Facebook Twitter

¹ას-1237-1496-09 25 თებერვალი,2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე-შპს “.. ..” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 06 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „.. ..ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 113882 ლარის გადახდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „.. ..ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3416,46 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის გაუქმება, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „.. ..ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3416,46 ლარის გადახდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დადასტურდა, რომ მოსარჩელემ შპს „.. ..მ“ სარჩელზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 3416 (სამიათას ოთხასთექვსმეტი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც წაგებულ მხარეს, შპს „.. ..ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3416,46 ლარის გადახდა (ტ.I ს.ფ. 207).

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ნორმათა კოლიზიის არსებობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ ერთ შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს სუბიექტს, ხოლო მეორე შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა ავალდებულებს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებულ სუბიექტს გადაიხადოს იგი.

პალატამ განმარტა, რომ მართალია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე, მაგრამ ისინი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, როგორც მოსარჩელეები, ნებისმიერი კატეგორიის დავაში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. აღნიშნული მუხლი კი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, მხარის მიერ გაღებულ სასამართლო ხარჯებთან მიმართებაში და იგი მართებულად გამოიყენა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ, ბაჟის გადახდის ქვითარი ადასტურებდა შპს „.. ..ს“ მიერ 3416,46 ლარის გადახდის ფაქტს. აღნიშნული გარემოება სამინისტროს მიერ გაზიარებულ იქნა, თუმცა არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შედეგობრივ მხარეს. კერძოდ, შპს „.. ..ს“ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების გამო, სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შეფასებისთვის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი. სადავო შემთხვევაში სამინისტროს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება განპირობებული იყო იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ არ მომხდარიყო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი რგოლიდან მეორე რგოლში გადატანა, რაც ზედმეტი რესურსის ხარჯვას განაპირობებდა. ასევე კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ავალდებულებს სამინისტროს გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, ადგილი აქვს ნორმათა კოლიზიას.

კასატორის განცხადებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმად „თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 06 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.