Facebook Twitter

¹ას-1243-1093-2010 17 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “გ.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ტ.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ტ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “გ.-ს” მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 64859,15 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 17 ივნისს მხარეებს შორის დაიდო საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის 2.1 პუნქტით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ბენზინის საწვავის ღირებულება აისახებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ხელშეკრულების 2.2 პუნქტით კი, მყიდველი იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა ყოველი მიწოდებული საწვავის პარტიის ღირებულება 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების მითითებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში დადგინდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2008 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტით მოპასუხემ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღიარა დავალიანება მოსარჩელისადმი ძირითადი თანხის _ 287211,30 ლარის ოდენობით, ასევე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დაკისრებული პირგასამტეხლო 22123.91 ლარის ოდენობით.

მხარეთა შორის 2008 წლის 17 ივნისს დადებული საწვავის მიწოდების ხელშეკრულება არ გაუქმებულა და იგი ამჟამადაც მოქმედებს.

2008 წლის 31 დეკემბერს მოპასუხემ ურთიერთშედარების აქტით აღიარებული ვალდებულება ძირითადი თანხის ნაწილში ნაწილობრივ დაფარა და გადასახდელი დარჩა 208,30 ლარი. მოპასუხისათვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ ერთობლიობაში შეადგინა 64859.15 ლარი, რასაც მოპასუხე არ იხდის.

მოპასუხემ 2008 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტის ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 22123,91 ლარის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ტ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “გ.-ს” შპს “ტ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 64859,15 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 42735,24 ლარის დაკისრების ნაწილში შპს “გ.-მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს “გ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “გ.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და 42735,24 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე შემოიფარგლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გაზიარებაზე მითითებით. აღნიშნულით დაირღვა შპს “გ.-ს” უფლება, სასამართლო წესით დაიცვას საკუთარი ინტერესი. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადასინჯვას და პრინციპული მნიშვნელობის საკითხების შეფასება, როგორიცაა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და შედარების აქტის მოქმედება და მათ საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს “გ.-ს” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ზემოხსენებული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. კანონის ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლოს, როგორც პირის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალების მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. “მოკლე დასაბუთება” არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დაკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.

“ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით არ შეუფასებია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა სასამართლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა და მათ იურიდიულ შეფასებათა თაობაზე და გადაწყვიტოს დავა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “გ.-ს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.