Facebook Twitter

ას-1241-1091-2010 15 მარტი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს «მ-ა» (წარმომადგენლები – ქ. ქ-ვა, ი. ჟ-იანი)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჩ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 1 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ჩ-ძემ მოპასუხე სს «მ-ას» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ: ა. 2004 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის 280000 აშშ დოლარის დაკისრება; ბ. 2009 წლის 1 ივლისიდან ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-12, 204-207, 208-209).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1993 წლის 10 დეკემბრის ბრძანება მოსარჩელის ქ-ის მინის ტარის ქარხნის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მას აუნაზღაურდა ერთი წლის იძულებითი განაცდური. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მის მიერ დაკავებული თანამდებობის არარსებობის გამო. სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებთან შეთანხმებით მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და შრომითი მოწყობის საკითხის განხილვა;

დასახელებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მისი იძულებითი აღსრულების მიზნით მთაწმინდის სასამართლოს მიერ 1997 წლის 10 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

1997 წლის 10 ნოემბერს გაიმართა სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს მ. გივის ძე ჩ-ძის სს «მ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი და უარი განაცხადეს მ. ჩ-ძის სს «მ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე. კრებას არ ესწრებოდა აქციათა 76%-ის მქონე მფლობელი ფირმა შ-ამის წარმომადგენელი. მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 აპრილის განჩინებით განიმარტა, რომ სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 1997 წლის 10 ნოემბრის სხდომა არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და მ. ჩ-ძის სს «მ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სამუშაოზე აღდგენის შესახებ საკითხი სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს აქციათა 24%-ისა და 76%-ის (ფირმა შ-ამი) წარმომადგენლების დასწრებით, მათი მონაწილეობით და მიიღოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი გადაწყვეტილება;

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ძის განცხადების საფუძველზე მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს და დადებითად გადაწყვიტოს უკანონოდ გათავისუფლებულ მ. ჩ-ძის სამუშაოზე აღდგენისა და შრომითი მოწყობის საკითხი;

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 27 ივლისის განჩინებით სს «მ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ;

2003 წლის 12 დეკემბრის განჩინების საფუძველზე 2004 წლის 18 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

სასამართლო აღმასრულებელმა თ.ქობულაშვილმა 2004 წლის 20 ოქტომბრის წერილით სს «მ-ას” წინადადება მისცა 5 დღის ვადაში შეესრულებინა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება 2003 წლის 12 დეკემბრის განმარტების შესაბამისად. 2004 წლის 20 ოქტომბერს სასამართლო აღამსრულებელმა განმეორებით მოსთხოვა სს «მ-ას” სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარება. 2004 წლის 15 ნოემბრის წერილით სასამართლო აღმასრულებელმა სს «მ-ას” მოსთხოვა ეცნობებინა, რა სტადიაში იყო გადაწყვეტილების აღსრულება;

მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურის აღმასრულებელმა შ. ჩ-შვილმა 2006 წლის 24 ნოემბერს სს «მ-ას” სამეთვალყურეო საბჭოსადმი გაგზავნილი წერილით მოვალეს წინადადება მისცა, ნებაყოფლობით აღესრულებინა 2004 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა. წერილში აღნიშნულია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა 2004 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს «მ-ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

2006 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს მ. ჩ-ძის სამუშაოზე აღდგენისა და შრომითი მოწყობის საკითხი. სამეთვალყურეო საბჭომ უარი განაცხადა მ. ჩ-ძის შრომითი მოწყობის საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებაში არ იყო მისი რაიმე თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მას არ დაკისრებია მ. ჩ-ძის სს «მ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მ. ჩ-ძის სს «მ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სს «მ-ას” არ ევალებოდა მისი საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მ. ჩ-ძის შრომითი მოწყობის საკითხის განხილვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დაევალა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც «მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.7 მუხლის თანახმად ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს, ასევე მათთან დებს და წყვეტს ხელშეკრულებებს. შესაბამისად, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციიაში საზოგადოების თანამდებობის პირებიდან მხოლოდ საზოგადოების დირექტორის დანიშნვა და გამოწვევა, და არა საზოგადოებაში დასაქმებულ ყველა პირთან შრომითი ურთიერთობის საკითხების გადაწყვეტა შედიოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ 1998 წლის 10 აპრილსა და 2003 წლის 12 დეკემბერს მიღებული განჩინებებით გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ სს «მ-ას” სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა განეხილა მ. ჩ-ძის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი. კერძოდ, 1998 წლის 10 აპრილის განჩინებით სს «მ-ას” დაევალა აქციათა ყველა მესაკუთრის მონაწილეობით მ. ჩ-ძის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხის განხილვა. რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბერს მიღებულ განჩინებას გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა მ. ჩ-ძემ და მოითხოვა განმარტება შემდეგ საკითხზე: სასამართლო გადაწყვეტილებით სავალდებულოა თუ არა სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. აღნიშნული განჩინებით მანამდე აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მიღებული განჩინებებისგან განსხვავებულად არ განმარტებულა ის საკითხი, თუ მ. ჩ-ძის რა თანამდებობაზე აღდგენა დაეკისრა სს «მ-ას”, რადგან ამ საკითხის განმარტება განმცხადებელს არ მოუთხოვია. განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებით იმპერატიულად სს «მ-ას” არ დაკისრებია მ. ჩ-ძის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, თუმცა მოპასუხეს დაევალა მ. ჩ-ძის სამუშაოზე აღდგენისა და შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს დადებითად უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს მითითება, მით უფრო, რომ უკანონოდ განთავისუფლება მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად ცნო.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტებების შესახებ მიღებული განჩინებების შესაბამისად, სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განეხილა და დადებითად გადაეწყვიტა მ. ჩ-ძის სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი. ის გარემოება, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილებით იგულისხმებოდა მოსარჩელის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა თავად სს «მ-ის” მოქმედებით დასტურდებოდა, რადგან 1997 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე სს «მ-ოს” სამეთვალყურეო საბჭომ განიხილა მ. ჩ-ძის საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება სს «მ-ის” გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოსარჩელემ მტკიცებულების წარდგენით ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2004 წლის 1 ნოემბრის შემდგომ პერიოდში სს «მ-ის” გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად იყო 5000 აშშ დოლარი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «მ-ის” გენერალური დირექტორის ხელფასი 2004 წლიდან 2005 წლის მარტის ჩათვლით შეადგენდა 938 ლარს, 2005 წლის აპრილიდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით 1056 ლარს, 2006 წლის თებერვლიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით 1232 ლარს, 2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის აპრილის ჩათვლით 1545 ლარს, ხოლო 2009 წლის მაისიდან 1648 ლარს. აღნიშნული გარემოება დადგენილად იქნა მიჩნეული სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით. სასამართლომ მითითებული მტკიცებულების უარყოფის საფუძვლად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქმეში წარდგენილი არ იყო სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი სხდომის ოქმები, რადგან სს «მ-ის” გენერალური დირექტორის ამ ოდენობით შრომის ანაზღაურება დადასტურდა სს «თ. ბანკის” სახელფასო ბარათიდან ამონაწერებით, რომლებშიც მითითებულია სს «მ-ის” გენერალური დირექტორის გ. მ-თვის ამ ოდენობით თანხების ხელფასის სახით ჩარიცხვის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ სარჩელის ხანდაზმულობის დასაწყისად უნდა მიჩნეულიყო 2006 წლის 11 დეკემბერს სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ამ სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭომ უარი განაცხადა მ. ჩ-ძის შრომით მოწყობაზე, თუმცა ეს ფაქტი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან მ. ჩ-ძისათვის ამ სხდომის ჩატარებამდე ცნობილი იყო სს «მ-ის” მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტი.

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებს არა მარტო იმ ფაქტს, თუ დაინტერესებულმა პირმა როდის შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხანდაზმულობის ვადის ათვლისას გასათვალისწინებელია, შეეძლო თუ არა დაინტერესებულ პირს დროულად შეეტყო მისი უფლების დარღვევის ფაქტის შესახებ. თუკი პირმა მისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ დროულად ვერ გაიგო, ეს ხანდაზმულობის ვადის ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს და მისი ათვლა იწყება იმ დროიდან, როცა პირს შეეძლო ინფორმირებული ყოფილიყო მისი უფლების ხელყოფის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად მიიჩნია 2004 წლის 1 ნოემბერი, რადგან მოსარჩელე მოითხოვდა ამ დროის შემდეგ სს «მ-ის” გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად მ. ჩ-ძისათვის 2004 წლის 1 ნოემბრიდან იყო ცნობილი სს «მ-ის” მიერ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტი, რადგან მოპასუხემ სასამართლო აღმასრულებლის მიერ მითითებულ ვადაში, მისი რამოდენიმე მოთხოვნის მიუხედავად, არ ჩაატარა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედება.

სასამართლომ განმარტა, რომ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სს «მ-ის” მიერ შესასრულებელი ვალდებულება უნდა შესრულდეს ისეთი სახის მოქმედების განხორციელების გზით, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე. ამ შემთხვევაში, არც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონითაა გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების რაიმე სპეციალური ღონისძიება, რომელთა მეშვეობით პირის სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს იძულებით, გარდა აღმასრულებლის წერილობითი გაფრთხილებისა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის განსაზღვრის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, აღმასრულებლის მიერ დადგენილ ვადაში სს «მ-ის” მიერ ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის ფაქტი მიიჩნეოდა მოვალის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობად და ამ დროიდან კრედიტორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც კრედიტორს, როგორც სააღსრულებო წარმოების სუბიექტს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია მის სასარგებლოდ დაწყებული იძულებითი აღსრულების მიმდინარეობის შესახებ. მ. ჩ-ძისათვის სს «მ-ის” მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის თაობაზე ცნობილი გახდა 2004 წლის 1 ნოემბრიდან, რადგან მოსარჩელე ამ დროიდან მოითხოვს მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით სს «მ-ის” გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების დაკისრებას, მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო აღმასრულებლის წინადადებით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობლობით შეუსრულებლობა.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში ცნობილია სხვადასხვა ტიპის ვადები, რაც მოიცავს საპრეტენზიო ვადებს და უფლების დაცვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს. ხანდაზმულობის ვადა ნიშნავს, კანონით დადგენილ ვადას, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია იძულებით, სარჩელის აღძვრის გზით მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების დაცვა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე, რაც სამოქალაქო უფლების იძულებით რეალიზაციაზე უარის თქმის საფუძველია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მისი სარჩელის მოთხოვნის 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის შესახებ და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლზე, რომლის მიხედვით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულ ნორმაში იგულისხმება ვადა, რომლის განმავლობაშიც კრედიტორს შეუძლია მოვალისაგან მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება, მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამ შემთხვევაში, მ. ჩ-ძე მოპასუხისგან გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შესრულებას არ მოითხოვდა. დავის საგანს წარმოადგენდა სს «მ-ის” მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა დელიქტური ვალდებულებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მ. ჩ-ძის სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2004 წლის 1 ნოემბრიდან და ამოიწურა 2007 წლის 1 ნოემბერს, სარჩელი კი აღძრული იყო 2009 წლის 1 ივლისს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ჩ-ძის სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ამასთან, ხანდაზმულობს ვადის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგავარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამ ნორმის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს მოვალის ისეთი მოქმედება, რომელიც მიუთითებს მის მიერ ვალდებულების მომავალში შესრულების ნებას, ადასტურებს კრედიტორის სასარგებლოდ გარკვეული ქმედების განხორციელების ვალდებულებას. სასამართლომ მიაიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2006 წლის 11 დეკემბერს ჩატარებულ სხდომაზე მ. ჩ-ძის სამუშაოზე აღდგენისა და შრომითი მოწყობის საკითხის განხილვა. ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭომ უარი განაცხადა მ. ჩ-ძის სამუშაოზე აღდგენაზე. შესაბამისად, მას არ შეუსრულებია რაიმე მოქმედება, რომლითაც დაადასტურა მისი ვალდებულება მ. ჩ-ძის შრომითი უფლების რეალიზაციის საკითხში. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტის გამო მ. ჩ-ძის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა.

სასამართლოს მოსაზრებით, მ. ჩ-ძის სარჩელის ხანდაზმულობის ვადა ასევე არ შეჩერებულა კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება, თუ ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისფლების მიერ (მორატორიუმი); სარჩელის წარდენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომლიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში; კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა 2004 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. აღსრულება განახდლა 2006 წლის 24 ნოემბერს.

სამოქალაქო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში, ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. სასამართლო განჩინების საფუძველზე შეჩერებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები განახლდა 2006 წლის 24 ნოემბერს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების შეჩერება ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას საფუძვლად ვერ დაედებოდა, რადგან აღსრულება შეჩერებული არ ყოფილა ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოვალეს შეუძლია უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე, რაც თავის მხრივ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა მიუღებელი შემოსავლის დაკისრება გადაწყვეტილების მიღებიდან შესასრულებელი გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამ ნორმების შესაბამისად ზიანის ანაზღაურების ზოგადი პრინციპია დაზარალებულისათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ზიანი ანაზღაურდება ფულადი სახით.

სასამართლოს მითითებით, ამ შემთხვევაში მ. ჩ-ძე მოითხოვდა ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას იმ შრომის ანაზღაურების სახით, რასაც მიიღებდა სს «მ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ძის სარჩელის მოთხოვნები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რადგან ერთ შემთხვევაში მხარე მოითხოვდა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო სამართალში ზიანი ანაზღაურდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ან ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ფულადი სახით. ამ შემთხვევაში მოვალის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე უარის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმით იყო გამოწვეული მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების იძულებითი აღსრულების საშუალებები ამოწურული იყო (ტომი I, ს.ფ. 211-220).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 224-234).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. ჩ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «მ-ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21354 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობის დასაწყისად 2004 წლის 1 ნოემბრის მიჩნევის თაობაზე. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მითითებული თარიღიდან გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის სს «მ-ას” მიერ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტი, როდესაც მოპასუხემ, სასამართლო აღმასრულებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მისი რამდენიმე მოთხოვნის მიუხედავად, არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად უნდა მიჩნეულიყო დრო, როდესაც ამოიწურა ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიძლებოდა მისი აღსრულება მოპასუხის მიერ ნებაყოფლობით, ან აღსრულების იძულებითი საშუალებების გამოყენებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 1997 წლის 11 დეკემბერს (ტომი I, ს.ფ. 111-112). სააღსრულებო ფურცელში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი მითითებული არ არის. თუმცა, მისი გაცემის დღიდან ვადის ათვლის შემთხვევაშიც, გადაწყვეტილების აღსრულების 10 წლიანი ვადა ამოიწურა 2007 წლის 11 დეკემბერს.

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლების დარღვევის, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 12 დეკემბრიდან, მას შემდგომ რაც გავიდა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადა.

საქმეზე დგინდებოდა, რომ მ. ჩ-ძემ გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2009 წლის 1 ივლისს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მ. ჩ-ძის სს «მ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის, თუმცა მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხის განხილვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დაევალა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს. სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას სწორედ მხოლოდ საზოგადოების დირექტორის დანიშნვა და გამოწვევა, და არა საზოგადოებაში დასაქმებულ ყველა პირთან შრომითი ურთიერთობის საკითხების გადაწყვეტა («მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.7 მუხლი) წარმოადგენს. ამასთან, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ 1998 წლის 10 აპრილსა და 2003 წლის 12 დეკემბერს მიღებული განჩინებებით გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ სს «მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა განეხილა მ. ჩ-ძის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი. კერძოდ, 1998 წლის 10 აპრილის განჩინებით სს «მ-ას” დაევალა აქციათა ყველა მესაკუთრის მონაწილეობით მ. ჩ-ძის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხის განხილვა.

ამდენად, მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს «მ-ას” დაეკისრა მ. ჩ-ძის საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა.

სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა დელიქტური ვალდებულებიდან, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს, მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სს «მ-ის” მიერ გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების _ მ. ჩ-ძის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას, რომელიც მან ვერ მიიღო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის პერიოდი. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ზიანის სახით შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ მისაღები ხელფასის ტოლფასი თანხა მოეთხოვა გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ამოწურვამდე _ 2007 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდისათვის, რადგან სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მოვალეს შეუძლია უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულობის ვადა სამი წლით განისაზღვრება. შესაბამისად, მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება შეეძლო მოეთხოვა სარჩელის აღძვრამდე (2009 წლის 1 ივლისამდე) გასული სამი წლის განმავლობაში _ 2006 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 10 დეკემბრამდე (მოთხოვნის უფლების ამოწურვამდე) პერიოდში (17 თვე და 10 დღე).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგინდა, რომ სს «მ-ის” გენერალური დირექტორის ხელფასი 2006 წლის თებერვლიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით შეადგენდა 1232 ლარს, შესაბამისად 17 თვისა და 10 დღის განმავლობაში მისაღები თანხის ოდენობა შეადგენდა მთლიანობაში 21354 (1232X17+410) ლარს. ამდენად, სს «მ-ა” ვალდებული იყო მ. ჩ-ძისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი 21354 ლარის ოდენობით (ტომი II, ს.ფ. 54-70).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «მ-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი და არასწორად განმარტა იგი. კანონის აღნიშნულ ნორმაში საუბარია ვადაზე, რომლის განმავლობაშიც კრედიტორს შეუძლია მოვალისაგან მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება. სასამართლომ კი მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვადის გასვლა დაუკავშირა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლას. სასამართლოს მსჯელობით გამოდის, რომ მას შემდგომ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა თანამდებობაზე მის აღდგენასთან დაკავშირებით სს «მ-ის”¬ სამეთვალყურეო საბჭოს უარის შესახებ, მხარე ვერ მიმართავდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მ. ჩ-ძის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში ამჟამადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა აღსრულების პროცესის შეწყვეტის, შეჩერების ან სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის აღუსრულებლად დაბრუნების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასეთ პირობებში, კასატორისათვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა. ჯერ კიდევ არსებობს იმის ალბათობა, რომ მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი, როდესაც მიუთითა მოვალის უფლებაზე, უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მოწინააღმდეგე მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ უფლების დარღვევის შესახებ მ. ჩ-ძისათვის ცნობილია 2004 წლის 1 ნოემბრიდან. კასატორის მითითებით, ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულია (ტომი I, ს.ფ. 76-83).

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

1. წინამდებარე მორიგების თანახმად მ. ჩ-ძე უარს აცხადებს მის ნებისმიერ და ყველა მოთხოვნაზე, რაც 2011 წლის 9 მარტის მდგომარეობით გააჩნია ან/და 2011 წლის 9 მარტამდე დროის ნებისმიერ მონაკვეთში ან პერიოდში გააჩნდა სააქციო საზოგადოება «მ-ას», მისი წინამორბედი, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოს _ «ქ-ის მინის ტარის ქარხნის”, სს «მ-ას” სამეთვალყურეო საბჭოს, მისი ნებისმიერი წევრის, დამფუძნებლის (დამფუძნებლების), წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიმართ;

2. მ. ჩ-ძე უარს აცხადებს მის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე სს «მ-აში” მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის ¹2/124 გადაწყვეტილების შესაბამისად და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაგრძელებაზე, ისევე როგორც ნებისმიერი კომპენსაციის მოთხოვნაზე, რომელიც აღემატება ან/და არ არის გათვალისწინებული წინამდებარე მორიგების აქტით;

3. სს «მ-ა” 2011 წლის 20 მარტამდე წინამდებარე პუნქტში აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხავს მ. ჩ-ძეს 30000 (ოცდაათი ათასი) ლარს, საიდანაც დაიქვითება შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი, საბანკო კოდი: თBჩBGE 22, მიმღების დასახელება _ მ. ჩ-ძე (სპორტ. და ახალგ. საქ. დეპ.), ანგარიშსწორების ანგარიში _ GE... ... ...;

4. მ. ჩ-ძე კისრულობს ვალდებულებას, 2011 წლის 20 მარტამდე ოფიციალურად, წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და გამოითხოვოს სს «მ-ას”, მისი სამეთვალყურეო საბჭოს ან მისი ნებისმიერი წევრის ან სს «მ-ას” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართ მის სასარგებლოდ გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, მათ შორის, 1997 წლის 10 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი £¹2/124;

5. მ. ჩ-ძე საბოლოოდ გამოიხმობს ან ნებისმიერი, კანონით გათვალისწინებული წესით, უარს იტყვის ნებისმიერ დავაზე, აღსრულებაზე, მოკვლევაზე, გამოძიებაზე, დევნაზე ან/და სხვა ნებისმიერ პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს სს «მ-ას”, მისი სამეთვალყურეო საბჭოს, მისი ნებისმიერი წევრის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიმართ, რათა საბოლოოდ დასრულდეს, ყოველგვარი სამართლებრივი შედეგის გარეშე, მ. ჩ-ძის ნებისმიერი მოთხოვნის, განცხადების შედეგად ან მ. ჩ-ძის სასარგებლოდ მიმდინარე ნებისმიერი პროცედურა და პროცესი ამავე პირების მიმართ;

6. წინამდებარე მორიგების აქტის ძალით მ. ჩ-ძე სს «მ-ას” ანიჭებს სრულ უფლებამოსილებას მიმართოს ნებისმიერ სააღსრულებო, საგამოძიებო, სასამართლო და სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სრული იურიდიული ძალა მიანიჭოს წინამდებარე მორიგების პირობებს და მიიღოს მხარეთათვის სასურველი იურიდიული შედეგი;

7. მ. ჩ-ძის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში მ. ჩ-ძეს დაეკისრება პირგასამტეხლო სს «მ-ას” მიერ წინამდებარე მორიგების ფარგლებში გადახდილი თანხის სრული ოდენობით, ხოლო წინამდებარე მორიგება სრულად დარჩება ძალაში და მისი ნებისმიერი დებულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

8. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ. თუ მორიგების აქტის დასამტკიცებლად და შესაბამისი განჩინების გამოსატანად აუცილებელი იქნება მეორე მხარის თანხმობა, აღნიშნული მხარე თავის თანხმობას დაუყოვნებლივ გასცემს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას 30000 ლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე;

9. სს «მ-ას” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სს «მ-ას” დაეკისრება პირგასამტეხლო 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდის ვალდებულების დადგომიდან ვალდებულების შესრულებამდე;

10. მხარეების სურვილია, წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოიცეს განჩინება, რომელიც ითვალისწინებს აქ მოცემულ პირობებს და საქმის წარმოება შეწყდეს მხარეთა მორიგების გამო;

11. წინამდებარე მორიგების აქტი შედგა 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დედან დოკუმენტად. თითო დედანი გადაეცემა მორიგების მხარეებს, ერთი დედანი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ხოლო ერთი დედანი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს;

12. წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს _ სს «მ-ას» სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1068 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. წინამდებარე მორიგების თანახმად მ. ჩ-ძე უარს აცხადებს მის ნებისმიერ და ყველა მოთხოვნაზე, რაც 2011 წლის 9 მარტის მდგომარეობით გააჩნია ან/და 2011 წლის 9 მარტამდე დროის ნებისმიერ მონაკვეთში ან პერიოდში გააჩნდა სააქციო საზოგადოება «მ-ას», მისი წინამორბედი, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოს _ «ქ-ის მ-ის ტარის ქარხნის”, სს «მ-ას” სამეთვალყურეო საბჭოს, მისი ნებისმიერი წევრის, დამფუძნებლის (დამფუძნებლების), წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიმართ;

2. მ. ჩ-ძე უარს აცხადებს მის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე სს «მ-აში” მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 ივნისის ¹2/124 გადაწყვეტილების შესაბამისად და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაგრძელებაზე, ისევე როგორც ნებისმიერი კომპენსაციის მოთხოვნაზე, რომელიც აღემატება ან/და არ არის გათვალისწინებული წინამდებარე მორიგების აქტით;

3. სს «მ-ა” 2011 წლის 20 მარტამდე წინამდებარე პუნქტში აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხავს მ. ჩ-ძეს 30000 (ოცდაათი ათასი) ლარს, საიდანაც დაიქვითება შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი, საბანკო კოდი: თBჩBGE 22, მიმღების დასახელება _ მ. ჩ-ძე (სპორტ. და ახალგ. საქ. დეპ.), ანგარიშსწორების ანგარიში _ GE... ... ...;

4. მ. ჩ-ძე კისრულობს ვალდებულებას, 2011 წლის 20 მარტამდე ოფიციალურად, წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და გამოითხოვოს სს «მ-ას”, მისი სამეთვალყურეო საბჭოს ან მისი ნებისმიერი წევრის ან სს «მ-ას” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართ მის სასარგებლოდ გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, მათ შორის, 1997 წლის 10 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი £¹2/124;

5. მ. ჩ-ძე საბოლოოდ გამოიხმობს ან ნებისმიერი, კანონით გათვალისწინებული წესით, უარს იტყვის ნებისმიერ დავაზე, აღსრულებაზე, მოკვლევაზე, გამოძიებაზე, დევნაზე ან/და სხვა ნებისმიერ პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს სს «მ-ას”, მისი სამეთვალყურეო საბჭოს, მისი ნებისმიერი წევრის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიმართ, რათა საბოლოოდ დასრულდეს, ყოველგვარი სამართლებრივი შედეგის გარეშე, მ. ჩ-ძის ნებისმიერი მოთხოვნის, განცხადების შედეგად ან მ. ჩ-ძის სასარგებლოდ მიმდინარე ნებისმიერი პროცედურა და პროცესი ამავე პირების მიმართ;

6. წინამდებარე მორიგების აქტის ძალით მ. ჩ-ძე სს «მ-ას” ანიჭებს სრულ უფლებამოსილებას მიმართოს ნებისმიერ სააღსრულებო, საგამოძიებო, სასამართლო და სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სრული იურიდიული ძალა მიანიჭოს წინამდებარე მორიგების პირობებს და მიიღოს მხარეთათვის სასურველი იურიდიული შედეგი;

7. მ. ჩ-ძის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში მ. ჩ-ძეს დაეკისრება პირგასამტეხლო სს «მ-ას” მიერ წინამდებარე მორიგების ფარგლებში გადახდილი თანხის სრული ოდენობით, ხოლო წინამდებარე მორიგება სრულად დარჩება ძალაში და მისი ნებისმიერი დებულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

8. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ. თუ მორიგების აქტის დასამტკიცებლად და შესაბამისი განჩინების გამოსატანად აუცილებელი იქნება მეორე მხარის თანხმობა, აღნიშნული მხარე თავის თანხმობას დაუყოვნებლივ გასცემს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას 30000 ლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე;

9. სს «მ-ას” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სს «მ-ას” დაეკისრება პირგასამტეხლო 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდის ვალდებულების დადგომიდან ვალდებულების შესრულებამდე;

10. მხარეების სურვილია, წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოიცეს განჩინება, რომელიც ითვალისწინებს აქ მოცემულ პირობებს და საქმის წარმოება შეწყდეს მხარეთა მორიგების გამო;

11. წინამდებარე მორიგების აქტი შედგა 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დედან დოკუმენტად. თითო დედანი გადაეცემა მორიგების მხარეებს, ერთი დედანი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ხოლო ერთი დედანი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს;

12. წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან.

II. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.

III. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

IV. სს «მ-ას» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1068 ლარი.

V. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.