შემდეგ ამ დრომდე _ საქმის განხილვამდე, არც ერთი ფორმით არ დადგენილა მოსარჩელეთა უფლება იმ მიწის ნაკვეთზე, რა ნაწილშიც ისინი მოითხოვდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას (ს.ფ. 113-120).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ზ. ხ-შვილებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ს.ფ. 130-148).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. და ნ. ხ-შვილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.ქობულეთში, ... ქ.¹4-ში მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მათ შორის, სადავო 90კვ.მ მიწის ნაკვეთის) მესაკუთრედ აღიარებულ იქნა მ. შ-შვილი. ეს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად საჯარო რეესტრში მ. შ-შვილის მესაკუთრედ რეგისტრაციას;

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინებით (ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ) ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ქობულეთში, ... ქ.¹4-ში მდებარე 218კვ.მ მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა მ. შ-შვილის საკუთრებად;

2009 წლის 13 მარტის განჩინების მიღებამდე, 2008 წლის 4 თებერვალს, სადავო მიწის ნაკვეთი მ. შ-შვილმა თავის საკუთრებად აღირიცხა, ხოლო 5 თებერვალს 30000 ლარად გაასხვისა ნ. გ-ძესა და რ. ღ-ელზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ადასტურებდნენ მათ საკუთრებას სადავო მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია მოსარჩელეების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის შემძენებმა, რ. ღ-ელმა და ნ. გ-ძემ იცოდნენ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის არსებობა. ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრე მ. შ-შვილმა, რ. ღ-ელსა და ნ. გ-ძეს გადასცა საკუთრებად ქონება. იმის გამო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება შეეხებოდა უძრავ ნივთს, ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად წერილობით გაფორმდა და შემძენი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობა ნამდვილი იყო.

რაც შეეხებოდა საკითხს იმის შესახებ, არსებობდა თუ არა ამ გარიგების ბათილობის საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მყიდველები კეთილსინდისიერ შემძენებად გვევლინებოდნენ, ანუ მათ არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა სცოდნოდათ, რომ ქონება, რომელიც მათ შეიძინეს არ იყო მ. შ-შვილის საკუთრება. მოსარჩელეთა ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა ი.პ-ომ აჩვენა, რომ მან მხარეთა შორის საუბარი სახლის ნასყიდობის თაობაზე მოისმინა აღდგომის წინ, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. შეძენილ უძრავ ქონებას, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე გამყიდველი მ. შ-შვილი მართლზომიერად ფლობდა, იგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგეგ უძრავი ქონება მართლზომიერად აღირიცხა ნ. გ-ძისა და რ. ღ-ელის სახელზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შემძენთა კეთილსინდისიერების საკითხი სწორად შეაფასა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ სადავო ნივთის შემძენებს მართლაც არ ჰქონდათ არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე ევარაუდათ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც კანონშესაბამისი უცვლელად უნდა დარჩენილიყო (ს.ფ. 245-255).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოცემულ საქმეზე ზ. და ნ. ხ-შვილების სააპელაციო საჩივარი გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეებს: რ. ღ-ელს, ნ. გ-ძეს, მ. შ-შვილსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს. სააპელაციო სასამართლომ მათ განუსაზღვრა ვადა საჩივარზე შესაგებლის წარსადგენად. ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა მხოლოდ ნ. გ-ძემ, დანარჩენებს სააპელაციო სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენიათ. ასეთ შემთხვევაში კი გამოტანილი უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტუილება. მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარეების: რ. ღ-ელის, მ. შ-შვილის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მათ მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.

კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლოში ადგილი ჰქონდა დავის საგნის გასხვისების საფუძვლების ბათილობისათვის აუცილებელი მოსაზრებების არასწორ ინტერპრეტაციას და მათ არასწორად ფორმულირებას. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოებები, რაც წინ უძღოდა საქმის განხილვას და გადაწყვეტას, გარემოებები, რომელთა შესახებ სასამართლოსათვის ცნობილი იყო მტკიცებულებების სახით. ამ შემთხვევაში საუბარია შემდეგ გარემოებებზე: ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იყო ზ. და ნ. ხ-შვილების კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის ცნობა-დახასიათება, რომელიც ადასტურებს დავის საგანთან მიმართებით საკუთრების უფლების მქონე პირთა განსაზღვრულ წრეს, ასეთებს წარმოადგენენ მხოლოდ ზ. და ნ. ხ-შვილები. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უკანონოდ მოახდინა სადავო ქონების ჯერ მ. შ-შვილის საკუთრებად აღიარება, ხოლო მეორე დღესვე ამ უკანასკნელისათვის ხელშეწყობა ქონების მოპასუხეებზე გასხვისების საქმეში. საჯარო რეესტრის სამსახურმა იცოდა, რომ სადავო ქონებაზე მესაკუთრის უფლების მქონე ერთადერთ პირებს წარმოადგენდნენ ზ. და ნ. ხ-შვილები.

კასატორის მითითებით, მას შემდგომ, როდესაც მან გაიგო მ. შ-შვილზე სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე, ზ. ხ-შვილთან ერთად საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნულმა სამსახურმა შეისწავლა საქმე და 2008 წლის 15 დეკემბრის ¹01/11-7401/103/კოლ წერილით ამავე სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათილად ცნო მისი ძალაში შესვლის მომენტიდან, ამასთან, აღნიშნულ სამსახურს დაავალა სარეგისტრაციო მომომსახურებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის და საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდგომ ზ. და ნ. ხ-შვილებისათვის დაერეგისტრირებინა ზემომითითებული მიწის ნაკვეთი. სააგენტოს 2008 წლის 15 დეკემბრის წერილში აღნიშნული დავალების შესრულებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით მოხდებდა მ. შ-შვილის მიერ რ. ღ-ელსა და ნ. გ-ძეზე გასხვისებული მიწის ნაკვეთის გადაფარვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ. შ-შვილმა სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, სადაც მოპასუხედ დაასახელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო მესამე პირებად _ ზ. და ნ. ხ-შვილები. მ. შ-შვილის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარება მის მიერ რ. ღ-ელსა და ნ. გ-ძეზე გასხვისებულ, სადავო მიწის ნაკვეთზე. მ. შ-შვილის სარჩელი უკან გამოიხმო რ. ღ-ელისა და ნ. გ-ძის წარმომადგენელმა, რაც სამართლებრივად გაუგებარია, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება რწმუნებულება. სარჩელის გამოხმობის შესახებ მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა 2010 წლის 19 მაისის განჩინებით. ეს გარემოებები თავისთავად გამორიცხავს რ. ღ-ელისა და ნ. გ-ძის კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსს.

ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 13 მარტის განჩინებით გააუქმა ამავე სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებული იყო მ. შ-შვილის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. ამით დასტურდება, რომ თავის დროზე უკანონოდ მოხდა ამ მიწის ნაკვეთის მ. შ-შვილისათვის მიკუთვნება და აქედან გამომდინარე მისი რ. ღ-ელსა და ნ. გ-ძეზე გასხვისება. საქმეში მითითებული მასალებიდან, მათ შორის, ქობულეთის რაიონული სასამართლოს დასახელებული განჩინებიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის წერილებიდან, მკაფიოდ ჩანს, რომ მ. შ-შვილი არასდროს ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი და მესაკუთრე. ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ რ. ღ-ელი და ნ. გ-ძე, რაც დასტურდება სხვადასხვა ფაქტებით და სარჩელზე მათივე შესაგებლით.

კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში მ. შ-შვილის საკუთრებად დარეგისტრირდა 2008 წლის 4 თებერვალს, აქედან მეორე დღეს _ 2008 წლის 5 თებერვალს კი ამავე მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, აშკარაა, თუ როგორ ჩქარობდნენ და ერთობლივად მოქმედებდნენ ზ. და ნ. ხ-შვილების ზურგს უკან სადავო მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების საქმეში.

საკასაციო საჩივარში საუბარია იმაზე, რომ არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად სასამართლომ არც ერთხელ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების თხოვნა მოცემულ საქმეზე მოპასუხეების მოწმის სტატუსით დაკითხვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.