Facebook Twitter

ას-124-121-2011 21 მარტი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ტ. დ-ელი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ელი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. დ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. დ-ელის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელეს გარდაეცვალა მეუღლე ა. დ-ელი, რომლის სახელზეც ირიცხებოდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹44/52-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელემ და მისმა შვილმა ო-მ დ-ელმა უარი განაცხადეს სამკვიდრო მიღებაზე ი. დ-ელის სასარგებლოდ, რის საფუძველზეც 2007 წლის 19 ივნისს სამკვიდრო მოწობა გაიცა ი. დ-ელის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, ზეპირი შეთანხმების საფუძვლზე, მის შვილს ი. დ-ელს, დედასთვის ტ. დ-ელისათვის უნდა შეეძინა ერთოთახიანი ბინა ქალაქის ტერიტორიაზე, რაც მან არ შეასრულა. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისგან ბინის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: მხარეებს შორის არანაირი პირობა არ ყოფილა. მოსარჩელემ უარი განაცხადა მის სასარგებლოდ თავის წილ სამკვიდროზე და 2007 წლის 19 ივნისს სამკვიდრო მოწმობა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაიცა მის (მოპასუხის) სახელზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ. დ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹44-ში, ... ქ. ¹51-ში მდებარე ი. დ-ელის საკუთრებაში არსებულ ბინას (საკადასტრო კოდი ¹...) მოეხსნა ყადაღა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. დ-ელმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ტ. დ-ელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ტ. დ-ელი და ი. დ-ელი დედა-შვილი არიან. ტ. დ-ელის მეუღლე ა. დ-ელი გარდაიცვალა 2006 წლის 19 ნოემბერს. ი. დ-ელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ი. დ-ელმა აწ გარდაცვლილი მამის ა. დ-ელის პირველი რიგის მემკვიდრემ მემკვიდრეობით მიიღო ქუთაისში, ... და ... ქ. ¹44/52-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. 2007 წლის 7 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ ტ. დ-ელმა მითითებულ მისამართზე მდებარე ბინაზე აწ გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეობიდან თავის წილ სამკვიდროზე უარი განაცხადა მისი შვილის- ი. დ-ელის სასარგებლოდ. ასევე დადგენილად ცნო ის ფაქტიც, რომ ო. დ-ელმა (ი. დ-ელის ძმამ) 2007 წლის 15 თებერვალს მისი დის-ი. დ-ელის სასარგებლოდ სამკვიდროზე უარი განაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1306-ე მუხლებით, 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1424-ე, 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1434-ე, 1439-ე მუხლებით, 1446-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად ცნო, რომ ი. დ-ელმა მამის გარდაცვალებიდან (მამკვიდრებლის) კანონით დადგენილ 6 - თვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ნოტარიუსთან ტ. დ-ელმა და ო. დ-ელმა უარი განაცხადეს სამკვიდროში მათი წილის მიღებაზე ი. დ-ელის სასარგებლოდ. ი. დ-ელი უღირს მემკვიდრედ არ არის ცნობილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ტ. დ-ელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არსებობდა ზეპირი შეთანხმება მხარეებს შორის ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა თუ შესაგებელს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. დ-ელმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მისი მოთხოვნა დაუბრუნდეს შვილისთვის მიცემული ბინა, მართალია, მოსარჩელემ შვილს მისცა ბინა, მაგრამ მაშინ მხარეებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მოპასუხე ცხოვრობს მეუღლის ბინაში და საერთოდ არ ეხმარება მას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით ტ. დ-ელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. დ-ელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1306-ე მუხლებს, 1336-ე მუხლის პირველი ნაწილს, 1424-ე, 1421-ე მუხლის მეორე ნაწილს, 1434-ე, 1439-ე მუხლებს, 1446-ე მუხლის პირველი ნაწილს, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ტ. დ-ელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. დ-ელის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.