Facebook Twitter

¹ ას-1240-1499-09 25 იანვარი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. და რ. კ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით თ. და რ. კ-ძეების სარჩელი მოპასუხეების _ თ. ე-შვილისა და ს. ა-ძის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საკუთრების, მფლობელობის უფლების აღდგენისა და ბინაში შესახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და რ. კ-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და რ. კ-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 47-ე, 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან შემცირების საფუძვლები განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს.

2010 წლის 12 იანვარს თ. და რ. კ-ძეების წარმომადგენელმა ვ. კ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 1 თვით.

საკასაციო პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით თ. და რ. კ-ძეების წარმომადგენელ ვ. კ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.

2010 წლის 18 იანვარს რ. კ-ძემ და 20 იანვარს თ. და რ. კ-ძეების წარმომადგენელმა ვ. კ-შვილმა განცხადებებით მიმართეს საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 1 თვით, ხოლო 2010 წლის 21 იანვარს კასატორების წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. და რ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.