Facebook Twitter

¹ას-1243-1502-09 9 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ნ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ნ-ძემ მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა” და სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან” 2006 წლის 21 ივლისიდან (გ. ნ-ძის სამუშაოზე აღდგენისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან) 2008 წლის 15 სექტემბრამდე (გ. ნ-ძის სამსახურში აღდგენამდე) პერიოდის ზიანის ანაზღაურება მიუღებელი ხელფასის სახით;

ბ. საქართველოს პრეზიდენტისათვის გ. ნ-ძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გ. სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის” გ. ნ-ძის სახელზე რეპრესირებულის მოწმობის გაცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო გ. ნ-ძე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს” დაევალა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით მოსარჩელის აღდგენა ბოლო სამუშაო ადგილის შესაბამის სამსახურში და 2006 წლის 21 ივლისამდე გაცდენილი დროის ხელფასის სახით 2 129.4 ლარის გადახდა.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” თანხის დაკისრების ნაწილში შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მისი სამსახურში აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ვერ იღებდა კუთვნილ ხელფასს, რაც შეადგენდა თვეში 450 ლარს. აღნიშნული ყოველთვიური თანხის ოდენობა დასტურდებოდა მოპასუხის მიერ გაცემული ცნობით. შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის გამო, გ. ნ-ძეს მოპასუხის მიერ გაცემული ცნობის გათვალისწინებით უნდა ანაზღაურებოდა ყოველთვიურად 450 ლარი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან _ 2006 წლის 21 ივლისიდან სამსახურში აღდგენის თარიღამდე.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისა, სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო” უარს აცხადებდა მოსარჩელის სახელზე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოწმობის გაცემაზე. უარის საფუძვლად სააგენტო უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესის შესახებ (ტომი III, ს.ფ. 3-6).

საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ (წარმომადგენელი დ. დ-ძე) უარი განაცხადა სარჩელზე საქართველოს პრეზიდენტისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის” ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელის დასახელებულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა (ტომი III, ს.ფ. 77-80, 82, 83).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან” ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 2006 წლის 26 სექტემბრიდან, ანუ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღიდან 2008 წლის 15 სექტემბრამდე, ანუ სამსახურში აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი ხელფასის სახით. მითითებული თანხა გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობის შესაბამისად, იმ პერიოდში არსებული ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მიხედვით. მოსარჩელემ განმარტა, რომ სსიპ “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” აღასრულა სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და გ. ნ-ძე 2008 წლის 15 სექტემბრიდან აღადგინა სამუშაოზე. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2006 წლის 26 სექტემბერს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ პერიოდიდან სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შესული იყო კანონიერ ძალაში და მოპასუხე ვალდებული იყო, გ. ნ-ძე სამსახურში აღედგინა, რაც მას არ განუხორციელებია. მოსარჩელის სამსახურში აღდგენა მოხდა მხოლოდ 2008 წლის 15 სექტემბერს, ორი წლის გასვლის შემდეგ. სწორედ აღნიშნული პერიოდის ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მიუღებელი ხელფასის სახით. სამსახურიდან გათავისუფლებამდე გ. ნ-ძის მიერ დაკავებული თანამდებობა შეესაბამებოდა ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობას, რასაც თავად მოპასუხეც ადასტურებდა. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო 2007 წლის 1 მაისამდე იყო 320 ლარი, ხოლო შემდეგ გახდა 450 ლარი. გ. ნ-ძის მითითებით, მას ზიანი მიადგა იმით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისა და სამუშაოზე დროული აღდგენის შემთხვევაში იგი მიიღებდა ბევრად უფრო მეტ ხელფასს, ვიდრე 2008 წლის 15 სექტემბერს აღდგენის შემდეგ მიიღო, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მისი სამსახურში მიღება მოხდებოდა არა 10 თვით, არამედ _ 2008 წლის ივლისამდე ანუ მეორე კონკურსამდე (ტომი III, ს.ფ. 146-149).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: სსიპ “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს” დაევალა გამოეანგარიშებინა და მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა 2006 წლის 26 სექტემბრიდან (სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მომენტიდან) 2008 წლის 15 სექტემბრამდე (თანამდებობაზე ფაქტობრივ აღდგენამდე) პერიოდის ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით, ამ პერიოდში არსებული ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ძე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო, მოპასუხე სსიპ “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს” დაევალა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გ. ნ-ძის ბოლო სამუშაო ადგილის შესაბამის სამსახურში აღდგენის შესახებ, მოპასუხესვე გ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა გაცდენილი დროის ხელფასის სახით 2 129.40 ლარის გადახდა;

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2006 წლის 26 სექტემბერს;

სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” რექტორის 2008 წლის 18 ივლისის ¹283/03 ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. ნ-ძე აღდგენილ იქნა ბოლო სამუშაო ადგილის შესაბამის სამსახურში, კერძოდ, იგი მიღებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2008 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 15 ივლისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად, გ. ნ-ძეს ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა განესაზღვრა თვეში 450 ლარის ოდენობით, წლიური 600 სალექციო საათიდან გამომდინარე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროიდან _ 2006 წლის 26 სექტემბრიდან უკვე შესული იყო კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ამ მომენტიდან მოპასუხეც ვალდებული იყო, გ. ნ-ძე აღედგინა თანამდებობაზე. ნაცვლად ამისა, მოპასუხემ მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა მოახდინა თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგ, 2008 წლის 15 სექტემბერს. სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში გ. ნ-ძეს მიადგა ზიანი. ზიანი გამოიხატებოდა მიუღებელ ხელფასში, რომელსაც იგი მიიღებდა ამ პერიოდში, მისი თანამდებობაზე აღდგენა დროულად რომ მომხდარიყო.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს უნდა დაეანგარიშებინა და გ. ნ-ძისათვის აენაზღაურებინა 2006 წლის 26 სექტემბრიდან (სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მომენტიდან) 2008 წლის 15 სექტემბრამდე (თანამდებობაზე ფაქტობრივ აღდგენამდე) პერიოდის ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით, ამ პერიოდში არსებული ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმის შესახებ, რომ, ვინაიდან გ. ნ-ძის ბოლო თანამდებობის შესაბამისს წარმოადგენდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა, რომლის დაკავება “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 32-36-ე მუხლების თანახმად უნდა მომხდარიყო მხოლოდ ღია კონკურსის წესით, ამიტომ ტექნიკური უნივერსიტეტი არ იყო უფლებამოსილი, კანონი დაერღვია და, თუნდაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე აღედგინა იმ თანამდებობაზე, რომლის დაკავებაც მხოლოდ ღია კონკურსის წესით უნდა მომხდარიყო.

ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 34-ე მუხლი (აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალეობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს) არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ამა თუ იმ პირის აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების, მათ შორის, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს უპირობოდ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული თანამდებობის დაკავება გათვალისწინებულია თუ არა კონკურსის წესით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანოს, დაწესებულებას თუ კერძო პირს, ეს გადაწყვეტილება შეასრულოს დაუყოვნებლივ და უპირობოდ. აქვე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ გ. ნ-ძის სამსახურში მიღება უკვე განხორციელდა 2008 წლის 15 სექტემბერს კონკურსის გავლის გარეშე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (ტომი III, ს.ფ. 151-159).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი III, ს.ფ. 166-174).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი IV, ს.ფ. 26-28).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, გ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 26 სექტემბრიდან 2008 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდის მიუღებელი ხელფასის _ 9 215 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ. ნ-ძე აღდგენილ იქნა ბოლო სამუშაო ადგილის შესაბამის სამსახურში, რაც კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 26 სექტემბერს და რაც 2008 წლის 18 ივლისამდე არ აღსრულებულა.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” პოზიცია გ. ნ-ძის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, აკადემიური თანამდებობები დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ტექნიკურ უნივერსიტეტში 2006 წელს ჩატარდა ღია კონკურსი, ხოლო კონკურსში განამრჯვებულ პერსონალთან მოხდა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება სამი წლით. გ. ნ-ძეს კონკურსი არ გაუვლია.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ზემოაღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და განმარტა, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით (კონსტიტუციის 82-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლი, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი) გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობის განმსაზღვრელ ნორმებთან. მართლმსაჯულების უზენაესობა გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, რისი იგნორირებაც ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების უპირველეს ინტერესს _ სასამართლო განხილვის შედეგად უზრუნველყოს პირთა დარღვეული უფლებების აღდგენა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მიერ დასახელებული საფუძვლით გადაწყვეტილების შესრულებისაგან თავის არიდება ნიშნავდა მართლმსაჯულების აღუსრულებლობას, მაშინ როცა ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მარტო სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტის, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების უპირობო და დროული აღსრულების უზრუნველყოფით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, იძულებითი აღსრულების მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ აღედგინა მოსარჩელე ბოლო სამუშაო ადგილის შესაბამის სამსახურში, ყოველგვარი პირობის გარეშე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაოზე აღუდგენლობის გამო მოსარჩელისათვის გაცდენილი დროის ხელფასის სახით მიყენებული ზიანი წარმოადგენდა მოპასუხის უშუალო მოქმედების (უმოქმედობის) შედეგს. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, 2006 წლის 26 სექტემბრიდან (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) სამსახურში აღდგენამდე _ 2008 წლის 15 სექტემბრამდე გ. ნ-ძისათვის აენაზღაურებინა ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით, რაც ამ პერიოდში არსებული ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით შეადგენდა 9 215 ლარს. 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 მაისამდე ასოცირებული პროფესორის ხელფასი შეადგენდა 320 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის თანხა იქნებოდა 2 240 ლარი (320 X 7 თვეზე). 2007 წლის 1 მაისიდან ასოცირებული პროფესორის ხელფასი 2008 წლის 15 სექტემბრამდე (აღდგენამდე) შეადგენდა 450 ლარს, რის გამოც ამ პერიოდის ხელფასი იქნებოდა 6 975 ლარი (450 X 15.5 თვეზე). დასახელებული თანხების ჯამმა შეადგინა 9 215 ლარი, რაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა (ტომი V, ს.ფ. 25-36).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, აკადემიური თანამდებობების დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ტექნიკურ უნივერსიტეტში 2006 წელს ჩატარდა ღია კონკურსი, ხოლო კონკურსში გამარჯვებულთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სამი წლის ვადით

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ბუნდოვნად იყო მითითებული, თუ რომელ თანამდებობაზე, რა პერიოდიდან და რა წესით უნდა მომხდარიყო მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა. ამასთან, გადაწყვეტილების თანახმად, სამუშაოზე აღდგენა უნდა განხორციელებულიყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმის გამო, რომ გ. ნ-ძის ბოლო სამუშაო ადგილის შესაბამის (ასოცირებული პროფესორის) თანამდებობაზე აღდგენა კანონმდებლობით შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის წესით, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გარკვეული დროით გაჭიანურდა. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების აღსრულებაზე არასდროს უთქვამს უარი მოსარჩელისათვის. ამას ისიც ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიერ ტექნიკური უნივერსიტეტისათვის დაკისრებული 2 129.40 ლარი (იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი) მოპასუხემ დაუყოვნებლივ აანაზღაურა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართებოდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე სააღსრულებო ბიუროსა და თავად მოსარჩელის წარმომადგენელთან. იმავდროულად, მოპასუხემ ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის “დაევალოს მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გ. ნ-ძის ბოლო სამუშაო ადგილის შესაბამის სამსახურში აღდგენის შესახებ” განმარტება, რათა დაეზუსტებინა, თუ რა ფორმით მომხდარიყო მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა ისე, რომ არ მომხდარიყო კანონის დარღვევა. სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზემოთ დასახელებულ საკითხზე კონსულტაციების მიღების შემდეგ, 2008 წლის 18 ივლისის ¹283/03 ბრძანებით გ. ნ-ძე აღდგენილ იქნა სამუშაოზე, კერძოდ, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მოსარჩელესა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 10 თვის ვადით, 2008 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 15 ივლისამდე.

კასატორის აზრით, ტექნიკური უნივერსიტეტის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ მიღებული იქნებოდა 2008 წლის 15 სექტემბერს თუ ჯერ კიდევ 2006 წლის სექტემბერში, გ. ნ-ძე შრომის ანაზღაურებას მიიღებდა მხოლოდ 10 თვის, ანუ იმ დროის განმავლობაში, რა ვადითაც მას ექნებოდა შრომითი ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შრომის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.

კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოერკვია საქმის ვითარება, მოესმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით მიადგა მას ზიანი, არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანსა და მოპასუხის ბრალეულ ქმედებას შორის. ამ საკითხებზე სასამართლოს არ უმსჯელია (ტომი V, ს.ფ. 41-52).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (460.75 ლარი) 70% _ 323.525 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს” დაუბრუნდეს მ. მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (460.75 ლარი) 70% _ 323.525 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.