¹ას-1236-1086-10 10 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ხ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. და მ. ჩ-ძეები
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 22 თებერვალს გ. და მ. ჩ-ძეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების _ ვ. და ი. ხ-ძეების მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით თებერვალს გ. და მ. ჩ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა., ბათილად იქნა ცნობილი ი. ხ-ძესა და ვ. ხ-ძეს შორის 2009 წლის 19 თებერვალს დადებული ჩუქების ხეშლკრულება ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹76/66-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საქართველოს იუსტიციის სამონისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში. აღიარებულ იქნა ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹76/66-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა ი. და ხ-ძისა და ზ. ხ-ძის საერთო საკუთრებად (თანასაკუთრებად), შესაბამისად, აღიარებულ იქნა ზ. ხ-ძე ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹76/66-ში მდებარე საცხოვრებელ ბინის ½-ის მესაკუთრედ და ასეთი სახით მოხდა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია, ხოლო ½ აღირიცხა ი. ხ-ძის სახელზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი., ვ. და ზ. ხ-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ი., ვ. და ზ. ხ-იძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-იძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ. ხ-იძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზ. ხ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 29 დეკემბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ. ხ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 2500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, განჩინების ასლი მხარისათვის ჩასაბარებლად გაეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორ მამუკა ჩეგიანს. 2011 წლის 4 იანვარს მ.ჩეგიანმა წარმოადგინა ზ.ხ-ძის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 29 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 30 დეკემბერს და ამოიწურა 2011 წლის 3 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.