ბს-1125-703(კ-05) 7 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 15 ივნისს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანება იყო უკანონო. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, ფაქტობრივად, მოხდა სამინისტროების გამსხვილება, შერწყმა და არა ლიკვიდაცია, როგორც მითითებულია ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის ლიკვიდაცია ნიშნავს მის გაუქმებას და მისი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას. ხსენებული ბრძანება კი არ შეიძლება ჩაითვალოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის შედეგად გამოცემულ ბრძანებად, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა ამავე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინტეგრაციის დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან.
მოსარჩელის განმარტებით, იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა შკკ-ის დარღვევით. 2004წ. 1 ივნისისთვის მოსარჩელე იმყოფებოდა ბიულეტენზე, საავადმყოფო ფურცელზე. ამასთან, შკკ-ის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებული იყო ორი თვით ადრე მაინც ეცნობებინა შრომითი მოწყობის ორგანოს მუშაკთა მასობრივი გათავისუფლების შესახებ, რაც არ მომხდარა. აღნიშნული კოდექსის 423-ე მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, მოსარჩელეს უნდა მიეღო გასასვლელი დახმარება და შენარჩუნებოდა საშუალო ხელფასი შრომით მოწყობამდე, ხოლო მოსარჩელეს გათავისუფლების მომენტისთვის არ მიუღია თვეების მანძილზე გაუცემელი ხელფასი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2004წ. 1 ივნისს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აშკარად უკანონოდ, შესაბამისი კონკურსის გამოცხადებისა და გავლის გარეშე, დაინიშნა ზ. კ-ი, რაც ნათლად მოწმობს, რომ არ მომხდარა ზემოთ ხსენებული სამინისტროს, აგრეთვე, აღნიშნული დეპარტამენტის ...ის თანამდებობის ლიკვიდაცია. ზ. კ-ის თანამდებობაზე სასწრაფოდ, მისი საქმიანობის შესწავლის გარეშე დანიშვნაში აშკარად გამოიხატა მოპასუხის აშკარა დაინტერესება, კერძოდ, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის 2004წ. 28 მაისამდე მოქმედი თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-4 მუხლის “გ” პუნქტი მოითხოვდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნად პირს უნდა ჰქონოდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, ხოლო შემდგომში, ზ. კ-ის თანამდებობაზე დანიშვნის ხელშეწყობისთვის, გამოიცა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ახალი თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, შეიცვალა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იგი განისაზღვრა ჩვეულებრივი, არახელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის სამიწ. სტაჟით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, ხსენებული ახალი ინსტრუქცია არ დარეგისტრირებულა იუსტიციის სამინისტროსი.
მოსარჩელის მტკიცებით, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 108-ე მუხლები. მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, მოსარჩელე არ გაუფრთხილებიათ თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე, არ არსებობს ხსენებული სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სალიკვიდაციო კომისიის დასკვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტის, შკკ-ის 422-ე და 423-ე მუხლების, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 108-ე მუხლების თანახმად, მოითხოვა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა.
2004წ. 20 ივლისს მოსარჩელე ნ. ბ-ის წარმომადგენლებმა _ ლ. ქ-ემ და ლ. კ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს წარუდგინეს დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომელშიც დამატებით მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
1. 2004წ. 19 თებერვალს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრმა გამოსცა ბრძანება ¹01, რომლის თანახმადაც, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს აპარატს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კანცელარიასა და კადრების სამმართველოს დაევალათ აპარატის თანამშრომელთა გაფრთხილების უზრუნველყოფა ხსენებული სამინისტროს ლიკვიდაციის გამო. აღნიშნული ბრძანების, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 მარტის ¹23-კ ბრძანების საფუძვლად მიეთითა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლსა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 108-ე მუხლებზე. ზემოხსენებული ბრძანებები არ შეესაბამება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლს, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს არა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების, არამედ მხოლოდ სახელმწიფო კანცელარიის, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციას. ხსენებული ორივე სამინისტრო გადავიდა ახლადშექმნილი ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში. შესაბამისად, უსაფუძვლოა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 108-ე მუხლებზე მითითებაც;
2. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ახალი სამინისტროს შექმნას მანამდე არსებული სამინისტროების გაერთიანების საფუძველზე, რაც არ წარმოადგენს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მუშაკის სამსახურიდან გასათავისუფლებლად. 2004წ. 27 აპრილს გამოიცა ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის ¹112-კ ბრძანება, რომლითაც აღნიშნული სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს, რომლებსაც დროებით დაკისრებული ჰქონდათ მოვალეობის შესრულება, უფლებამოსილება გაუგრძელდათ 2004წ. 1 ივნისამდე;
3. ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანება, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 თებერვლის ¹01 და 2004წ. 19 მარტის ¹23-კ ბრძანებები, უკანონოა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი 2004წ. 1 ივნისს არ გაუქმებულა, ანუ არ მომხდარა მისი ლიკვიდაცია, რაც დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ 2004წ. 1 ივნისს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრმა გამოსცა ¹245-კ ბრძანება, რომლითაც ხსენებული დეპარტამენტის ...ად 2004წ. 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე დაინიშნა ზ. კ-ი. ცვლილება განიცადა მხოლოდ აღნიშნული დეპარტამენტის სახელწოდებამ და მას დაუბრუნდა ის სახელწოდება, რომელიც გააჩნდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ...ად 2002წ. 2 იანვარს ¹07-კ ბრძანებით ნ. ბ-ის დანიშვნისას;
4. ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 თებერვლის ¹01, 2004წ. 19 მარტის ¹23-კ, 2004წ. 27 აპრილის ¹112-კ და 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანებები გამოცემულია კანონის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობა, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო შეიცვალა უფლებამონაცვლე ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი.
რაიონულ სასამართლოში პაექრობის სტადიაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა: თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში წინანდელ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არაკანონიერად იქნა აღიარებული ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან ნ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე ნ. ბ-ე აღდგენილ იქნა მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში რანგით წინანდელის ტოლფას თანამდებობაზე და მასვე აუნაზღაურდა თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 მაისის განჩინებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ბ-ე 2000 წლიდან მუშაობდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე, ხოლო 2004წ. 19 მარტიდან _ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ...ის მოვალეობის დროებით შემსრულებლად; ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანებით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებისა და “ტრანსპორტისა და კომუნიკაციებისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების ლიკვიდაციის გამო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე” ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 თებერვლის ¹01 ბრძანების შესაბამისად, ნ. ბ-ე, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, 2004წ. 1 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროშიც გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლეებად. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად, განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო ჩაითვალა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია დადგინდა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2004წ. 24 ივნისის კანონის საფუძველზე, რომლითაც შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველეყო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დაფინანსების საშტატო რიცხოვნობისა და ქონების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის გადაცემა, აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სისტემის, მათ შორის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილების შესაბამისი გათვალისწინება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო ლიკვიდირებული არ იყო, რაც დასტურდებოდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 1 ივნისის ¹245-კ ბრძანებითაც, რომლის თანახმად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე დაინიშნა ზ. კ-ი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციამდე არ შეიძლებოდა ნ. ბ-ის გათავისუფლება. ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება, მით უმეტეს, დაუშვებელი იყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით იყო დადგენილი, ნ. ბ-ე 2004წ. 19 მარტიდან მუშაობდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსი. სააპელაციო სასამართლომ ამასთან, ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სამთავრობო დაწესებულებათა არა ლიკვიდაცა, არამედ რეორგანიზაცია, ვინაიდან სახელმწიფომ, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, შეინარჩუნა აღნიშნული ფუნქციები და გადასცა ისინი ახლად შექმნილ სამინისტროს, ხოლო ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტროში კონკრეტული სახელმწიფო ფუნქციების გადასვლა არ შეიძლებოდა შეფასებულიყო, სამინისტროს ლიკვიდაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც, სსკ-ის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტისა და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, რის თაობაზეც ხსენებული სამინისტროს თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელე ნ. ბ-ის წინასწარ გაფრთხილება და შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 მარტის ¹23-კ ბრძანებით მოსარჩელე ნ. ბ-ეს დაეკისრა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ...ის მოვალეობის დროებით, 2004წ. 1 მაისამდე შესრულება, რის თაობაზე მას პრეტენზია არ განუცხადებია. უფრო მეტიც, ნ. ბ-ე დაეთანხმა აღნიშნულ ბრძანებას და კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია იგი. ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 27 აპრილის ¹112-კ ბრძანებით ნ. ბ-ეს გაუგრძელდა აღნიშნული უფლებამოსილება 2004წ. 1 მაისამდე, რაც მას ასევე არ გაუსაჩივრებია. ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 27 აპრილის ¹112-კ ბრძანებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანებით ნ. ბ-ე 2004წ. 1 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული. ის ფაქტი, რომ ნ. ბ-ე დროებით იყო დანიშნული თანამდებობაზე, დასტურდება საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 მარტის ¹23-კ და 2004წ. 27 აპრილის ¹112-კ ბრძანებებით, რომლებშიც პირდაპირ არის მითითებული ამის თაობაზე. ნ. ბ-ეს აღნიშნული ბრძანებები არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სრული უფლება ჰქონდა გარკვეული ვადით (2004წ. 1 ივნისამდე) თანამდებობაზე დანიშნული ნ. ბ-ე თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და უსაფუძვლოდ გააუქმა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ განხორციელდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს არა ლიკვიდაცია, არამედ მისი რეორგანიზაცია და დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში, აღნიშნულ სამინისტროს უნდა ემოქმედა ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით. საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ გამოცემულ ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში არაფერია ნათქვამი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს რეორგანიზაციის თაობაზე და პირდაპირ არის მითითებული ხსენებული სამინისტროს ლიკვიდაციაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ბ-ე 2000 წლიდან მუშაობდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე, ხოლო 2004წ. 19 მარტიდან _ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ...ის მოვალეობის დროებით შემსრულებლად. ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანებით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე, ნ. ბ-ე 2004წ. 1 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანებით ნ. ბ-ე 2004წ. 1 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანებაში ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად არ არის მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის პირველ პუნქტზე. ამასთან, კასატორს აღნიშნულ საფუძველზე არ მიუთითებია პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში მოცემული საქმის განხილვისას, ხოლო საკასაციო წარმოების სტადიაზე კასატორის მხრიდან ხსენებულ საფუძველზე მითითება უსაფუძვლოა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება არ მომხდარა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, ხოლო აღნიშნული სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. ამის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 მარტის ¹23-კ ბრძანებით, მოსარჩელე ნ. ბ-ეს დაეკისრა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ...ის მოვალეობის დროებით შესრულება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ, თუმცა ამავე სამინისტროს უფლებამონაცვლე ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციამდე _ აღნიშნულის თაობაზე “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004წ. 24 ივნისის კანონის გამოცემამდე, მაშინ, როდესაც ნ. ბ-ე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 27 აპრილის ¹112-კ ბრძანების საფუძველზე დროებით, 2004წ. 1 მაისამდე ასრულებდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ...ის მოვალეობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებასაც, რომ სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. ბ-ეზე, როგორც საჯარო მოხელეზე, ვრცელდება, როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის, ისე შკკ-ის საკანონმდებლო-მატერიალური ნორმების მოქმედება. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმა-დებულებები არ ითვალისწინებს “ტოლფასი თანამდებობის” ცნებას და შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შკკ-ის 206-207-ე მუხლებით რეგლამენტირებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანილ მუშა-მოსამსახურეთა აღდგენა წინანდელ სამუშაოზე. აღნიშნულ კოდექსში ტერმინი _ “ტოლფასი თანამდებობა” _ მოხსენიებულია მხოლოდ 109-ე მუხლში, რომელიც არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკთა გარანტიებს შეეხება და საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ შეიძლება იგი მთლიანობაში იქნეს გავრცელებული შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტაზე, ვინაიდან შკკ-ის 109-ე მუხლი აწესრიგებს გამონაკლის შემთხვევას და დაკავშირებულია სამუშაოდან გათავისუფლებასთან მუშაკის არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო, რაც სრულებით არ ნიშნავს მუშაკის ადმინისტრაციის ინიციატივით გათავისუფლებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კანონმდებელმა განსხვავებულად მოაწესრიგა ხსენებული სახის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მისი განსხვავებული ხასიათის გამო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ის აღდგენა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში გათავისუფლებამდე დაკავებული, რანგით წინანდელი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე არ შეესაბამება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს ამასთან, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას კასატორმა დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლი და შკკ-ის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების კანონით დადგენილი წესით გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, აგრეთვე _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს ოფიციალურ-უწყებრივ, იურისდიქციულ-პროცესუალურ უფლებამოსილება-კომპეტენციას და ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანება და დაევალოს კასატორს ნ. ბ-ესთან მიმართებაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ. ამასთან, უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროსი და ხომ არ არის მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით, ან ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რაზეც თანახმა იქნება მოსარჩელე.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ეს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან შესაბამისი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა მოქმედი ადმინისტრაციულ-მატერიალური კანონმდებლობის დარღვევით და შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 მაისის განჩინების შეცვლით მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 მაისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანება. დაევალოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ბ-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე;
5. აუნაზღაურდეს ნ. ბ-ეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹156-კ ბრძანების გამოცემიდან ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.