Facebook Twitter

ას-1239-1089-10 27 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “თ.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბანკი ა.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “თ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბანკი ა.-ს” მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების _ 193150 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “თ.-ს” სარჩელი სს “ბანკი ა.-ს” მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ.-მ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს “თ.-ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “თ.-ს” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა _ 7 დღე და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7 000 ლარის ოდენობით.

საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტის წარმომადგენელ ვ. კ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 25 სექტემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ.კ-შვილისათვის გზავნილის ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის ჩაბარებას უთანაბრდება. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა პალატამ აითვალა 2010 წლის 26 სექტემბრიდან და იგი ამოწურულად ჩათვალა აღნიშნული ვადის შემდეგ სამუშაო დღეს _ ამავე წლის 4 ოქტომბერს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “თ.-ს” წარმომადგენელმა ვ. კ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინება შპს “თ.-სათვის” ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტის წარმომადგენელ ვ.კ-შვილს 2010 წლის 25 სექტემბერს ჩაბარდა, ვინაიდან აღნიშნულ დროს ვ.კ-შვილი იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამსახურებრივ მივლინებაში. მითითებული გარემეობა დასტურდება მის პასპორტში არსებული “შენგენის” ვიზით, ავიაბილეთებით, უცხო ქვეყნის ორგანიზაციის მიწვევით, ქვეყნიდან გასვლისა და დაბრუნების ინფორმაციით.

ამდენად, სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელწერილს ვ.კ-შვილი ხელს არ აწერს და სასამართლო ვალდებული იყო, შეემოწმებინა მისი ხელმოწერის ნამდვილობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “თ.-ს” წარმომადგენელ ვ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ შპს “თ.-ს” დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ვ.კ-შვილს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2010 წლის 25 სექტემბერს არ ჩაბარებია. საქმეში წარმოდგენილი შპს “სკს-ს” შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ვ.კ-შვილისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი 2010 წლის 25 სექტემბერს ჩაიბარა ადრესატის მეუღლემ _ მ.მ-შვილმა, რაც დასტურდება ხელმოწერითა და პირადობის მოწმობის პირადი ნომრით.

სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის იმ დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელ ვ.კ-შვილის მეუღლისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება სასამართლო გზავნილის ვ.კ-შვილისა და თავად მხარისათვის ჩაბარებადაც უნდა ჩაითვალოს.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ვ.კ-შვილი 2010 წლის 25 სექტემბერს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით არ დაუდასტურებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელანტი წარმოადგენს იურიდიულ პირს და მისი წარმომადგენლის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას ვალდებული იყო, უზრუნველეყო საქმის განხილვაში თავისი მონაწილეობა სხვა წარმომადგენლობის მეშვეობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2010 წლის 25 სექტემბრიდან სწორად აითვალა და მიიჩნია, რომ მხარეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 4 ოქტომბრის ჩათვლით (2-3 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღეები).

მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “თ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.